GE

პლაგიატი – ვინ და რატომ ცდილობს სხვისი ნაშრომის მითვისებას და რა დაცვის მექანიზმები აქვთ უნივერსიტეტებს საქართველოში

თუ თქვენ სხვა ადამიანის მოსაზრება, ნაშრომი, კვლევა, ან ზეპირად ნათქვამი წინადადებაც კი წყაროს მითითების გარეშე გააზრებულად, ან გაუთვითცნობიერებლად გამოიყენეთ, ინტელექტუალური ქურდობა ჩაგიდენიათ. ნებით, თუ უნებლიედ, თქვენ პლაგიატის მსხვერპლი ხართ. ავტორის მითითების გარეშე სხვისი იდეების გამოყენება საზოგადოებაში სწორედ ამ სახელითაა ცნობილი. ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების მითვისებას ზოგი აკადემიურ სიყალბესაც უწოდებს. სინონიმი ბევრია, ფაქტი კი ერთი, სხვისი ნაშრომის გამოყენებისას ავტორის მითითება მხოლოდ ჩვენს კეთილ ნებასა და ეთიკურობაზე არ არის დამოკიდებული. ინტლექტუალურ შემოქმედებას კანონიც იცავს. საქართველოში კანონი – „საავტორო უფლებების შესახებ“.

პლაგიატის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური უმაღლეს სასწავლებლებშია. მაშინ, როდესაც სტუდენტი თავის მომავალ პროფესიას ეუფლება და სხვადასხვა სახის ნაშრომის შექმნა უწევს, მასალების გაცნობისა და საკუთარი ხედვების წარმოჩენის ნაცვლად, იოლ გზას და სხვისი იდეების გამოყენებას ირჩევს. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი წესების არ ცოდნა, ზოგ შემთხვევაში კი საქმის გამარტივებაა.

„ძირითადად აქამდე უნივერსიტეტში დაფიქსირებული აკადემიური გადაცდომის ტიპები არ მიეკუთვნება მძიმე გადაცდომათა სახეებს. შეიძლება ნაშრომში საქმე გვქონდეს უნებლიე პლაგიატთანაც, რომელიც შესაბამისი დასკვნისა და განმარტებების საფუძველზე ეცნობება სტუდენტს და ის შესაბამის ვადებშიც აღმოიფხვრება. სხვისი ნაშრომის მითვისების მიზეზი შეიძლება იყოს წესების არცოდნა და ინფორმირებულობის დაბალი დონე.

“ძირითადად, გვაქვს არა პლაგიატის, არამედ ტექსტის თანხვედრის შემთხვევები, რომლებიც არასწორი ციტირების, მითითების ან პერიფრაზირების შედეგია. საშუალოდ ტექსტის დამთხვევები საბაკალავრო დონეზე მერყეობს 5-დან 25%-მდე, სამაგისტრო დონისთვის აღნიშნული მონაცემი 15%-მდე მცირდება, ხოლო სადოქტორო საფეხურზე 3-დან 8%-მდეა დამთხვევა. თითოეულ ნაშრომში დამთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის მიერ იდება შესაბამისი დასკვნა. არის შემთხვევები, როცა ნაშრომს ფაკულტეტზე შექმნილი კომისიაც განიხილავს. სტუდენტებს ასევე საშუალება აქვთ ნაშრომის დაცვამდე 2 კვირით ადრე გამოასწორონ აღმოჩენილი ხარვეზები“, – განაცხადეს EDU.ARIS.GE-ს კითხვების საპასუხოდ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.

აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის მიზნით თსუ-ს პლაგიატთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი აქვს. დღესდღეობით მიმდინარეობს მუშაობა ეთიკის კოდექსის მოდიფიცირებაზე, სადაც განმარტებულია სხვადასხვა აკადემიური გადაცდომის ფორმა და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხებიც. ამასთან სახელმწიფო უნივერსიტეტმა ERASMUS+ – ის პროგრამის მხარდაჭერით ტექსტის ამომცნობი პროგრამა TURNITIN შეიძინა.

„TURNITIN ეხმარება ლექტორსა და სტუდენტს აღმოაჩინონ ციტირებისას, პერიფრაზირებისას თუ წყაროს მითითებისას დაშვებული შეცდომები და სწავლების პროცესშივე მოახდინონ დროული რეაგირება შესაბამისი მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, “Turnitin”-ის პროგრამაზე ნაშრომების გატარების წინა სამუშაოების ფარგლებში სწავლების ცალკეული საფეხურისთვის MOODLE პროგრამაში მომზადდა შესაბამისი დავალებები როგორც საცდელი, ასევე, საბოლოო გატარების უზრუნველსაყოფად. დავალებები მოდიფიცირდა შესაბამისი გატარების წესების მიხედვით და დათარიღდა ნაშრომების დაცვის თარიღების საფუძველზე. ასევე, სწავლების ცალკეული საფეხურის სტუდენტებისთვის მომზადდა შესაბამისი ინსტრუქციები, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ნაშრომის გატარებისთვის საჭირო თითოეული საფეხური, რათა სტუდენტს შეუფერხებლად შეეძლოს ყველა ეტაპის გავლა და შედეგის დამოუკიდებლად კონტროლი. კერძოდ, სტუდენტებს საწყის ეტაპზე შეუძლიათ თავიანთი ნაშრომი გაატარონ საცდელ „დავალებაში“ და თავადვე შეაფასონ თუ სად აღმოაჩენს პროგრამა ტექსტში მსგავსებას. ამის შემდეგ მათ აქვთ შესაძლებლობა ცვლილებები შეიტანონ თავიანთი ნაშრომის ტექსტში, შესაბამისი დამოწმებების გაკეთებით და ხელმეორედ ატვირთონ ნაშრომი “Turnitin”-ის პროგრამაში“, – განმარტავენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.

უმაღლესი განათლების მიღების პროცესში პლაგიატთან ბრძოლის მეთოდებსა და
არსებულ პრაქტიკაზე გამოცდილების გაზიარება EDU.ARIS.GE-მ ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტსაც სთხოვა. როგორც ჩანს, ილიაუნში ამ საკითხს არც ისეთ დიდ
ყურადღებას აქცევენ და უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჩვენთან თემაზე
სასაუბროდ ვერ მოიცალა.

TURNITIN ნაცნობია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტშიც (ჯიპა), სადაც პლაგიატის შემთხვევების კონტროლი უკვე პროგრამული უზრუნველყოფითაც ხორციელდება. როგორც აღმოჩნდა, საბაკალავრო, ან სამაგისტრო ნაშრომების წარდგენისას ჯიპაში ე.წ აკადემიური სიყალბე ნაკლებად ვლინდება. შემთხვევები უფრო მეტად საბოლოო დუკუმენტების მზადების პროცესშია აქტუალური.

„არის შემთხვევები და ისიც გარკვეულწილად სხვებისთვის სამაგალითოა. მე თუ მკითხავთ, პლაგიატი მაინც გაცნობიერებულად ხდება. იმის წილი, რომ საქმე გაუცნობიერებლობასთან გვქონდეს, ნაკლებია. მისი აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი მიდგომები საკმაოდ მკაცრია. ეთიკის და ქცევის კოდექსიც ითვალისწინებს ძალიან მკაცრ რეგულაციებს, თითოეულ სულაბუსში მკაფიო ფორმით არის გაწერილი ის სანქციები, რაც პლაგიატის შემთხვევების დაფიქსირებას ეხება. მათ შორის ეს არის ნაშრომის განულება, უფრო მკაცრი ფორმები კი გარიცხვასაც ითვალისწინებს. გააჩნია, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც ერთი ერთზე ვუდებთ მტკიცებულებებს, დამადასტრურებლებს, სხვა გზა აღარ აქვთ, რომ აღიარონ ეს გადაცდომა. ცდილობენ, რომ თავი გაიმართლონ. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ვიყოთ მკაცრები და თანმიმდევრულები. სწორედ არის არის იმის გარანტია, რომ ერთეულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე“, – გააცხადა EDU.ARIS.GE -თან GIPA-ს კვლევის დეპარტამენტის უფროსმა, ნანი მაჭარაშვილმა.

მისივე განმარტებით, სხვისი აზრის მითვისების პრობლემა ბოლო პერიოდში არა საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევრებზე მუშაობის პროცესში, არამედ გამოცდების ეტაპზეა. კერძოდ, სტუდენტები ღია კითხვებზე პასუხს ინტერნეტში ეძებენ და ის ტესტში ყოველგვარი მითითების გარეშე საკუთარ პასუხად გადმოაქვთ. ამ პრობლემას ხელი შეუწყო დისტანციური სწავლების მოდელმაც.

„საგამოცდო კითხვაზე პასუხის გაცემის პირობებში განგებ და გაცნობიერებულად არის ხოლმე ამოღებული ინტერნეტ წყაროები და პირდაპირ გადმოტანილი პასუხები. არც წყაროა მითითებული და არც არაფერი, ეს ფაქტობრივად, გამოდის, რომ პასუხის მითვისებაა. ეს საკითხი უფრო პრობლემურადაც კი მიმაჩნია. როდესაც გამოცდას დისტანციურად წერენ და ელექტრონულად აგზავნიან, თუ სადმე მოიძებნება პირდაპირი პასუხი, ცდუნებაც დიდია და მარტივ გზას ირჩევენ ხოლმე. ამას ჩვენ ინსტრუმენტულად იმით ვმართავთ, რომ ღია კითხვების პირობებში ყოველთვის ვთხოვთ აკადემიურ პერსონალს, რომ კითხვები იყოს ანალიტიკური, არაერთ ცვლადიანი“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

სწავლების დროს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენა საკმაოდ პრობლემურ საკითხად მიაჩნია განათლების მკვლევართა ნაწილს. ფიქრობენ, რომ საუკეთესო გამოსავალი სკოლებში აკადემიური წერის სავალდებულო საგნად დამატებაა.

„პლაგიატი ქურდობაა და ცხადია, პრობლემურია. რიგ შემთხვევებში მიზეზი ისაა, რომ ამ საკითხზე არც არაფერი იციან. წყაროების დამოწმება, სხვადასხვა მეცნიერებისა და მოსაზრების გამოყენება ცუდი არ არის, პირიქით კარგია. თუმცა ამას თავისი წესი აქვს. ცუდია, რომ ამ წესების სწავლა მათ უნივერსიტეტში უწევთ. იდეალურ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება, რომ აკადემიური წერა სკოლაში ისწავლებოდეს. მოსწავლეს ეცოდინება, რომ როდესაც რაღაც ნამუშევარს წერს, წყარო იქაც უნდა დაიმოწმოს. ამ საკითხზე მუშაობა სკოლებშივე უნდა დაიწყოს და უნივერსიტეტში შედარებით უკეთესი სიტუაცია იქნება“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან განათლების მკვლევარი თამარ მოსიაშვილი.

პლაგიატთან ბრძოლის მეთოდების, გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე არაფერს ამბობენ განათლების სამინისტროში, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს. არ არსებობს არც ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ასეთი შემთხვევა ვლონდება წლის განმავლობაში აკადემიურ სივრცეებში.

აღსანიშნავია, რომ ე.წ აკადემიურ სიყალბესთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს უცხოელი პარტნიორები ეხმარებიან. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ინფორმაციით, სწორედ პლაგიატის დეტექციის პროგრამის შესასყიდად ევროკავშირმა უმაღლესი სასწავლებლებისა და სამინისტროს მიერ მომზადებული ორწლიანი პროექტი 2017 წელს 856 834 ევროთი დააფინანსა.

ასევე იხილეთ:

ხორციელდება თუ არა პრაქტიკაში ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპები? – ,,ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ ხალხს ისევ თაობები ეწირება“

მოამზადა მარიამ ვაჩნაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური