GE

მოსწავლეები კილაძეს: „ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია, ინფორმირებული ვიყოთ სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით“

„ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომელსაც პარლამენტი უახლოეს მომავლში დაამტკიცებს,  სკოლებში სქესობრივი აღზრდის საკითხები გათვალისწინებული არ არის, როგორც აღმოჩნდა, კანონპროექტის სამიზნე აუდიტორიას – მოზარდებს, ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და კანონპროექტის ავტორს, დეპუტატ სოფო კილაძეს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

„იმის მიუხედავად, რომ რეპროდუქციული განათლება და სექსუალური განათლების აუცილებლობა, დღეს არსებულ კოდექსში არ არის გათვალისწინებული, ჩვენ როგორც ბავშვებს და ახალგაზრდებს, საჭიროდ მიგვაჩნია, ვიყოთ ინფორმირებულები სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით, რადგან ინფორმაცია არის თავდაცვის მექანიზმი და თუკი სკოლებში მივიღებთ ამ განათლებას, ჩვენთვის უფრო მეტად შესაძლებელი იქნება რეპროდუქციულ საკითხებში გარკვევა და მშობლებისთვისაც ეს იქნება მეტი კომფორტის ზონა, თუკი გავითვალისწინებთ დღეს არსებულ მდგომარეობას“, – მიმართა შეხვედრის მონაწილე ბაია ბოლქვაძემ სოფო კილაძეს მასთან გამართული შეხვედრისას.

როგორც დეპუტატმა მოსწავლეთა პრეზენტაციის და რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ აღნიშნა, პირველ რიგში, ტერმინები სექსუალური განათლება და სქესობრივი აღზრდა უნდა გვესმოდეს სწორად. ამის გარდა, კილაძე ამბობს რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მიუღებლობაა სქესობრივი აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით.

„როცა კანონპროექტის ფარგლებში დავიწყეთ სქესობრივი განათლების აღზრდზე საუბარი, საზოგადოების მხრიდან ძალიან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წამოვიდა. ამიტომ, ამ ეტაპზე დავანებეთ თემას თავი, ვინაიდან ამას სერიოზული დამუშავება სჭირდება, ფართო საკითხია  და საზოგადოება, როგორც აღმოჩნდა,  ამისთვის ჯერ მზად არ არის. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ხატია ახალაის ვიდეობლოგები. მეც შვილების დედა ვარ და კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებოდი, ჩემ შვილს ამ ფორმით მიეღო ინფორმაცია ასეთ საკითხებზე, როგორც არ უნდა ჯდებოდეს ეს „ბავშვის უფლებათა კოდექსში“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მოსწავლეებმა ასევე ერთობლივი პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ის რეკომენდაციები, რომლებიც მათი აზრით, „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ზოგადი მოსაზრებების გარდა, მათი რეკომენდაციები მოიცავდა კონკრეტულ სფეროებს.

სამტრედიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ აღნიშნა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიეკუთვნება იმ ტიპის დოკუმენტს, რომელიც შეიძლება არაფორმალური განათლების საკითხად ჩაითვალოს სკოლებში, მაგრამ ამ ტიპის განათლებას რეგიონებში თბილისთან შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა.

„მართალია ჩვენ გვაქვს საგანი „სამოქალაქო განათლება“, მაგრამ მას შესაბამისი ყურადღება არ ეთმობა, ის ძირითადად ტარდება ბოლო, მე-7 გაკვეთილზე და მოსწავლეების უმეტესობა არ ესწრება. ჩვენ სკოლაში ჯერ მანდატურიც კი არ არის. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის ამოქმედების მექანიზმიც შეიძლება სკოლა იყოს. როცა ჩვენ გვაქვს „სამოქალაქო განათლების“ საგანი, შეიძლება მას მეტი ყურადღება და მნიშვნელობა მიენიჭოს, რომ ბავშვებს წარმოდგენა ჰქონდეთ თქვენს კანონპროექტში წარმოდგენილ საკითხებზე,“ – აღნიშნა ტატო ერაძემ.

პრეზენტაციისას სკოლის მოსწავლეებმა ერთ-ერთ მნიშველოვან პრობლემად სკოლებში ძალადობა და ბულინგი დაასახელეს. ამიტომ, მათი აზრით, “ ბავშვის უფლებათა კოდექსში“ ამ საკითხზეც უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული.

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მიერ მოყოლილი ისტორიით ირკვევა, რომ მათ სკოლაში ადგილი ჰქონდა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე შემთხვევას და არ არსებობდა რეაგირების შესაბამისი მექანიზმი.

„ჩვენ შევქმენით მენტორ მოსწავლეთა ჯგუფი, რომელთაც კომუნიკაციის უფრო მეტი საშუალება ჰქონდათ დირექციასთან და მეტი მექანიზმი, რომ ხმა მიეწვდინათ არსებული პრობლემის შესახებ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გულისმხობდა მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის ჩაგვრას. ჩვენმა მოდელმა საკმაოდ კარგად  იმუშავა და ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანეთ. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ კანონში მსგავსი მექანიზმების არსებობა იყოს გათვალისწინებული”, – თქვა სოფო კილაძესთან შეხვედრისას მოსწავლემ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა, წინ საბოლოო, მესამე მოსმენაა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა საზოგადოებაში დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის თანხმობით ჩატარდება და მშობელი გაყვება ბავშვს ღამის კლუბშიც – „ბავშვთა უფლებების კოდექსი“

კანონპროექტი არ შეეხო ასევე სქესობრივი განათლების საკითხებს, იმის მიუხედავად, რომ ბევრი არასამთვარობო ორგანიზაცია და სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლების დაბალი დონე მოზარდ თაობაში მომავალში ბევრ პრობლემას წარმოშობს, თუნდაც ნაადრევი ქორწინებების კუთხით.

ვინაიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ სამიზნე აუდიტორია მოზარდები და ბავშვები არიან, კანონპროექტის საჯაროდ განხილვის ფარგლებში, 2019 წლის აპრილ-მაისის თვეში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და საქართველოს გაეროს ასოციაციაციამ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრებს ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით.

საჯარო განხილვების ფარგლებში ჩატარდა 4 სამუშაო შეხვედრა თბილისში, ქუთაისსა და დიდ ჯიხაიშში, რომლებში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა და ახალგაზრდებმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, იმერეთის, გურიის, აჭარის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

„ბავშვის უფლებათა კოდექსს“ პარლამენტი მესამე მოსმენით ორ კვირაში უყრის კენჭს. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი ძალაში 2020 წლის 1-ლი ივნისიდან შევა.

ამავე თემაზე:

ცხელი ხაზი სკოლებში და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირი – რას ითვალისწინებს „ბავშვთა უფლებების კოდექსი“

მოსწავლეებს საფრთხისშემცველ საიტებზე წვდომა შეეზღუდებათ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური