GE

პირველკლასელთა კომპიუტერების შეძენისთვის 132–მილიონ ლარზე მეტია დახარჯული

2010 წლიდან ქვეყანაში პროგრამა „ჩემი პირველი კომპუტერი“ ხორციელდება, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელების პორტატული კომპიუტერებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე, ამ მიზნით 132 129 430 ლარია დახარჯული.

კერძოდ:

2010 წელს – 934 560 ლარი;

2011 წელს – 23 398 440 ლარი;

2012 წელს – 21 995 000 ლარი;

2013 წელს – 14 890 400 ლარი;

2014 წელს – 17 848 000 ლარი;

2015 წელს – 14 689 350 ლარი;

2016 წელს – 18 398 354 ლარი;

2017 წელს – 19 975 326 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას უკვე შვიდწლიანი ისტორია აქვს, მისი კრიტიკა საზოგადოების ნაწილში დღემდე გრძელდება. „კომპიუტერი ხელს უწყობს მოსწავლეების გაუცხოებას წიგნთან“, „კომპიუტერული სწავლება საზიანოა მოსწავლის ჯანმრთელობისთვის“, – ეს ის ძირითადი არგუმენტებია, რომლებითაც ადამიანების ერთი ჯგუფი პირველკლასელებისთვის პორტატული კომპიუტერების დარიგებას მომხრე არ არის.

EDU.ARIS.GE ამ თემაზე ფსიქოლოგ მარიამ გოჩაშვილს ესაუბრა, რომელიც თავადაც პირველკლასელი მოსწავლის მშობელია.

18716455_1461391977302402_1418319875_n„ისევე, როგორც სხვა  მრავალ ბავშვს, ჩემს შვილსაც სკოლაში მისვლამდე  ჰქონდა  კომპიუტერზე წვდომა, მაგრამ ამის მიუხედავად,  ბუკის მიღების დიდი სურვილი ჰქონდა. კითხვაზე, თუ რად უნდოდა ბუკი, მიპასუხა, რომ ის მისი პირადი კომპიუტერი იქნებოდა და თვითონ განკარგავდა”, – იხსენებს მარიამი.

მისი თქმით,  პროფესიიდან გამომდინარე, იმ ბავშვებთანაც ჰქონია ურთიერთობა, რომლებიც კომპიუტერზე მიჯაჭვულები არიან, რასაც სხვადასხვა ემოციური  თუ სოციალური პრობლემებიც მოჰყოლია.

„კომპიუტერის გადაჭარბებული მოხმარების  შედეგებზე მე ჩემს შვილთან ადრეც მქონდა საუბარი და ეხლა, როდესაც მას თავისი პირადი ბუკი აქვს, ვცდილობ, ვაკონტროლო მოხმარების დრო და ერთად შევთანხმდეთ, თუ რამდენ ხანს გაატერებს ის ბუკთან. ასევე ვცდილობ, ხელი  შევუწყო მის სხვა ინტერესებს – ხატვა, ძერწვა და სხვა.  ადრეც და ეხლაც უპირატესობას ვანიჭებ სუფთა ჰაერზე აქტიურ თამაშს, ვიდრე კომპიუტერთან ხანგრძლივად  ჯდომას“, – ამბობს მარიამი და ფიქრობს, რომ ამგვარი საუბრები სხვა მშობლებსაც გაუმარტივებთ შვილებთან ურთიერთობას.

რაც შეეხება კომპიუტერის გავლენას მოსწავლის ფსიქოლოგიაზე, მარიკა გოჩაშვილი ამ კუთხით საშიშს ვერაფერს ხედავს.

„ბუკი იძლევა საშუალებას სასწავლო მასალა უფრო მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის. ბუკში ასევე  ჩატვირთულია შემეცნებითი თამაშები, რომლებიც განამტკიცებენ წიგნიდან მიღებულ ცოდნას. ამ ასაკისათვის თამაშის ფორმით  მიღებული ცოდნა  ძალიან   ეფექტიანია. პროფესიონალი მასწავლებლის ხელში, რომელსაც შეუძლია გონივრულად დაგეგმოს გაკვეთილი, ბუკი იქცევა სწავლების ეფექტურ საშუალებად“, – ამბობს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ „ჩემი პირველი კომპიუტერი“ მოსწავლეებს წიგნთან აუცხოებს, ფსიქოლოგი ასე პასუხობს:

„წიგნთან გაუცხოების მიზეზების ძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით არ იქნება სწორი. ბევრი რამე, რა თქმა უნდა, მასწავლებელის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ოჯახის როლი წიგნთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ჩემი შვილის მასწავლებელი საკმაოდ კარგად ახერხებს ციფრული ტექნოლოგიების და წიგნის შერწყმას, რაც საკმაოდ საინტერესოს, სახალისოს და ეფექტურს ხდის საგაკვეთილო პროცესს“, – ამბობს მარიამი.

12342720_805631629545756_2889002612792883460_n-861x575მასწავლებლის მიერ სწავლა–სწავლების პროცესში ბუკის გამოყენების ეფექტიანობაზე საუბრობს თამარ მოსიაშვილიც. განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი ფიქრობს, რომ პედაგოგებს კომპიუტერული ტექნოლოგიების კუთხით კომპეტენციის ამაღლება სჭირდებათ.

„ამ პროგრამის შედეგად, ციფრული ტექნოლოგია თითქმის ყველა ოჯახში შევიდა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა. გარდა ამისა, ეს ციფრული ტექნოლოგია მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, რომ სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ. თუმცა აქ დგება მასწავლებლების კომპეტენციის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა მასწავლებლები ციფრულ ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის ხმარობენ, მაინც ვფიქრობ, რომ პედაგოგებს სჭირდებათ კომპეტენციის ამაღლება ამ კუთხით,“- გვითხრა თამარ მოსიაშვილმა.

ფსიქოლოგი მარიამ გოჩაშვილი მიიჩნევს, რომ კომპიუტერისა და წიგნისთვის დათმობილი დროის მენეჯმენტი მოსწავლის მხრიდან, მშობლის მეთვალყურეობით უნდა ხდებოდეს.

„მნიშვნელოვანია მშობლებმაც შეუწყონ ხელი  ბავშვის წიგნთან  დაახლოებას.  მშობელმა უნდა გააკონტროლოს ბავშვის მიერ კომპიუტერის მოხმარების დრო, გამონახოს დრო და ტრადიციად აქციონ შვილებთან ერად წიგნების კითხვა. წიგნთან დაახლოება მცირე ასაკიდან იწყება. უკვე ერთი წლიდან დედამ  უნდა უკითხოს  ბავშვს წიგნები და რაც მთავარია თავად უნდა მისცეს წიგნის კითხვის მაგალითი“.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ხშირად ვკითხულობთ წიგნებს და არის თუ არა ჩვენში კითხვის კულტურა განვითარებული, ქვეყანაში სხვადასხვა კვლევები და გამოკითხვებიც ტარდება. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებიდან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2012 წელს საქართველოში ჩატარებული იმ ერთ-ერთი კვლევის შედეგებს, რომლის მიერ გამოკვეთილ ტენდენციებს შორის იყო:

  • გამოკითხულთა დიდი ნაწილი არ უკითხავს ბავშვებს წიგნებს;
  • მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად უკითხავენ ბავშვებს წიგნებს ვიდრე მამრობითი და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად ყიდულობენ საბავშვო წიგნებს;
  • კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში უფრო მეტს კითხულობენ/ყიდულობენ ვიდრე სოფელში, შესაბამისად ქალაქში წიგნებზე დახარჯული წლიური ბიუჯეტი აჭარბებს სოფლის ბიუჯეტს.

მკითხველთა ასეთი კვლევის შედეგები ბოლო პერიოდში საჯაროდ აღარ გავრცელებულა, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდები მხატვრულ ლიტერატურას იშვიათად კითხულობენ არ წყდება.

2017 წლის პირველკლასელებისათვის ბუკები უკვე შეძენილია – დეტალები საკითხის შესახებ

აპლიკაცია მშობლებისთვის, რომლის საშუალებითაც ვხედავთ როდის და რისთვის იყენებს შვილი ინტერნეტს

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური