GE

“მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ შვილის წარმატებისთვის უნივერსიტეტის დიპლომია აუცილებელი, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება”

“მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს, იმისთვის, რომ შვილები იყვნენ წარმატებულები, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უნივერსიტეტის დიპლომი, ეს კი სინამდვილეს არ შეესაბამება”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რადიო “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს ფსიქოლოგიური წინააღმდეგობაა, რომელიც უნდა დაიძლიოს.

“ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ რეკლამების ციკლს, რომელიც ყველა მშობელს, თითოეულ ოჯახს აჩვენებს პროფესიული განათლების პლიუსებს. გარდა ამისა, ჩვენ დავაარსებთ პროფესიულ კოლეჯებს უნივერსიტეტებში. სტუდენტები რეალურად იქნებიან საუნივერსიტეტო სივრცის სტუდენტები. ჩვენ გვინდა დავამკვიდროთ უმაღლესი პროფესიული განათლების პრინციპი. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია- ხელოვნების კოლეჯი. ასევე, მალე დაარსდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე აგრარული კოლეჯი. გადახალისდება და გაუმჯობესდება პროგრამები, რომლებიც ორიენტირებული იქნება დასაქმებაზე“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

კიდევ ერთი სიახლე რაც პროფესიული განათლების მიმართულებით იგეგმება, მინისტრის ინფორმაციით, არის ინტერნაციონალიზაცია.

„აქამდე პროფესიულ კოლეჯებს არ ჰქონდათ უცხოეთში პროფესიულ კოლეჯებთან კავშირი. დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან უკვე გვაქვს შემოთავაზებები, ის კოლეჯები დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებენ ჩვენს კოლეჯებთან, ანუ აქ მოხდება სტუდენტების გაცვლა.  ჩვენს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა რომ ჩავიდნენ. ასევე, პროფესორ მასწავლებლებისთვისაც ეს იქნება შანსი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური