GE

პროფესიული ტესტირება 23 აპრილს ჩატარდება – პროცედურები

პროფესიული ტესტირება 23 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით 09:00 საათიდან დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პრეტესტის გავლის საშუალება მონაწილეებს 22 აპრილს ექნებათ. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

გამოცდაზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპლიკანტი ყურადღებით უნდა გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.

წელს პირველად აპლიკანტებს საშუალება აქვთ ბარათები ვებგვერდიდან www.vet.emis.ge ამობეჭდონ. საგამოცდო ბარათის მიღება ასევე შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2017 წლის საგაზაფხულო სესიისათვის 8 500-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 28 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა სპეციალური საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

პროფსასწავლებლებში ჩაბარების მსურველთა საგამოცდო ტესტების ნიმუშები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური