პასუხები პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაზე დასმულ კითხვებზე და განახლებული დოკუმენტი
საჯარო სკოლებმა მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტების განახლებული დოკუმენტი მიიღეს. EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის სახლში განუმარტეს, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა აქამდე არსებულ დოკუმენტი ნამდვილად განახლებულია.
იხილეთ:
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტები
განათლების სპეციალისტი, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების ტრენერ/ქოუჩი, ავტორიზაციის ექსპერტი, მაკა გრძელიშვილი პასუხობს პრაქტიკული საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს:
1. რა პერიოდის მტკიცებულებები უნდა განვათავსოთ პორტფოლიოში? – პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
2. რაზე დაყრდნობით ხდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება? – მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისშეფასებისა და კომისიასთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.
3. განსაზღვრული არის მტკიცებულებების რაოდენობა, თუ რამდენსაც გვინდა ავტვირთავთ? – მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.
4. ელექტრონულ ბაზაში ატვირთულ პორტფოლიოს ცენტრი ავტომატურად ნახულობს, თუ წერილობით უნდა მივმართოთ? – მასწავლებელი უფლებამოსილია მიმართოს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე. სწორედ ეს ხდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების საფუძველი
5. ვარ უფროსი მასწავლებელი, შესაძლებელია ჩემი პრაქტიკული საქმიანობაც შეფასდეს?, წამყვან-მენტორის გამოცდაზე არ გავსულვარ – სტატუსის ცვლილების უფლება აქვს: ა) უფროს/წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა. ბ) უფროს მასწავლებელს, რომელმაც უნარების გამოცდაში გადალახა მენტორი მასწავლებლის ზღვარი, შესაფასებლად შეუძლია წარმოადგინოს წამყვანი, ან მენტორი მასწავლებლის პორტფოლიო. გ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომელთაც უფროსის სტატუსი მოპოვებული აქვთ მინიმუმ 50%-ზე დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციით ან ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დოქტორი. მათ შესაფასებლად შეუძლია წარმოადგინოს წამყვანი, ან მენტორი მასწავლებლის პორტფოლიო.
6. თუ მასწავლებელი ორ ან სამ სკოლაში ასწავლის, ყველა სკოლაში ცალ-ცალკე უნდა გააკეთოს პორტფოლიო? – მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ სკოლაში, პორტფოლიოს შეფასების მიზნით, აწარმოებს მასწავლებლის პორტფოლიოს, რომელშიც შესაძლებლობა აქვს, წარმოადგინოს იმ სკოლებში განხორციელებული აქტივობები, რომელშიც ასწავლის ან არსებული სტატუსის მოპოვების შემდეგ ასწავლიდა.
7. თუ მასწავლებელი ერთზე მეტ სკოლაში ასწავლის, ყველა დირექტორის მიერ უნდა იყოს შუამდგომლობა წარდგენაზე, თუ არა?- იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ სკოლაში , წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი.
მასწავლებელთა ტრენერის ცნობით, მათ, ვისაც კარიერული წინსვლით განსაზღვრული გამოცდა (წამყვანი, მენტორი) ჩაბარებეული აქვს და დარჩა პრაქტიკული ნაწილის შეფასება, უნდა იცოდნენ, რომ წინადადების წარდგინების ვადები ცნობილი გახდება უახლოეს მომავალში. პროცედურა კი ასეთია:
“სქემაში განაწილებული უფროსი/წამყვანი მასწავლებელი პროფესიულ საქაღალდეში ტვირთავს მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულყოფილია, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ მასწავლებელს დოკუმენტაციის ატვირთვისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს, მანამდე, სანამ სკოლის დირექტორი არ გააკეთებს წარდგინებას. წარდგინების ვადების დასრულებამდე სტატუსის ცვლილების მსურველ იმ მასწავლებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პრაქტიკული შეფასების ეტაპის წინარე მოთხოვნებს, შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულ სისტემაში, მათთვის განკუთვნილ ველში ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტაცია შეუფერხებლად”.
ასევე იხილეთ:
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება