GE

„პირველკურსელებო, გული არაფერზე დაგწყდეთ, ყველაფერს ორმაგად ავანაზღაურებთ“ – საფფეთ ბაირაქთუთან, IBSU-ს რექტორი

გამოწვევებით სავსე 2021-2022 სასწავლო წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სიახლეებით ხვდება. უნივერსიტეტის დიდ ოჯახს 600-ზე მეტი პირველკურსელი შეემატა, რომლებსაც, მართალია, სწავლის დაწყება დისტანციურად უწევთ, თუმცა უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ერთმანეთის ახლოს გაცნობაც, საზეიმო მიღებაცა და საჩუქრებიც აუცილებლად იქნება, ოღონდ, მოგვიანებით.

EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი იმ სამუშაოზე საუბრობს, რომელიც უნივერსიტეტმა გასწია, რათა ონლაინ სწავლება კიდევ უფრო სრულყოფილი და სტუდენტზე მორგებული გახდეს. მისი თქმით, დისტანციური სწავლების ელემენტები პანდემიის დასრულების შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს ადამიანებს გარკვეული საქმეების უფრო მარტივად კეთებაში ეხმარება და დროის დაზოგვის საშუალებასაც აძლევს. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, ჰიბრიდულ სწავლებამდე მიგვიყვანს.

ახალი სასწავლო წელი იწყება. როგორ ემზადებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და როგორ ხვდება მას?

საფფეთ ბაირაქთუთან: მიუხედავად პანდემიური პრობლემებისა, ახალი სასწავლო წლის დაწყება, ჩვენთვის, სასიხარულოა. ვიმედოვნებდით, რომ სექტემბერში უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, ვინაიდან ვაქცინაცია დაწყებულია და ველოდით, რომ სწავლის აუდიტორიებში დაწყებას შევძლებდით, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია ამის საშუალებას არ გვაძლევს. რეკომენდაციების მიხედვით, სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში უნდა იყოს, მინიმუმ. ჩვენც, როგორც სხვა უმაღლესი სასწავლებლები, ამას ვეგუებით და სწავლას დისტანციურად ვიწყებთ, თუმცა უნივერსიტეტი აუდიტორიებში სწავლის დასაწყებად მზად იყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დროებითია. რაც უფრო დაჩქარდება ვაქცინაცია, მით სწრაფად დამარცხდება პანდემია და ჩვენც სამუშაო ადგილებსა და უნივერსიტეტის შენობაში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცემა.

ფლობთ თუ არა ინფორმაციას რამდენად აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში ჩართული თქვენი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი?

ჩვენი პერსონალის უდიდესი ნაწილი – 73% უკვე სრულად აცრილია. ჩვენ მათ ხშირად მოვუწოდებთ და ამან საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო. ვაქცინირებული თანამშრომლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომლების აცრა შედეგს ვერ გამოიღებს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და სტუდენტებსაც მოვუწოდო, აიცრან. ამ მოწოდებას ვაკეთებ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი საქართველოს სტუდენტებისა და თითოეული მოქალაქისთვის.

რამდენი ახალგაზრდა გახდა წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი?

ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ზოგადად, კერძო უნივერსიტეტებისთვის პანდემიური პერიოდი არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან როცა სტუდენტი სრულად ვერ სარგებლობს უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სიკეთეებით, თუნდაც გარემოთი და სხვა სერვისებით, შესაძლოა, მან სხვა არჩევანი გააკეთოს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ეს ასე არ მოხდა. სტუდენტები ხედავენ, რომ უნივერსიტეტი მათ შესაბამის განათლებას აძლევს, თუნდაც ონლაინ რეჟიმში, ამიტომ გადაწყვეტილებას არ ცვლიან. სწორედ ასე მოხდა და წელს ჩვენთან 600-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამ ეტაპზე სწავლა ონლაინ დაიწყება, თუმცა მოგვიანებით მოგვეცემა საშუალება, რომ მათ აუდიტორიებში გავეცნოთ.

როგორია დინამიკა წლიდან წლამდე – რამდენად მოთხოვნად უნივერსიტეტად რჩება IBSU აბიტურიენტებს შორის და როგორ იცვლება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც არჩევანს მასზე აჩერებენ?

ძალიან კარგი დინამიკაა და ეს შედეგზეც ისახება. კვოტა სრულად ივსება და რა მიზნებსაც ვისახავთ, ვაღწევთ კიდეც.

რადგან დინამიკაზე ვსაუბრობთ, შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები? თუნდაც პანდემიამ ხომ არ განაპირობა ახალგაზრდებში ინტერესების ცვლილება?

დიახ, ცოტაოდენი ცვლილებები არის. ბიზნესისა და ეკონომიური მიმართულებების მიმართ ინტერესი უფრო იურიდიული და საჯარო ადმინისტრირების, ჰუმანიტარული მიმართულებებით შეიცვალა.

როგორ ფიქრობთ, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს?

ამაზე, რა თქმა უნდა, სკოლაში მიღებული ცოდნა მოქმედებს – რა დონეზე ისწავლება მათემატიკა. ასევე, როგორც ჩანს, ქვეყანაში დასაქმების კუთხით არ არის ფართო არჩევანი. ზოგადად, ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა რომ იცვლება, სტუდენტის არჩევანიც იცვლება. რამდენადაც აქტუალური ხდება რომელიმე სფერო, სტუდენტიც იმ სპეციალობით ინტერესდება.

წელსაც ხომ არ შეიქმნა პრობლემები უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით?

გარკვეული რეგულაციები არის და უნდა იყოს კიდეც, რადგან მთელს მსოფლიოში ასეა. ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც უცხოელ სტუდენტებს ემსახურება და მას სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვს. სტუდენტების ჩამოყვანა, იზოლაცია და ა.შ. ამ სამსახურის მიერ, რეკომენდაციების მიხედვითაა უზრუნველყოფილი. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გაწერილია -როდის უნდა გამოფრინდეს სტუდენტი, რამდენი დღე უნდა იყოს იზოლაციაში, თუკი ამის საჭიროება არსებობს, როდის უნდა გადავიდეს მუდმივ საცხოვრებელში და ა.შ. წინა წელს თუ არ იყო მოთხოვნა, ახლა უკვე საჭიროა ორი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. როდესაც სტუდენტი აცრილია, მისი ქვეყანაში შემოსვლა გაცილებით მარტივია.

რა სიახლეს სთავაზობთ სტუდენტებს ონლაინ სწავლების კუთხით? რამდენად დახვეწეთ დისტანციური სწავლების პროცესი ამ პერიოდის განმავლობაში და რამდენად სრულფასოვანი გახდა ის?

არა მხოლოდ ჩვენ, თავად პლატფორმებიც დაიხვეწნენ და განვითარდნენ. ჩვენ გუგლის პლატფორმას ვიყენებთ და ზუმსაც ვიშველიებთ. გუგლის პლატფორმა დიდ არჩევანსა და მხარდაჭერას გვთავაზობს. მათ მიერ დანერგილი თითოეული სიახლის გამოყენების უფლება გვაქვს. გარდა ამისა, უნივერსიტეტში დავაარსეთ და სრულიად ახალი ტექნიკით აღვჭურვეთ ლაბორატორია, რომელსაც სწავლის პროცესში ვიყენებთ, რაც ლექტორებს ლექციის ხარისხიანად ჩატარებაში ძალიან ეხმარება.

შარშან ლეპტოპები იმ სტუდენტებსაც დავურიგეთ, რომელთაც ამის საჭიროება ჰქონდათ. ჩვენ არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ მოსწავლეების ინტერნეტთან წვდომაზეც ვზრუნავთ, რადგან უნივერსიტეტი მხოლოდ საკუთარ სტუდენტებზე ვერ იფიქრებს და თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, თუ რა ხდება მის ირგვლივ, ქვეყანაში. ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვცდილობთ ვიზრუნოთ მოსწავლეებზე, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე, მოხუცებზე და ა.შ. ხშირად ვუთმობთ უნივერსიტეტის სივრცეს ტრენინგებს, რომლებიც პედაგოგებისთვის ტარდება. ამ ყველაფერში სტუდენტებიც არიან ჩართულნი.

სწავლის დისტანციურად დაწყება განსაკუთრებით სტრესული უნდა იყოს პირველკურსელებისთვის, რომელთაც სტუდენტობის ამგვარად დაწყება, ალბათ, არასოდეს წარმოედგინათ. გეგმავთ თუ არა რაიმეს მათთვის ამ იმედგაცრუების შესამსუბუქებლად?

ყველამ ვიცით, რომ პანდემიის გამო მთელს მსოფლიოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა.
ადამიანები ოჯახის წევრებს, ახლობლებს კარგავენ. მინდა ჩვენს პირველკურსელებს ვუთხრა, რომ გული არ დაწყდეთ, უნდა მოვითმინოთ, უბრალოდ ცოტათი გადავდებთ გაცნობას. შემდეგ კი უკეთესი დახვედრა და მათ გასაცნობად უფრო კარგი საშუალებები გვექნება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელების გრანდიოზულად დახვედრის ტრადიცია აქვს. ამ საზეიმო განწყობამ ონლაინ რეჟიმში უნდა გადაინაცვლოს. აუცილებლად შევუნახავთ იმ საჩუქრებსაც, რომლებიც უნდა დაგვეხვედრებინა. სტუდენტებს ძალიან უყვართ WELCOME PARTY და ამასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ჯერ ონლაინ გვექნება ყველაფერი, რეპეტიციასავით და შემდეგ ჩვეულ რეჟიმშიც. მოგეხსენებათ, შარშან გამოსაშვები ღონისძიებები აკრძალული იყო და ვერ ჩავატარეთ ამიტომ, 2021 წელს გავმართეთ 2020 წლის კურსდამთავრებულთათვის გამოსაშვები ღონისძიებაც და სტუდენტებმა ძალიან ბევრი იხალისეს. ასე რომ, გული არაფერზე დაგწყდეთ, პირველკურსელებო. იმაზე ვიზრუნოთ, რომ პანდემია დამთავრდეს და ყველაფერს ორმაგად ავანაზღაურებთ.

რაც შეეხება სტუდენტური ცხოვრების შემადგენელ სხვა აქტივობებს – ტრენინგებს, შეხვედრებს, დებატებს, კონფერენციებს, ეს ყველაფერი ონლაინ რეჟიმში ისევ ტარდება?

დიახ, დისკუსიები, ღია კარის დღეები, საჯარო ლექციები, ტრენინგები – ონლაინ რეჟიმში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ახალი ნაკადი მოდის და მათ ახალი იდეები ექნებათ. ჩვენ ამ იდეებისთვის ღია ვართ. რისი გაკეთებაც დისტანციურად მოხერხდება, ყველაფრის ორგანიზება შეგვიძლია.

საბაკალავრო პროგრამების რამდენად ფართო არჩევანით იწყებთ 2021-2022 სასწავლო წელს და რამდენად მრავალფეროვანი პროგრამები ხვდებათ თქვენთან მოსულ სტუდენტებს?

ჩვენთან, ჯამში, 23 საბაკალავრო და 12 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაა. საკმაოდ დიდი არჩევანია და მოთხოვნაც, შესაბამისად, დიდია. ახალი საბაკალავრო პროგრამების დამატებასაც ვგეგმავთ. ამისათვის სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი და სავარაუდოდ, მალე ახალი პროგრამებზეც შევძლებთ სტუდენტების მიღებას.

ვიცით, რომ უნივერსიტეტს სიახლეები აქვს ახალი სამაგისტრო პროგრამების მხრივაც. გვიამბეთ მათ შესახებ.

დიახ, წელს ახალი, აკრედიტირებული სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა – ციფრული მედია და კომუნიკაციები. მის შესაქმნელად სერიოზული სამუშაო ჩატარდა და პროგრამა კვალიფიციური კადრების გამოზრდას უზრუნველყოფს. ეს საერთაშორისო პროგრამა ქალბატონი დალი ოსეფაშვილის მომზადებულია და ადგილები უკვე თითქმის შევსებულია. სავარაუდოდ, კონკურსიც იქნება. ესაა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის პროგრამის ანალოგი, რომელიც საქართველოში მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლება.

როგორია თქვენი შედარებით გრძელვადიანი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აუდიტორიებში დაბრუნების საშუალება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არ მოგვცა?

ზოგადად, ონლაინ სწავლების გარკვეული კომპონენტების შენარჩუნებაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. ონლაინ პლატფორმები არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში უნდა გვქონდეს, არამედ ყოველთვის. ეს ბევრ რამეში გვეხმარება, დროსაც ვიგებთ და ბევრგან წვდომასაც გვაძლევს. სწორედ ესაა ჰიბრიდული სწავლებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უნდა დაიხვეწოს. ასე რომ, მე კატასტროფად არ მიმაჩნია კომპიუტერთან ჯდომა და ონლაინ ჩართვა. გარკვეული საქმეების ონლაინ გაკეთება თავისუფლად შეიძლება. შედეგად კი ადამიანებს მეტი დრო დარჩებათ სოციალური აქტივობებისთვის.

ცუდი სცენარის შემთხვევაში კი ჩვენ მობილიზებული უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ მენტალური თვალსაზრისით და ეს პერიოდი ერთად გადავლახოთ. რაც უფრო მეტად დავემორჩილებით რეგულაციებს და დროულად ავიცრებით, მით მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm