GE

პედაგოგები ანაზღაურებადი დეკრეტით ვერ სარგებლობენ – რა პასუხი აქვს სამინისტროს

კანონით დადგენილი 183–დღიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით მასწავლებლები ვერ სარგებლობენ. ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, მათ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ  ანაზღაურებად საშვებულებო პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება ერგებათ, 1 000 ლარის ოდენობით.

“ორსულად ვარ და იანვრის ბოლოს დეკრეტულ შვებულებაში გასვლას ვაპირებ. პირველ  შვილზეც ისე მოხდა, რომ სკოლამ არაფერი მომცა, მიზეზით ბიუჯეტში თანხა არ გვაქვსო. ვერ აფინანსებს განათლების სამინისტრო სკოლებს ისე, რომ მეც გადამიხადოს და ჩემ შემცვლელსაც. ვიღებ მარტო ერთჯერად სოციალურ დახმარებას – 1000 ლარს, რასაც სახელმწიფო მიხდის. კანონით მე უფლება მაქვს, გავიდე ანაზღაურებად შვებულებაში, მაგრამ მეორეს მხრივ დირექტორის კეთილ ნებაზე ვარ დამოკიდებული. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში არასოდეს არ არის საკმარისი თანხა, დირექტორიც უხერხულ სიტუაციაში ვარდება. განა რამდენი მასწავლებელი ყავს სახელმწიფოს, რა გაუჭირდა ისეთი, რომ ვერ არჩინონ ეს მასწავლებლები? 1000 ლარი რომ 6 თვეზე გაყო 150 ლარი გამოდის, მხოლოდ ჰიგიენური საფენების ფულია ბავშვისთვის. იქნებ სკოლას დამატებით გამოუყონ თანხები რომ სკოლის ბიუჯეტი არ დაზარალდეს ჩემი ბავშვის დაბადებით”, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში საჯარო სკოლის პედაგოგირ თამარ ც.

“სამი შვილის დედა ვარ. არც ერთ ბავშვზე არ მიმიღია დეკრეტული შვებულების ანაზღაურება. ყველა საჯარო სამსახურში არის ანაზღაურებადი დეკრეტი და სკოლებში რა ხდება?  ნუთუ, საკმარია, სახელმწიფოს 1000 ლარი 6 თვეზე? ახლაც იძულებული ვარ ახალშობილი შვილი დავტოვო და ნაადრევად გამოვიდე კუთვნილი დეკრეტული შვებულებიდან..”- გვწერენ მასწავლებლები.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონი გამართულია და ცვლილებების შეტანა არ იგეგმება.

“საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“  29-ე მუხლის თანახმად,   ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საჯარო სკოლის მასწავლებელს საჯარო მოხელის კვალიფიკაცია არ აქვს.  დამსაქმებლის ანუ დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა პედაგოგი კომპენსაციას დეკრეტში ყოფნისას. თუმცა, როგორც წესი, სკოლის ადმინისტრაცია თანხების არ არსებობის მიზეზით, საკითხს პედაგოგების სასარგებლოდ ვერ წყვეტს.

ამიერიდან, პედაგოგები ბიულეტენის თანხას სრულად მიიღებენ

უფასო წამლებს ყველაზე ღარიბი მასწავლებლები მიიღებენ

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური