GE

„მხოლოდ ინტერნეტს ნუ მიენდობით!“ – როგორ გავიგო მეტი იმ ფაკულტეტისა და პროგრამის შესახებ, რომელსაც ვირჩევ?! – სტუდენტი აბიტურიენტებისთვის

“სწორად მაქვს დალაგებული უნივერსიტეტები?”, “დამალაგებინეთ რა ჩამონათვალი, ჩემი ქულები ასეთია…”, “ამ ქულებით გრანტის შანსი მაქვს თუ არა ამ უნივერსიტეტში და ამ პროგრამაზე?” – ამ და სხვა დაუსრულებელი კითხვების ავტორები, როგორც საჯარო ჯგუფებში, ისე პირად თუ დახურულ მიმოწერებში, ახლა 2023 წლის აბიტურიენტები არიან. ასეთი კითხვები არაერთია, მაგრამ საინტერესოა, უსვამენ თუ არა ისინი კითხვას საკუთარ თავს – სწორი არჩევანი გავაკეთე ამ ფაკულტეტზე რომ მსურს სწავლა? რატომ? ყველაფერი ვიცი მის შესახებ?

2023 წლის აბიტურიენტებს ახლა მართლაც მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება უწევთ და მიუხედავად იმისა, იაზრებენ თუ არა საკუთარი არჩევანის სისწორეს, ეს პროცესი მარტივი არ არის. რა პრაქტიკული გამოსავალი შეიძლება გვქონდეს ასეთ დროს და როგორი შეიძლება იყოს აბიტურიენტის სასარგებლო ქცევა?

როგორ გავიგო მცირე დროში მეტი იმ ფაკულტეტისა და მიმართულების შესახებ, რომელსაც ვირჩევ? – ამ კითხვით EDU.ARIS.G-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტს, მომავალ ფილოლოგს, ქეთევან სააკაშვილს მიმართა, რომელიც ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და იმედი აქვს, რომ საკუთარი პროფესიით დასაქმებაც არ უნდა გაუჭირდეს.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ, თქვენ თუ გიჭირდათ აბიტურიენტობისას გადაწყვეტილების მიღება, რომელი პროგრამა შეგერჩიათ, როგორც მთავარი პრიორიტეტი და რის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება?

– პირადად მე, სანამ აპელაციის შედეგების შემდეგ საბოლოო არჩევანს გავაკეთებდი, გადაჭრით ვიცოდი სად მინდოდა ჩაბარება – ეს იყო თსუ-ის ქართული ფილოლოგია. ვფიქრობ, აბიტურიენტების უმეტესობამ ამ ეტაპზე (და ეს უკვე საბოლოო ეტაპია) იცის, სად აბარებს და რატომ. მათ კი, ვინც რამდენიმე პროფესიას შორისაა მოქცეული და ვრ გადაუწყვეტია, რომელი შეარჩიოს, მგონია, რომ კარგად არ იცის რომელი პროფესია რას სთავაზობს, თუმცა ამის გასარკვევად დრო ჯერ კიდევ აქვს.

– თქვენ რა კითხვები გქონდათ პროფესიასთან დაკავშირებით, რომელზე პასუხებიც ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებდათ?

– ჩემი მთავარი კითხვები იყო: „რას ვისწავლი“, „ვინ მასწავლის“, „რამდენი ვიქნებით კურსზე“, „ჩემი სასწავლო პროგრამა როგორ გამოიყურება“, „საუნივერსიტეტო გამოცდები როგორ ბარდება“.. ძალიან პრაქტიკული კითხვები მქონდა და მახსოვს, რომ პირველ ეტაპზე მივმართე თსუ-ის თვითმმართველობას. რომ გავერკვიე, შემდეგ დეტალების დადგენაში სტუდენტები დამეხმარნენ, შემდგომ კი უნივერსიტეტის საიტზეც დავიწყე კითხვა, რათა ჩემთვის საჭირო მასალებს გავცნობოდი. მაგალიტად სილაბუსებს და ლექტორებსაც.

– დღეს უკვე სტუდენტი ხართ და გამოცდილებაც დააგროვეთ. რა იქნებოდა თქვენი პასუხი აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვან კითხვაზე – როგორ გავიგო მეტი იმ ფაკულტეტისა და მიმართულების შესახებ, რომელსაც ვირჩევ?

– კარგად გაერკვიეთ შერჩეულ პროფესიაში. მაგალითისთვის, ბევრი სტუდენტი ირჩევს საერთაშორისო ურთიერთობებს და ისიც კი არ იციან, რომ დიპლომატები იქნებიან. პროგრამების დასახელება ხშირად ისეთია, ვერ ხვდები ვინ შეიძლება გახდე. ფილოლოგიაზეც, როცა აირჩევ ქართულ ფილოლოგიას იცი დაახლოებით რას ისწავლი და ვინ შეიძლება გახდე, მაგრამ ბევრი დეტალი არ იცი და ვფიქრობ, ყველა დეტალებში უნდა გაეცნოს არჩეულ პროფესიას. მხოლოდ ინტერნეტს ნუ მიენდობით! ამ სფეროს სპეციალისტებსაც გაესაუბრეთ.

მიმართეთ უნივერსიტეტის თვითმმართველობას და შერჩეული ფაკულტეტის სტუდენტებს. პირადად მე, როგორც გითხარით, თვითმმართველობასთან მიმართვამ ბევრად გამიმარტივა არჩევანი და დროც ნაკლები დავხარჯე იმის დადგენაში, თუ რას ვისწავლიდი. ამასთან, მათი პასუხისმგებლობაც არის სტუდენტების თუ პოტენციური სტუდენტების ინფორმირება. ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმის. facebook -ის ჯგუფებშიც იაქტიურეთ.

სთხოვეთ უნივერსიტეტს, გაგაცნოს სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა. ყველაფერი მაინც აქეთ მიდის. იმისთვის, რომ ნახო რა პოტენციალი გექნება შერჩეულ სფეროში, ამ უნივერსიტეტის დასაქმების სტატისტიკას უნდა გაეცნო. შესაძლოა, ზუსტი რიცხვები არ მოგაწოდონ, მაგრამ წარმატებულ კურსდამთავრებულებზე მაინც მოგაწვდიან ინფორმაციას. ეს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ არჩევანს და დაგაფიქრებთ, სწორ არჩევას აკეთებთ თუ არა.

გაეცანი შერჩეული უნივერსიტეტის ვებ-გვერდს და სასწავლო პროგრამას. იმისთვის, რომ არასწორი მოლოდინები არ შეიქმნა, ჯობს, ჯერ სასწავლო პროგრამებსა და სილაბუსებს გაეცნო. ვფიქრობ, ამით უნდა დაეწყოთ აბიტურიენტებს.

– ქეთევან, რამდენად კმაყოფილი ხართ დღეს თქვენი არჩევანით და რას ურჩევთ აბიტურიენტებს?

– კმაყოფილი ვარ და იმედია, როცა უნივერსიტეტს დავასრულებ, არ გამიჭირდება ამ პროფესიით დასაქმება. მოგეხსენებათ, ამ პროფესიით მაქვს შესაძლებლობა, რომ კერძო მოსწავლეებიც ავიყვანო, და ალბათ, პირველ ეტაპზე ამით დავიწყებ. რაც შეეხება რჩევას, იყავით დამოუკიდებლები და თავად აირჩიეთ პროფესია. მაგრამ სანამ აირჩევთ, კარგად გაარკვიეთ რისი სწავლა მოგწევთ, 4 წელი საკმაოდ დიდი დროა.

ასევე იხილეთ:

„იცოდეთ, რას გთავაზობთ შერჩეული პროფესია“ – თუ პროფესიის შეცვლას ფიქრობ, ეს რჩევები გამოგადგება

ფორმალური თუ არაფორმალური განათლება? – „დღეს უნივერსიტეტებში არც დროს და აღარც ფინანსებს დავხარჯავდი“

როგორ დაალაგოს აბიტურიენტმა ფაკულტეტები, როცა ჯერ კიდევ არ აურჩევია მისთვის პრიორიტეტული პროფესია – ინტერვიუ სპეციალისტთან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური