GE

პრემიერ-მინისტრი ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვაზე საუბრობს – „უკვე გვაქვს შეთანხმებები საერთაშორისო ექსპერტებთან“

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში დაგეგმილია ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა, რომლის შემუშავებაშიც ქართველებს უცხოელი ექსპერტები დაეხმარებიან.

ინიციატივაზე საუბრის დროს პრემიერმა თქვა, რომ სასწავლო პროგრამებში ცვლილებები, პედაგოგების გადამზადება და სხვა პრიორიტეტები, რომელიც მისი მთავრობის ხედვას უკავშირდება, უპირველესად ითვალისწინებს, რომ განათლების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.

„ყველა რეგიონში აშენდება და მოხდება ყველა სკოლის და ბაღის მასშტაბური რეაბილიტაცია. ყველა სასწავლო დაწესებულებაში, ეს იქნება სკოლა, ბაღი, პროფესიული თუ უმაღლესი სასწავლებლები, პედაგოგების ანაზღაურება იქნება გაზრდილი, იქნება ღირსეული და რაც ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანია, პედაგოგის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული.

ამასთან ერთად, დაინერგება უახლესი სასწავლო მეთოდები და, ბუნებრივია, მოხდება პედაგოგების გადამზადება. ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შეთანხმებები გაფორმებული ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან, რომელიც განათლების სექტორზე მუშობს და ჩვენ შესაბამისად შევცვლით პროგრამებს და მიდგომებს რომელიც დღეს გვაქვს სისტემაში.

ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და ევროპულ კრიტერიუმებს უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები და პროფესიული სასწავლებლების მიერ გაცემულის სერტიფიკატები იქნება აღიარებული ევროკავშირში, რაც საშუალებას მისცემს ყველა ახალგაზრდას, ვინც მიიღებს განათლებას საქართველოში, რომ დასაქმდეს მსოფლიოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში. ამ ინიციატივით ვაპირებთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ის ისტორიული როლი, რაც ოდითგან ჰქონდა – ის იყოს კულტურის და განათლების ცენტრი მთელი რეგიონისთვის“, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

2022 წელს განათლების სექტორის დაფინანსება 3 მილიარდს გადააჭარბებს და ყველა შემდგომ მთავრობას ექნება ვალდებულება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური