GE

„პირველკურსელებისთვის სწავლის დაწყების ოპტიმალური დრო 1-ელი ოქტომბერი იქნებოდა“ – სპეციალისტის თვალსაზრისი

„სკოლის დასრულება, რეპეტიტორები, ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება, ქულების მოლოდინი, შეფასებების გამოცხადება, ჩარიცხვების ლოდინი, ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურების მოგვარება… როდის დავისვენოთ?!“ აბიტურიენტების ასეთი რიტორიკული შეკითხვაა ლოგიკურად ჟღერს, თუ პირიქით?! მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად. აგვისტოს შუა რიცხვებია, მთელი სასწავლო წლის მანძილზე ისინი სწავლობდნენ სკოლაში, დადიოდნენ რეპეტიტორებთან, ჩააბარეს უმაღლესში მისაღები გამოცდები 3, 4 ან შესაძლოა, 5 საგანშიც.

ახლა ჩარიცხვების მოლოდინში იქნებიან, შემდეგ უნივერსიტეტში ე.წ აკადემიური რეგისტრაციის პროცესი დაიწყება. სექტემბერის თვეში კი, სხვა კურსების სტუდენტების მსგავსად, უნივერსიტეტებში სწავლას შეუდგებიან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი პირველი კურსისთვის ლექციებს სწორედ სექტემბრის თვეში იწყებს. ავტ.) და საგამოცდო მერხებიდან პირდაპირ უნივერსიტეტის აუდიტორიაში მოიკალათებენ. მოვლენათა თანმიმდევრულ ხაზს თუ გავყვებით, დავინახავთ, რომ მომავალ პირველკურსელებს დასვენებისთვის, მით უფრო გონების დამშვიდებისთვის, დრო არც ისე ბევრი აქვთ.

რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა? უნდა ჰქონდეს თუ არა აბიტურიენტებს უფრო მეტი დრო დასვენებისა და მომზადებისთვის, ვიდრე უნივერსიტეტის აუდიტორიაში მოხვდება და ცხოვრების სრულიად ახალ ეტაპს დაიწყებს?

ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების განათლების ტრენერი, ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი EDU.ARIS.GE– სთან ამბობს, რომ დასვენების დრო პირობითია, მაგრამ მას საკუთარი მოსაზრება აქვს იმის შესახებ, თუ როდის იქნებოდა უმჯობესი პირველკურსელებისთვის სასწავლო წლის დაწყება. სპეციალისტი საგამოცდო პროცესით გადაღლილი აბიტურიენტების და უკვე მომავალი სტუდენტებისთვის გონების დამშვიდების შესაძლებლობებზე გვიყვება და განათლების მესვეურებს საკუთარ ხედვას უზიარებს.

– თუკი მოსწავლის ბოლო სასკოლო წლებით დავიწყებთ და მის გასტუდენტებამდე არსებულ მოვლენათა თანმიმდევრობას გადავხედავთ, რამდენად დამღლელი წელი შეიძლება ჰქონდეს აბიტურიენტს უნივერსიტეტში შესვლამდე და თქვენი აზრით, რა დროა საჭირო ენერგიების აღდგენისთვის?

– მივყვეთ საგამოცდო ციკლს. წინასაგამოცდო მომზადებას აბიტურიენტების უმრავლესობა გადის რეპეტიტორებთან. ისინი ყოველდღიურად დადიან ერთი რეპეტიტორიდან მეორესთან, მესამესთან და ეს გრძელდება უწყვეტ რეჟიმში. ამას თან ემატება რიგი მშობლების მხრიდან ზეწოლა, რომ კარგად უნდა ჩააბარანონ გამოცდები, რომ გრანტის მოპოვება შეძლონ, რაც თავის მხრივ, დამატებითი სტრესორია მოსწავლეებზე. ასევე, ყველა რეპეტიტორს თავის ხასიათი, მოთხოვნა და რეჟიმი აქვს, რაც ასევე ერთ-ერთი სტრესფაქტორია და რაც ყველაზე მეტად სტრესულია, ეს არის გაურკვევლი მოლოდინის მდგომარეობა. რაც უფრო ახლოვდება გამოცდების დრო, ემოციური ტემპერატურა აბიტურიენტებში და მათ ოჯახებში (და გარემოშიც) იმატებს. შემდეგ იწყება გამოცდების სერია და ქულების მიღების უსასრულო მოლოდინი. რაც ასევე დამთრგუნველია, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. ბოლოს უნივერსიტეტებში გადანაწილების დროც იწელება აგვისტოს ბოლომდე, ზოგჯერ სექტემბრის დასაწყისამდე. ფაქტობრივად, აბიტურიენტობიდან სტუდენტობამდე გასავლელი დრო 12 დამღლელი თვე გრძელდება. აბიტურიენტი ასეთ დროს შესაძლოა, გადაწვის მდგომარეობამდე მივიდეს. გადაწვამ კი ის ღრმა დეპრესიამდეც მიიყვანოს. ამიტომ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმალური დრო ჰქონდეთ დასვენებისთვის.

– რას ფიქრობთ, უნდა ჰქონდეთ თუ არა პირველკურსელებს უფრო მეტი დრო დასვენებისთვის, სწავლა სექტემბრის თვეში უნდა იწყებოდეს? ეს ოპტიმალური დროა?

– სწავლის დაწყების ოპტიმალური დრო პირველკურსელებისთვის, ჩემი სუბიექტური აზრით, 1-ელი ოქტომბერი იქნებოდა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა უნივერსიტეტს აქვს თავის ინდივიდუალური დღის წესრიგი. ზოგიერთი 15 სექტემბერს იწყებს, ზოგი ოქტომბრის დასაწყისში. მინდა ასევე გითხრათ, რომ დასვენების დრო პირობითია. ხშირად სასურველი შედეგიც (სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარება) კი შეიძლება აღმოჩნდეს უდიდესი განტვირთვის საშუალება, ეს აბიტურიენტის განწყობასა და მზაობაზეც არის დამოკიდებული.

– სკოლის მერხიდან პირდაპირ მოხვდე უნივერსიტეტში ეს, ალბათ, სერიოზული გამოწვევაც არის. როგორ ფიქრობთ, რა წინარე ნაბიჯებს უნდა დგამდეს განათლების სამინისტრო, უნივერსიტეტი, რომ ეს გზა ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს ახალგაზრდებისთვის. უნივერსიტეტთან მეტი კონტაქტის ქონა სასკოლო ასაკიდანვე აუცილებელია თუ არა?

– დიახ, აბიტურიენტების უმრავლესობისთვის ასევე უდიდესი გამოწვევაა პროფესიის არჩევაც, ეს ორივე (უნივერსიტეტთან კონტაქტის ნაკლებობა და პროფესიის არჩევა) ერთმანეთთან პირდაპირ არის დაკავშირებული. როცა ადამიანები არასწორ პროფესიას ირჩევენ, ან სხვების გავლენითა და რჩევით ირჩევენ მათთვის არსასურველ სპეციალობებს, შედეგად ვიღებთ არაპროფესინალთა და დაუსაქმებელთა დიდ რაოდენობას. ამ მხრივ კი, რაც განათლების სამინისტომ უნდა გააკეთოს, ეს არის, რომ მოსწავლეებს პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმაროს. სასურველია, მოეწყოს გასვლითი შეხვედრები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, დაიგეგმოს შეხვედრები სხვადასხვბა პროფესიის ადამიანებთან, მოსწავლეები ჩაერთონ გარკვეულ სამუშაობში და დააკვირდნენ საკუთარ თავს. ეს მათ მისცემს საშუალებას, შეისწავლონ საკუთარი შესაძლებლობები, შეაფასონ საკუთარი უნარები და იმოქმედონ საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების შესაბამისად. შედეგად კი მივიღებთ კარგად მომზადებულ პროფესიონალებს, რაც მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

– თქვენ რა აქტივობების გამოყენებას ურჩევთ მომავალ პირველკურსელებს გონების დამშვიდებისთვის?  ისე, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლონ სხეულისა თუ გონების დასვენება

– ყველა ადამიანს უნდა ქონდეს სტრესთან გამკლავების საკუთარის სტრატეტეგია შემუშავებული, რაც მათ დაეხმარებათ სწრაფად გადალახონ სტრესით გამოწვეული რთული ფსიქოემოციური თუ ფიზიკური მდგომარეობა.

  • სტრესთან გამკლავების კარგი საშუალებებია: სუნთქვითი ვარჯიშები, რელაქსაცია და მედიტაცია, პოზიტიური ვიზუალიზაცია, სპორტული აქტივობა, ფსიქოლოგიური დახმარების მიღება და სხვ. ასევე სასურველია აბიტურიენტობის პერიოდში ჯგუფური თერაპიის გავლა, სტრესის შესამცირებლად. (მე პირადად ვატარებ აღნიშნულ ჯგუფებს);
  • გაუზიარეთ თქვენი განცდები მეგობრებს, ოჯახის წევრს, გახადეთ ემოციები ანალიზის საგანი;
  • მიეცით თავს უფლება იოცნებოთ! შექმენით რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ხატები. პოზიტიურ ხატებს გააჩნიათ რეალურ ცხოვრებაში გადატანის მაგიური თვისება.

ასევე იხილეთ:

„მხოლოდ ინტერნეტს ნუ მიენდობით!“ – როგორ გავიგო მეტი იმ ფაკულტეტისა და პროგრამის შესახებ, რომელსაც ვირჩევ?! – სტუდენტი აბიტურიენტებისთვის

„იცოდეთ, რას გთავაზობთ შერჩეული პროფესია“ – თუ პროფესიის შეცვლას ფიქრობ, ეს რჩევები გამოგადგება

ფორმალური თუ არაფორმალური განათლება? – „დღეს უნივერსიტეტებში არც დროს და აღარც ფინანსებს დავხარჯავდი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური