პუნქტუაცია – გზამკვლევი სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებისათვის (ნაწილი – I)
ავტორი: დოდო კობიაშვილი, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის სოფ. ოზნის კონსულტანტ-მასწავლებელი.
პუნქტუაცია – სასვენი ნიშნები
(1-ელი ნაწილი)
სასვენი ნიშნების დახმარებით გადმოიცემა წინადადების, გამოთქმის, ფრაზის შინაარსი ინტონაციის, ემოციის გამოხატვის თვალსაზრისით. არასწორად დასმულმა სასვენმა ნიშანმა შეიძლება წინადადებას აზრი შეუცვალოს. ბევრს გვახსოვს აკაკი წერეთლის ერთ-ერთი სხარტულა: „ისწავლე, შვილო, ისწავლე მამაშენივით, ვირი არ გამოხვიდე“ და „ისწავლე, შვილო,ისწავლე, მამაშენივით ვირი არ გამოხვიდე“. როგორც ვხედავთ, მეორე წინადადებაში მძიმის ადგილის შეცვლამ (ისწავლე, შვილო,ისწავლე,) სრულიად სხვა შინაარსი შესძინა წინადადებას, ამიტომ აუცილებელია პუნქტუაციის, სასვენი ნიშნების სწორად გამოყენების ცოდნა.
თანამედროვე ქართული დამწერლობა ძირითადად მიჰყვება საერთაშორისოდ აღიარებული პუნქტუაციის სისტემას, მათი გამოყენების წესებს და იყენებს 13 სასვენ ნიშანს, ესენია: წერტილი, მძიმე, წერტილ-მძიმე, კითხვის ნიშანი, ძახილის ნიშანი, კითხვა-ძახილის ნიშანი, ორწერტილი, დეფისი, ტირე, ტირე და მძიმე, ფრჩხილები, ბრჭყალები, მრავალწერტილი.
1. წერტილი იხმარება ა. თხრობითი წინადადების ბოლოს,როცა წინადადებით გადმოცემული აზრი დასრულებულია: მოსაღამოვდა. შარაზე ნახირი გამოჩნდა. დედაკაცობა წამოიშალა. ბ. შემოკლებულ სიტყვასთან – სოფ.(სოფელი), გვ.(გვერდი), გ. ლეონიძე (გიორგი ლეონიძე) გ. რაიმეს ნუმერაციის დროს, რიცხვის ან ასო-ნიშნის შემდეგ: 1. 2. ა. ბ. დ.
თუ წინადადებას ბოლოში მოსდევს ფრჩხილებში ჩასმული დამატებითი ინფორმაციის მატარებელი სიტყვა ან წინადადება, წერტილი დაისმება ფრჩხილების შემდეგ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“ (შ.რუსთაველი).
2. კითხვის ნიშანი დაისმის კითხვითი წინადადების ბოლოს:
– მაშ, ურემი უნდა გადავყაროთ?
– მერედა უურმოდ ქართველი კაცი გაგონილა?
– განა სოფელი ბრმა არი, განა გულზე გახვრეტა მეტიღა იქნება?
3. ძახილის ნიშანი დაისმის ბრძანებითი და ძახილის წინადადებების შემდეგ. ა. ძახილის ნიშანი ბრძანებით წინადადებასთან (ებრძანება მეორე პირს):
– ადე, თავხელო, ცისკარი გადავიდა!
– თავიდან მოიშორე, თორემ ჩვენთან დაიდებს ბინას! – თითისტარი მიეცი! -თავს ჩიქილა დახურე! – ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი! გამიშვით! ბ. ძახილის ნიშანი ძახილის წინადადებასთან (გამოხატავს გრძნობას, ემოციას): – ჰოი, შენ კი გენაცვალე!
– ნიავქარს მივდევდი, ნიავწანწალას! – ჰაი, შე ნახშირის ჯორო! – ჰაი, შე სტუმარშინმიუყვანელო! მზე დაიწვა!
– ძახილის ნიშანი დაისმის შორისდებულის შემდეგაც, როცა ძლიერი გრძნობაა გადმოცემული:
– უუ! ულმებელო სიციცხლევ! ზმმ! – შეზმუვლებდა ზოგჯერ მტრის სიცოცხლით შეძრწუნებული.
4. კითხვა-ძახილის ნიშანი დაისმის კითხვა-ძახილის წინადადების ბოლოს,როცა გაკვირვებასთან ერთად გადმოცემულია ძლიერი გრძნობა/ემოცია: – ფრთა გაუშლია იორს, დახე, რა ლამაზია?! – ღმერთი არ არიო?! – მაშ, როგორღა ანათებს მზე?! – მაშ, ავი სული არ ხარ?!
სასვენი ნიშნები განკერძოებულ სიტყვებთან და გამოთქმებთან
5. მძიმე დაისმის შორისდებულების, განკერძოებული სიტყვების (მიმართვის, ჩართულის, დანართის, განკერძოებული განსაზღვრებისა და განკერძოებული გარემოების) შემდეგ. მძიმე შორისდებულთან: – ვაი, ვეღარ გავიგებთ ციციკორეს დარიგებას! უუჰ, როგორ მომნატრებია თავისუფლების სურნელი! – ეგრე, ეგრე, ვეფხვო!
მძიმე მიმართვასთან. მიმართვა წოდებით ბრუნვაში დასმული სახელია. ის შეიძლება გადმოიცეს ერთი სიტყვით, ან ახლდეს მიმყოლი სიტყვები (რამდენიმე სიტყვა). მიმართვის ადგილი შეიძლება იყოს წინადადების თავში, შუაში ან ბოლოში. თუ მიმართვა წინადადების თავშია, თავის მიმყოლ სიტყვებთან ერთან, მძიმით გამოეყოფა წინადადებას, თუ შუაშია, ორივე მხრიდან დაესმის მძიმეები, ხოლო, თუ წინადადების ბოლოშია, მის წინ დაისმის მძიმე.
მიმართვა წინადადების თავში: უფალო, შენ დამეხე, დაწვი, დანაცრე ჩემი მტერი! – შე კაი კაცო, რას იკლავ თავს ამ ბნელაში! – ხმელეთის გამჩენო, შენ დაკეტე ნადირის კბილი, შენ დააბრმავე ყორნის თვალი.
მიმართვა წინადადების შუაში: – ეს შენა ხარ, მუცელავ, სოფელი რომ გააციე? – არა გრცხვენია, შე ოტროველავ, შენ მართლა გგონია, შე ბნელო კაცო, რომ შენს ბადეში ნინუცა ებმება?
მიმართვა წინადადების ბოლოში: -კიდევ გამოდი ძოვნად, ირემო! – ახლა შენ გაიხარე, ჩორეხის მემკვიდრევ! – კიდევ მაჩვენე ფრთები, ქოჩორა მტრედო!
მძიმე ჩართულთან
ჩართულიც განკერძოებული სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც გამოხატავს მთქმელის დამოკიდებულებას წინადადებაში გამოთქმული აზრის შესახებ. ჩართული სიტყვებია: ჩემი აზრით, საბედნიეროდ, სამწუხაროდ, ამგვარად, უეჭველად, როგორც ამბობენ, ჯერ ერთი, მერე მეორე, მაშასადამე, ბოლოს და ბოლოს,გენაცვალე… ზოგჯერ მთელი წინადადებაც ჩართულია. ჩართულიც შეიძლება იყოს წინადადების თავში, შუაში ან ბოლოში.
ჩართული წინადადების თავში თუა, მის შემდეგ დაისმის მძიმე: მართლაც, საიდან მოდის სილამაზე, ან სად მიდის? ახი კი იყო ციციკორეზე, ყველას თავის ნებასა და სურვილს რომ აძალებდა. ვინ იცის, როგორ მოსწყურდა ღვინო საიქიოში. – რა ვუყოთ მერე, მე ახლად ჩამოცვენილი ფურცელი ვარ. – რასაკვირველია, თან ამქვეყნად ვიყავ, თან სრული გონება მქონდა.
ჩართული, თუ წინადადების შუაშია, ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა: წადი, გენაცვალე, არ დაისიცხო. ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი! – შინ შემობრძანდი, უკაცრავად, ავი სული მეგონე. – ჩემს ვაჟკაცობაში, უნდა მოგახსენოთ, ბევრს ირემს უზიდნია კისრით ჩემი ისარი.
თუ ჩართული წინადადების ბოლოშია, მის წინ დაისმის მძიმე: – თქვენი ნათლია ღვინჯუა ვარ, შენი ჭირიმე! – ეს რა ღვინის მსუნაგი ყოფილა, გენაცვათ!
მძიმე დანართთან
დანართი არის განკერძოებული სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც დამატებით ინფორმაციას ან დაზუსტებას შეიცავს წინადადების იმ წევრის შესახებ, რომელსაც უკავშირდება/შეიძლება ახლდეს მიმყოლი სიტყვები. დანართი,ისევე როგორც სხვა განკერძოებული სიტყვები, მძიმით გამოიყოფა თუ წინადადების თავშია ან ბოლოში, თუ შუაშია – ორივე მხრიდან მძიმეებით.
დანართი, ისევე როგორც სხვა განკერძოებული სიტყვები, მძიმით გამოიყოფა თუ წინადადების თავშია ან ბოლოში, თუ შუაშია – ორივე მხრიდან მძიმეებით.
მარიტას უხრწნელი სილამაზე, მთვარის საშუბლე, პიტალო ვერცხლური სახე, დამარმარებული ყელი, სიკვდილშიც კი მომხიბლაობდა. მთელი კახეთის მებატონე იყო მამაჩემის პაპა, შერმდინ დარბაზბატონი. მამაჩემის, ამილახვრის, სუფრაზე ყოველდღე თითო ძროხა იკვლებოდა.
დანართი სიტყვები შეიძლება ტირით / ტირეებით გამოეყოს წინადადებას: უნაგირზე პატარა გოგო შემოესვა – მარიტა.
განებივრებული ვყავდით ციციკორეს ცოლს – კონიას.
- ფრთხილმა სტუმრებმა წასვლა იჩქარეს- გაცლა სჯობსო -ხელერთპირიაბად გარბოდნენ.
- შეიძლება ფრჩხილებშიც ჩაისვას: ფრთხილმა სტუმრებმა წასვლა იჩქარეს (გაცლა სჯობსო) ხელერთპირიაბად გარბოდნენ.
- შეიძლება ორწერტილიც ვიხმაროთ: ფრთხილმა სტუმრებმა წასვლა იჩქარეს ხელერთპირიაბად გარბოდნენ: გაცლა სჯობსო.
განკერძოებული განსაზღვრება
განკერძოებული განსაზღვრება პაუზით გამოეყოფა საზღვრულ წევრს და მასზე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, დაესმის კითხვა როგორი? შეიძლება ახლდეს მიმყოლი სიტყვები, შეიძლება -არა. განკერძოებული განსაზღვრების ადგილი წინადადებაში შეიძლება იყოს თავში, შუაში ან ბოლოში. როცა ის წინადადების თავში ან ბოლოშია, მძიმით გამოეყოფა წინადადებას, როცა შუაშია – ორივე მხრიდან მძიმეებით:
ძნელად დასაჯერებელი, გაუგონელი ამბავია.
მზიანი დარი გამოვიდა, ნამდვილი საკიაიდღეო, სამოყვრო;
ისევ ზვინივით მიაბიჯებდა მუხლადი ღვინჯუა, ასეჯერ დაცემული, ასჯერ წამომდგარი..
ზაფხულის ნაცრისფერი წვიმა გათენდა, ნაწვიმარი, ნაცივარი.
თაშნაურა, თაფლოვანი სიტყვის პატრონი, მუდამ ამართლებდა კეთილ ჩიკოტელას.
განკერძოებული განსაზღვრება შეიძლება ფრჩხილებში ჩაისვას:
ბებო ბერდია (შრომაში გამდნარი და გაცვეთილი) ტახტზე ყარყუმივით იჯდა.
განკერძოებული განსაზღვრება შეიძლება წინადადებას ტირით/ტირეებით ან ორწერტილითაც გამოეყოს:
შესანიშნავი ბიჭი იყო მეძროხე გედიაც – რჩეულებში ამორჩეული.
დაინახა ჯიხვის ხრო – განთიადური შუქით განათებული.
ღვინჯუა მართლაც გამორჩეული თამადაა: ყელმოჭედილი, ჭკუამომატებული, მართალი კაცი.
სასვენი ნიშნები განკერძოებულ გარემოებასთან
განკერძოებულია გარემოება, როცა მას მოსდევს ამხსნელი, დამაზუსტებელი სიტყვა. იგი შეიძლება პაუზით გამოეყოს წინადადებაში სხვა სიტყვებს და განკერძოებით დადგეს. ძირითადად განკერძოვდება ადგილის, დროისა და ვითარების გარემოებები, იშვიათად – მიზეზისა და მიზნის. როგორც განკერძოებული განსაზღვრების შემთხვევაში, განკერძოებული გარემოებაც გამოიყოფა მძიმით/ მძიმეებით, იშვიათად ტირეებით.
სუფრის ბოლოში, კარებთან ახლოს დურგალი იჯდა მოწყენილი.
ერთხელ, დიდმარხვას, ძალიან ავად გავხდი.
აქ, ამ ბნელაში, სიცოცხელე მირჩევნია თქვენს მზიურობასო.
იორგაღმა, ამაზამბურის მინდორში, ყანის მკის დროს, ჩიკოტელა…
გაცივებული ღვინო (როგორც ვარდი) ისე უნდა იდგეს მინაშიო.
თავის სავაჟკაცო ამბებს გვიამბობდა ციციკორე ვერხვის ქვეშ (ივრის წისქვილთან).
ბეჩავი ნისლებს უწვება მთაში, მარტოდმარტო.
ერთმანეთის ტოლის დამდებნი ერთად ისხდნენ, ამხანაგურად.
ქაჩა სოფლის განაპირას იდგა სულ ბოლოს – კლდოვან კონცხზე.
ასევე იხილეთ:
მეტაფორა და შედარება – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- სკოლების ავტორიზაციის საბჭო კიდევ 5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხს 27 ნოემბერს განიხილავს by ARIS.GE-განათლება
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე