GE

რა არის სასკოლო ოლიმპიადების მიზანი – ბიზნესი, თუ ცოდნის შემოწმების საშუალება?

სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი კონკურსი ტარდება. არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ოლიმპიადები, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა მოსწავლეს შეუძლია და თუკი გამარჯვებულებს შორის მოხვდება, საკმაოდ სოლიდურ პრიზებსაც იღებს. მედლები, სიგელები, ფასიანი საჩუქრები, შემეცნებით-დასასვენებელი ტურის საგზურები და რაც მთავარია, აღიარება სკოლაში, – ესაა ის ბენეფიტები, რომლითაც ოლიმპიადების გამარჯვებულები სარგებლობენ. თუმცა მანამდე რთული გზაა გასავლელი, მით უმეტეს, რომ ოლიმპიადებს თან ბევრი ხარვეზი ახლავს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა და მას გამოცდების ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობს. კერძო ოლიმპიადებისგან განსხვავებით, მასში მონაწილეობის მიღება უფასოა. თუმცა 2013-2014 სასწავლო წლიდან სახელმწიფო  ოლიმპიადა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში (X-XII კლასებში) ტარდება, რაც შეიძლება ითქვას, დაბალი საფეხურის მოსწავლეებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან მათაც სურთ,  გამოცადონ საკუთარი თავი მსგავს კონკურსებზე.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, სკოლის დაბალი საფეხურის მოსწავლეებს კერძო ოლიმპიადებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება:

iva-iva„სახელმწიფო ოლიმპიადები საშუალო საფეხურზე ტარდება: მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. 2014 წლიდან დაწყებით საფეხურებზე არ ტარდება. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი ისაა, რომ ზედა საფეხურზე უფრო მომზადებული ოლიმპიადაა. თუმცა არსებობს, კერძო ოლიმპიადები, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია“, – ამბობს ივა მინდაძე.

მართალია, კერძო პირების მიერ ორგანიზებული ოლიმპიადების რაოდენობა დიდია, მაგრამ მათ  მიერ ჩატარებული კონკურსების დროს ძალიან ბევრი ხარვეზი გამოვლენილა: დაუგვიანებიათ, ან არ გადაუციათ გამარჯვებულებისთვის კუთვნილი პრიზები, ცუდი ორგანიზებულობის გამო კიდეც ჩაშლილა ოლიმპიადა. EDU.ARIS.GE ამის დამადასტურებელ კონკრეტულ შემთხვევებზეც წერდა. ამას გარდა, როგორც აღვნიშნეთ, კერძო ოლიმპიადების ტურებში მონაწილეობის მიღება ფასიანია.

„სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან გულიაშვილი მოსწავლეებს მეტი დაცულობისთვის სახელმწიფო ოლიმპიადებში მონაწილეობას ურჩევს:

„მე მაინც ვურჩევდი  მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ სახლმწიფოს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში, სადაც ვფიქრობ, მეტი სანდოობა.  კერძო კონკურსებთან დაკავშირებით უამრავი  პრობლემატური საკითხი წამოიჭრა ბოლო ხანებში.

hqdefaultარასწორად ორგანიზებულმა ოლიმპიადამ  პოზიტიურის ნაცვლად შესაძლოა მოსწავლეთა მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. ვფიქრობ,  ოლიმპიადა არ უნდა იყოს ფასიანი. არც მასში მონაწილეობა არ უნდა იყოს თვითმიზანი. ამას უნდა შევხედოთ ისე, თუ რა დადებით გავლენას  მოახდენს მოსწავლეზე. კერძო ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და მშობლების  მიზნები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს და ეს ხდება  შემდგომში პრობლემების მიზეზი, ამიტომ ვურჩევ მშობლებს,  დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ  ამ მიმართულებით “, – აცხადებს გულიაშვილი.

მუხრან გულიაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთი კერძო ოლიმპიადის ორგანიზატორებმა  კონკურსის მიმდინარეობის დროს შეცვალეს პირობები და გამარჯვებულ მოსწავლეს არ გადასცეს ის პრიზი, რომელიც მას ეკუთვნოდა. 

„ასეთ დროს, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ გარკვეული ხელშეკრულება დაიდოს წინასწარ ოლიმპიადის ორგანიზატორებსა და  მონაწილეებს შორის. მოსწავლეებს და მათ მშობლებს ვურჩევდი, მოსთხოვონ ორგანიზტორს ხელშეკრულების გაფორმება“, – აცხადებს ორგანიზაცია  „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი.

ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ კერძო ოლიმპიადების ორგანიზატორები, ვინ ადგენს და ასწორებს ტესტებს, რატომ ხდება ზოგიერთი კონკურსი მშობლების და მოსწავლეების უკმაყოფილების მიზეზი და რა როლი აქვს ამ ყველაფერში განათლების სამინისტროს.

როგორც გაირკვა, სამინისტრო ამ პროცესში არ ერევა და კერძო ოლიმპიადების ჩატარების ორგანიზატორები საკუთარი ნება-სურვილით მოქმედებენ.

„განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად ტარდება კერძო ოლიმპიადები. არც ტესტების შედგენას ვაკონტროლებთ. რაც შეეხება მათ პროგრამებს, ვერ გეტყვით რითი ხელმძღვანელობენ, ალბათ, ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ექნებათ. ის ატარებს სახელმწიფო ეროვნულ ოლიმპიადას“,- გვითხრეს სამინისტროში.

„ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად ტარდება სხვადასხვა კლასში კერძო  ოლიმპიადები. არ გვაქვს შეხება. რაც შეეხება კონკურენციას, არ აღვიქვამთ კონკურენტებად. რაც უფრო მეტ ცოდნას მიიღებს მოსწავლე, მით უკეთესია“, – გვიპასუხეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩვენს შეკითხვაზე – აქვთ თუ არა კავშირი კერძო ოლიმპიადებთან.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, კერძო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ოლიმპიადების ხარისხს არავინ ამოწმებს. „კინგსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სესილი გელოვანი ამბობს, რომ ხარისხს თვითონ მომხმარებელი აკონტროლებს, ტესტებს კი კონკრეტული საგნის სპეციალისტთა ჯგუფი ადგენს, რომლის წევრებიც რიგ შემთხვევებში იცვლებიან.

„დღეისათვის იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ორგანიზაცია მოღვაწეობს, მათ შორის საქართველოში, ესტონეთში, ლიტვასა და პოლონეთში მსგავსი ტიპის საქმიანობით დაკავება ლიცენზიის აღებას არ მოითხოვს. ჩვენი კომპანია მუშაობს ინიციატივაზე, რათა მაქსიმალურად ამაღლდეს სტანდარტი მსგავსი ოლიმპიადების ორგანიზების დროს.  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხი დღესაც კონტროლდება და ამას მომხმარებელი აკეთებს თავად. ორგანიზაციები, რომლებიც დაბალი ხარისხის აქტივობებს სთავაზობენ მომხმარებელს, ძალიან ცოტა ხნით არსებობენ ამ სივრცეში, ვინაიდან მომხმარებელი უარს აცხადებს, მათ მიერ ორგანიზებულ დაბალი ხარისხის ღონისძიებებზე“,- ამბობს სესილი გელოვანი.

მათემატიკური  ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძვნებელს დაჩი ნანობაშვილს მიაჩნია, რომ განათლების სამინისტრო უნდა აკონტროლებდეს ოლიმპიადების ტესტების ხარისხს, რადგან მისი აზრით, ბევრი ოლიმპიადა არ არის სანდო.

„სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სასკოლო ოლიმპიადების ლიცენზირების სტანდარტები. სამინისტროს არ გააჩნია მსგავსი რეგულაციები და ოლიმპიადებს შორის არჩევანის გაკეთება თვითონ მშობლებს და მასწავლებლებს უწევთ ოლიმპიადების საქმიანობის შეფასების შედეგად.

სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო არ ერევა კერძო ოლიმპიადების მიმდინარეობის პროცესში. ჩვენ თვითონაც ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ სამინისტრო უფრო აქტიურად დაინტერსდება ამ საკითხით, გააკონტროლებს ტესტების ხარისხს, ოლიმპიადების ჩატარების უსაფრთხოებას და შეფასების ობიექტურობას. ამ გზით, მომხმარებელს მიეცემა საშუალება, არჩევანი შეაჩეროს მაღალი სტანდარტების მქონე ოლიმპიადაზე და არ დარჩეს იმედგაცრუებული.

ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა სასკოლო ოლიმპიადები, თუმცა ყველა როდია ხარისხიანი და სანდო. მსგავსი ოლიმპიადები და მათ მიერ დაშვებული შეცდომები კი ზოგადად ოლიმპიადებს უფუჭებს სახელს.  სწორედ ამიტომ,  მივესალმებით, თუკი  სამინისტროს ჩართულობით გამოიკვეთება ის ოლიმპიადები, რომლებიც იმსახურებენ, იყვნენ საგანმანათლებლო ასპარეზზე“, – აღნიშნავს ნანობაშვილი.

კერძო ოლიმპიადები –  ფულის შოვნის კარგი საშუალება?

ოლიმპიადების სიმრავლე, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მონაწილეობა ფასიანია აჩენს ეჭვს, რომ ბევრი კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული და ოლიმპიადებს როგორც ბიზნესს ისე უყურებს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ბიზნესის განყოფილებაში EDU.ARIS.GE-მ რამდენიმე ორგანიზაცია მოიძია, რომლებიც როგორც შპს ოლიმპიადა ისეა რეგისტრირებული. ასევე  არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ კერძო ოლიმპიადები ფულის შოვნის კარგი საშუალებაა, რომ პირველი ტური ადვილია, მეორე ტურში ბევრი მონაწილე სწორედ თანხის გამო გადაჰყავთ. ამ ბრალდებაზე „ევერესტის“ დამფუძვნებელი დაჩი ნანობაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ არის საფუძველს მოკლებული.

„ეს უსაფუძვლო ბრალდება არ გახლავთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ევერესტი“ გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას რადგან ოლიმპიადის სამ ტურად ჩატარება სწორედ ჩვენი დანერგილია. თავდაპირველად ოლიმპიადა „ევერესტი“ ტარდებოდა ორ ტურად. მომხმარებელი კონკურსში მონაწილეობის საფასურს იხდიდა პირველ ტურში, მე-2 ტური იყო უფასო. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მონაწილეების არცთუ პატარა ნაწილი ჯერ არ იყო მზად საკონკურსო ამოცანების ამოსახსნელად. სწორედ ამის გამო დავამატეთ შესარჩევი ტური, რათა მოსწავლეებს კარგად შეეფასებინათ საკუთარი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, აღნიშნულ ფორმატს ბოროტად იყენებს არაერთი ოლიმპიადა“, – აღნიშნავს ნანობაშვილი.

„კინგსის“ პიარმენეჯერი სესილი გელოვანი კი ოლიმპიადებში თანხის გადახდის აუცილებლობას ხედავს, ვინაიდან მისი ორგანიზებისთვის კომპანია თანამშრომლებს და ფართს ქირაობს. რაც შეეხება პირველი ტურის სიმარტივეს და შემდგომი ეტაპების სირთულეს, სესილი გელოვანი გვპასუხობს:

„ეს არის მოსაზრება, რომელსაც ზოგიერთი მშობელი გამოთქვამს. ბუნებრივია, ჩვენც გვაქვს მათთან კომუნიკაცია, ძალიან მჭიდრო და აქტიური. ძირითად შემთხვევებში ასეთ აზრს  ის მშობლები გამოთქვამენ, რომლებიც კარგად არ არიან გათვითცნობიერებული ყველა იმ ბენეფიტში, რომელსაც ჩვენი ოლიმპიადით მოსწავლეები იღებენ.

ნამდვილად, პირველი ტური არის მარტივი, პირველ ტურზე მონაწილეს და მშობელს ეძლევა საშუალება, შეაფასოს ოლიმპიადის ხარისხი, დაწეროს ტესტი და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, გააგრძელოს თუ არა ასპარეზობა ამ ოლიმპიადაზე. პირველი ტური არის შესარჩევი ტური და ის უნდა იყოს მარტივი, მეორე და მესამე ტურში ტესტები დინამიურად რთულდება. მაგალითად 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით სამივე საგნის ოლიმპიადაზე საშუალოდ, პირველიდან მეორე ტურში  მონაწილეთა 81%, ხოლო მეორედან ფინალურ ტურზე მონაწილეთა 73% გადავიდა.

რაც შეეხება “ფულის შოვნას” , მინდა მოგახსენოთ, რომ ოლიმპიადის ჩატარება იმ მასშტაბით როგორსაც „კინგსი“ ატარებს, მონდომებასთან და პროფესიონალიზმთან ერთად  ფინანსებთანაა დაკავშირებული. ოლიმპიადის ჩატარების დღეს ათი ათასობით მოსწავლეს მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი ემსახურება. აგრეთვე, ყოველდღიურად, სწორედ კინგსელებისთვის, ორმოცდაათზე მეტი ადამიანი მუშაობს საქართველოს რამდენიმე ქალაქში განთავსებულ ოფისებში. ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს კინგსი საქართველოში განვითარებადი კომპანიაა,  ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობს და ექსპანსიის პროცესშია“, – აცხადებს სესილი გელოვანი.

ოლიმპიადები, როგორც აღვნიშნეთ,  ცოდნის შემოწმებასთან ერთად საკმაოდ მიმზიდველ პრიზებს სთავაზობენ მოსწავლეებს, თუმცა, თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული, რომელს ენდობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული არ დარჩეს.

„არასოდეს არ მიაღებინოთ თქვენს შვილს მონაწილეობა შერლოკის ოლიმპიადაში“

გაუქმდა თუ არა „შერლოკის ოლიმპიადა“? – რა პასუხი აქვთ ორგანიზაციაში

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური