GE

„მოსწავლეებს, ტრადიციულად, რუსული ენა უფრო უჭირთ“ – უცხო ენაში ზღვარი 15%-მა ვერ გადალახა

2017 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გრძელდება. დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოცდა უცხოურ ენაში ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით მონაწილეთა დაახლოებით 85% – მა გადალახა. პროცესი საერთო ჯამში მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა მოზარდების ნაწილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ უცხო ენის გამოცდა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მშობლიური ენისა და ლიტერატურის. გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ მოზარდებს უფრო რუსული ენის ჩაბარება გაუჭირდათ.

რუსული ენის გამცდის ჩაბარების თავისებურებებზე და ზოგადად, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის შესახებ  EDU.ARIS.GE-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძეც საუბრობს.

„დღეს იყო გამოცდა უცხოურ ენებში. უნდა ითქვას, რომ პროცესი უხარვეზოდ წარიმართა მნიშვნელოვან შეფერხებას ადგილი არ ჰქონია, ანუ ისეთ შეფერხებას, რომელიც შედეგებზე გავლენას მოახდენდა. სულ რაღაც 40 წუთით წავიდა ელექტროენერგია ერთ-ერთ სკოლაში, რაც გამოსწორდა და ამ მხრივ სხვა ხარვეზი არ ყოფილა.

„მოსწავლეების 85 %-მა წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა. შარშანდელ მონაცმებს რომ შევადაროთ, სურათი ფაქტიურად უცვლელია. მონაცემები ენების მიხედვით ჯერ არ გავქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეებს ტრადიციულად რუსული ენის გამოცდა უფრო უჭირთ ხოლმე,ზოგს პირიქით, უფრო უადვილდება. უცნაური ვითარებაა რუსულთან დაკავშირებით, ბევრისთვის რუსული მეორე ენაა, კარგად იციან და მათთვის გამოცდა, როგორც წესი, ძალინ იოლია. სამწუხაროდ, არის მოსწავლეების ისეთი ჯგუფიც, რომლებმაც ცუდად იციან უცხო ენები, მიაჩნიათ რუსული მაინც გვესმისო, გადიან რუსულის გამოცდაზე და იღებენ ცუდ შედეგს“,-აცხადებს ივა მინდაძე.

უცხო ენების გამოცდის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩვენ დედაქალქსა და რეგიონებში მოსწავლეები გამოვკითხეთ. როგორც აღმოჩნდა, გამოცდის ჩაბარება უფრო რთული მართლაც რუსული ჯგუფებისთვის იყო.

„მე ძალიან მალე გამოვედი, 8 წუთში დავამთავრე გამოცდა და 8.5 ქულა მივიღე.  მეტი მაღალი არც დაწერილა, 8.57დაიწერა ერთი. რთული არ ყოფილა, მე კარგად ვიმუშავე. რუსული იყო ცოტა რთულიო ამბობდნენ და ინგლისური არაო, თუმცა რუსულში ჩემმა მეგობარმა 10 ქულა აიღო“,- გვითხრა თერჯოლის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე  ანა დევიძემ.

„საერთოდ რა პრინციპით ადგენთ შეკითხვებს? მსგავსი სისულელე დღეს რომ რუსულში შემხვდა არ მინახავს არასდროს… ეს ერთნაირად შესაბამისი პასუხები რა არის? 4 სავარაუდოდან რომ ოთხივენ შეესაბამებოდა წაკითხულ ტექსტს?“, – ეს კი  ნათია ძნელაძის სიტყვებია, რომელიც ეროვნული გამოცდების ცენტრს მიმართავს.

უცხო ენების გამოცდაზე,მოსწავლეთა ნაკადი საკმაოდ  დიდი იყო  ქ. თბილისის 160-ე საჯარო სკოლაში. მე-12 კლასის მოსწავლე ანა კერელაშვილმა ინგლისური ენის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მისი თქმით, რამდენიმე მოსწავლე ჩაიჭრა, თუცა რეალური მიზეზი არა  ცოდნის დაბალი დონე, არამედ ნერვიულობა იყო.

„ინგლისური ჩავაბარე, საშუალო სირთულის იყო, ვერ ვიტყვი რომ გამიჭირდა. სამწუხაროდ, რამდენიმე ბავშვი  ჩაიჭრა, თუმცა ეს მარცხი გამოცდის სირთულეზე არ იყო იმდენად დამოკიდებული, რამდენადაც მათ ნერვიულობაზე. ბევრი განიცდიდა იმის გამო, რომ გამოცდაზე გვიან მოუხდა შესვლა. სხვა მხრივ პრობლემები არ ყოფილა, მართალია, ერთხელ ინტერნეტი ცოტა ხნით გაითიშა, მაგრამ ზოგადად პროგრამა კარგად მუშაობდა. რთული ნამდვილად არ იყო, 10-10  ქულა გამოიტანა ძალიან ბევრმა ბავშვმა ჩვენი სკოლიდან. ინგლისურში, როგორც ვიცი,  12 ათიანი გამოიტანეს.  რუსულშიც ნორმალური ქულები იყო, ჩვენი კლასიდან ორი ბავშვი აბარებდა და  ცხრაზე მაღალი ქულები მიიღეს. ჯერ-ჯერობით სანერვიულო ისევ გვაქვს, ხვალ ისტორიაა, შემდეგ მათემატიკა. ბევრი ბავშვი ისტორიას ეროვნულ გამოცდებზე არ აბარებს, ამიტომ ბევრს ეშინია ამ საგნის და ვნახოთ რა იქნება“,- ამბობს ანა კერელაშვილი  ჩვენთან საუბარში.

„ამ კონკრეტული გამოცდის შემთხვეაში კარგად მომზადებული ვიყავი, რადგან ინგლისურს ეროვნულებზეც ვაბარებთ, ამიტომ  სამაოდ კარგი შედეგი მივიღე – 9,66.  არ შემხვედრია ისეთი დავალება, რაც  არ ვიცოდი და არ მისწავლია. უფრო ხშირი იყო ლიტერატურა და გრამატიკული შეკითხვები, რთული არ იყო. რაც შეეხება დანარჩენ საგნებს, ქართული ენასაც და მათემატიკასაც იგივე პრინციპით ვამუშვებდი. მე მაგალითად მათემატიკას ვაბარებ ეროვნულებზეც  და საატესტატოზე დაახლოებით ისეთივე შედეგს ველი, რაც უცხო ენაში მივიღე.  რაც შეეხება ისტორიას, პირადად რეპეტიტორთან არ მოვმზადებულვარ და იმედი არ მაქვს, რომ ძალიან მაღალ ქულას ავიღებ, მაგრამ იმის იმედი მაქვს რომ ბარიერს ყველანი გადავლახავთ“, – გვითხრა ამავე სკოლის მოსწავლე თამთა ლიპარტელიანმა.

„რთული არ იყო, მაგრამ გამოცდა ზოგადად სანერვიულოა. ცოტა პროგრამაც ჭედავდა, მაგრამ საერთოდ ძნელი არ იყო საკითხების დაძლევა. ჩემი დავალებები უმეტესად გრამატიკიდან იყო, უფრო ცოტა ტექსტებიდან.  მე მალე გამოვედი, მაგრამ ჩემს მეგობას დასჭირდა ძალიან დიდი დრო  და ბევრი ვინერვიულეთ“,- მე-12  კლასის მოსწავლე გიორგი ვეკუა.

სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1500-მდე სკოლაში მიმდინარეობს. გამოცდებზე 47 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მათი მხოლოდ 3% ჩაიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, 15%-მა კი  უცხო ენების გამოცდის ბარიერი ვერ გადალახა.

საგნის ჯგუფის ხელმძღვანელების რჩევები მოსწავლეებს

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი მე-12 კლასელებისთვის

მე -11 კლასის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საგნების მიხედვით – 2016–17 სასწავლო წელი

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური