პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეების ჩართულობით – არაფორმალური განათლების როლი ქიმიის სწავლებაში
ავტორი: ქეთინო პავლაძე, წამყვანი მასწავლებელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სსიპ ბორის საჯარო სკოლაში
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
თანამედროვე სასკოლო განათლებაში სწავლა-სწავლების პროცესში უამრავი გამოწვევაა, განსაკუთრებით ქიმიის სწავლების მიმართულებით, რადგან ქიმიას სასწავლო საათების ყველაზე მცირე რაოდენობა ეთმობა. სკოლების უმრავლესობაში ფაქტობრივად არ არის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ელემენტარული პირობები და რესურსიც კი, სათანადო ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და სწავლის ხარისხის ამაღლებას. მხოლოდ საგაკვეთილო მუშაობა, საკითხების თეორიული მიმოხილვა არაა საკმარისი მოსწავლეთა ქიმიით დაინტერესებისთვის. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მუდმივად ვცდილობ სხვადასხვა ტიპის აქტივობებით მოსწავლეთა გააქტიურებას და მოტივირებას.
არაფორმალურ აქტივობებს ქიმიის სწავლებისას აქვს შემდეგი დატვირთვა:
- მოსწავლეებმა უპასუხონ კითხვებს: რატომ ვსწავლობ ქიმიას? რა როლი აქვს ამ მეცნიერებას ყოფა-ცხოვრებაში? სად და როგორ შევძლებ ნასწავლის გამოყენებას?;
- მოახდინონ ცოდნის გაღრმავება, გაზიარება და პიროვნული განვითარება;
- გაფართოვდეს მათი თვალსაწიერი სხვადასხვა მიმართულებით;
- პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განუვითარდეთ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის უნარები;
- აქტიური მოსწავლეები თავად გახდნენ მოდელები და მისაბაძი მაგალითები სხვებისთვის.
რა სახის აქტივობებს ვახორციელებ მოსწავლეებთან მუშაობისას:
1. სასწავლო -შემეცნებითი ტიპის გასვლითი ღონისძიებები, ექსკურსიები: მაგალითად თემში არსებული ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების დაწესებულებები-ღვინის მარნები, ვიზიტი პროფესიონალ მევენახესთან; უალკოჰოლო სასმელების, კერძოდ ლიმონათისა და კოკა-კოლას საწარმოები, მინის წარმოების ქარხანა, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ა. შ.
2. ვიზიტები სხვადასხვა უნივერსიტეტის ლაბორატორიებში: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქიმიის ინგლისურევანოვანი ფაკულტეტი. აგრარული უნივერსიტეტი “პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“ დახმარებითა და ხელშეწყობით
3. პრეზენტაციები და სემინარები აქტუალურ თემებზე, შემეცნებითი ხასიათის კონკურსების ჩატარება: შიდასასკოლო კონფერენციების გამართვა, პოსტერების მომზადება, კვირეულების ჩატარება. პრეზენტაცია-სემინარები იმართება სხვადასხვა თემის ირგვლივ, როგორც საშუალო-საბაზო, ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ჩართულობით. მაგალითად, გარემოს დაბინძურების საკითხებზე, ცნობილ ადამიანთა შესახებ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ქიმიის მნიშვნელობაზე. ყოველწლიურად ტარდება შემეცნებითი სახის კონკურსი „ვინ უკეთ სწავლობს ქიმიას“. მზადდება პოსტერები აქტუალურ თემებზე, მაგ: „მწვანე ქიმია“, „პერიოდული სისტემის ისტორია“და ა. შ.
ვატარებთ კვირეულებს გარემოს დაცვის თემაზე: „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, წყლის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. მოსწავლეები ამზადებენ თემებს შიდასასკოლო კონფერენციებისთვის, მაგ: სხვადასხვა ქიმიური ელემენტის შესახებ, ბირთვული ქიმიისა თუ სხვადასხვა თემის შესახებ.
4. კვლევების ჩატარება, პროექტების დაგეგმვა, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა: კვლევა თემში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ, პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელობის საწინდარია“. ეკოსკოლების პროგრამა, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია
5. მეზობელ სკოლებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება: ვუმასპინძლეთ მეზობელი სოფლების, წყალაფორეთის და ხიდრის საჯარო სკოლებს და გავუზიარეთ ის ცოდნა, რაც გვქონდა სასკოლო ექსპერიმენტების ჩატარების მიმართულებით
6. მოხალისეობრივი აქტივობებით დაფინანსების მოპოვება სკოლის ლაბორატორიისთვის რესურსის შესაძენად: იმისათვის, რომ გაგვემრავალფეროვნებინა ჩვენი მწირი ლაბორატორია, წლების განმავლობაში ვამზადებთ და წარვადგენდით პროექტებს ჩვენს დონორ ორგანიზაციასთან. მუდმივად ვაჩვენებთ სხვადასხვა სახის აქტივობებს, რაც იწვევს მათ დაინტერესებას და გვეხმარებიან სხვადასხვა ტიპის რესურსით. ჩვენი სკოლის მეთერთმეტეკლასელი ჩაერთო მოხალისეობრივ აქტივობაში, მიიღო გრანტი, რითაც შევიძინეთ გარკვეული სახის რესურსები
7. საკლუბო მუშაობის წარმართვა: მოსწავლეთა სურვილით შექმნილია ქიმიის კლუბი „ატომი“, რომელსაც აქვს საკუთარი ფეისბუქ გვერდი. კლუბი მუშაობს საკლუბო მუშაობის წესების სრული დაცვით. ხორციელდება როგორც დამატებითი მუშაობა თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად, ისე პრაქტიკული მიმართულებით. ვწერთ ვიდეოებს, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას რესურსად ქიმიის სწავლების პროცესში. ვაქვეყნებთ საინტერესო მასალებს, რაც ემსახურება ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას. კლუბის წევრები არიან ჩართულნი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობაში და ძირითადად ისინი არიან ამ აქტივობების ავტორები. კლუბის წევრები ეხმარებიან მოსწავლეებს სასწავლო პროცესში, თანამშრომლობენ მეზობელი სკოლის მოსწავლეებთან.
ამ აქტივობებიდან ყველაზე განსაკუთრებული და მოსწავლეებისათვის საინტერესო საკლუბო მუშაობა აღმოჩნდა. კლუბი მუშაობს გაწერილი მიზნების და ამოცანების შესაბამისად, რომელთაგანაც განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა ვიდეოების ჩაწერა ქიმიის ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესების, მარტივი თუ რთული ნივთიერებების თვისებების აღწერის და ექსპერიმენტების ჩატარების ჩვენებით.
გამომდინარე იქედან, რომ ბევრ მოსწავლეს საერთოდ არ აქვს საშუალება ნახოს ქიმიური ჭურჭელი, რეაქტივები, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტი, ასევევ ჩვენი სკოლისთვისაც მწირია რეაქტივების მარაგი და ყველა კლასში ვერ ხდება მარტივი, სასწავლო თემების შესაბამისი ცდების ჩატარება, კლუბის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჩაწერონ ვიდეოები, რომელსაც ათავსებენ კლუბის ფეისბუქის გვერდზე, რაც საშუალებას გვაძლევს გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა, დავზოგოთ რესურსი, მეტ მოსწავლეს მივცეთ საშუალება უყუროს, გაუჩნდეს მოტივაცია, მიბაძოს თანატოლებს, დაინტერესდეს ქიმიით და რაც მთავარია, ეს ვიდეოები ნებისმიერ დროს გამოიყენონ რესურსად საჭიროების შემთხვევაში.
ჩვენი კლუბის მოსწავლეებისთვის ესაა სწავლა კეთებით. ვიდეოებს აქვს ასობით ნახვა. საკლუბო მუშაობაში ჩაერთო მეზობელი სკოლის მოსწავლეები, მივიღეთ მოწვევა სხვადასხვა უნივერსიტეტის ლაბორატორიებიდან, სადაც განხორციელდა ვიზიტები.
ჩემი პრაქტიკის განმავლობაში ამ ტიპის აქტივობები დამეხმარა, რომ გამეზარდა მოსწავლეთა ჩართულობა კვლევითი საქმიანობის, პროექტების წარმართვის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართულებით. დაგვემყარებინა აქტიური კომუნიკაცია სასკოლო თუ სკოლის გარეთ საზოგადოებასთან როგორც პირადად, ისე ტექნოლოგიების გამოყენებით, თავად მიგვეღო ან გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. გაგვეფართოებინა თვალსაწიერი პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით. მოსწავლეებში განმევითარებინა თვითრეგულაციის უნარები. რაც მთავარია, დაენახათ ქიმიის, როგორც მეცნიერების როლი ყოფა-ცხოვრებაში, გაზრდილიყო მოტივაცია უკეთ ისწავლონ ქიმია და თეორიულთან ერთად, მიეღოთ მეტი ინფორმაცია პრაქტიკულ საკითხებზე.
ასევე იხილეთ:
დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?