GE

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 3 ოქტომბერს, დაიწყო და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია

რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურს ცენტრებსა და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით.

რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც მოქმედებს ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები. სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 29 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის ჩატარდება პრე-ტესტი, ხოლო 30 ოქტომბერს ჩატარდება ერთიანი პროფესიული ტესტირება.

სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზეა შესაძლებელი. მათ შორისაა 50-მდე ახალი მოდულური პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით იქნა შემუშავებული. ასევე, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, დაიწყება სამი პროფესიული პროგრამის (მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებით) განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმით. დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევის და სწავლების პროცესში. დუალურ პროგრამებს პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებენ ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯები. პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში.

სამინისტროს ცნობითვე, სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მოწყვლად ჯგუფებზეც, გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი დევნილი პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურების ფორმით; განახლებულია ტექნიკურ-მატერიალური ბაზები და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის: მათ შეუძლიათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე გაიარონ პროფესიული ტესტირება, შემდეგ კი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ქართულ ენას და გააგრძელონ პროფესიული განათლების მიღება ქართულ ენაზე.

პროფესიული ტესტირების ნიმუშები 

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური