GE

რა გამონაკლის შემთხვევაში შეძლებს პირველკლასელი კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადასვლას და რა წერია მობილობის ახალ წესში

Aris.ge-განათლებამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პირველკლასელთა მობილობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მედიასაშუალებებში, ისე იმ პირველკლასელების  მშობლების მხრიდან, რომელთაც შვილი ასაკის გამო კერძო სკოლაში იმ იმედით შეიყვანეს, რომ მომდევნო სემესტრიდან, როდესაც უკვე სასურველ ასაკს მიაღწევდა, კვლავ საჯარო სკოლაში გადაიყვანდნენ. მას შემდეგ, რაც მობილობის ახალი წესი დსაბოლოოდ დამტკიცდა, Aris.ge-განათლება დაინტერესდა, დეტალურად რა ცვლილებები განხორციელდა პირველკლასელთა მობილობის წესსა და პროცედურაში, რას გულისხმობს გამონაკლისი შემთხვევები, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას მინისტრი დისკრეციის წესით იღებს და ბავშვს სკოლის ცვლილების საშუალება კანონის მიუხედავად მაინც ენიჭება. ჩვენ უწყებიდან ახალი დოკუმენტი გამოვითხოვეთ და რამდენიმე ღიად დარჩენილ კითხვაზეც დამატებითი განმარტება მივიღეთ.

სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პირველკლასელთა მობილობის წესთან დაკავშირებული რეგულაციები და პროცედურები დააზუსტა. დაზუსტების თანახმად კი:

„მობილობა დაუშვებელია ერთი სასწავლო წლის განმავლობაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც სწავლა დაიწყეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თარიღზე გვიან.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი ავტონომიური რესპულიკის განათლების სამინისტრო, უფლებამოსილია ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, იმ პერიოდში, როცა კანონით მობილობა დაუშვებელია, მიიღოს გადაწვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტში.

გამოდის, რომ კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია ამ კატეგორიის მოსწავლეებთან დაკავშირებით დაიშვას გამონაკლისი. რა იგულისხმება დოკუმენტში ნახსენებ „ობიექტურ მიზეზებში“, აღნიშნულზე დამატებითი განმარტებისთვის Aris.ge-განათლებამ სანიკიძის უწყებას მიმართა.

„გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, თუ ოჯახმა საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა და აუცილებელია ბავშვის სკოლის გამოცვლა. ავადმყოფობა,  ან სხვა ობიექტური გარემოებები, რომელსაც სამინისტრო განიხილავს, შეისწავლის, დაადგენს მის ობიექტურობას და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას. სამინისტროში შესული ყველა ამ ტიპის განაცხადი სიფრთხილით და მაქსიმალური ყურადღებით იქნება განხილული“, – განუმარტეს Aris.ge-განათლებას სამინისტროში.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, დაზუსტდა მობილობისას განსახორციელებელა მთელი რიგი პროცედურებიც. კანონში ვკითხულობთ:

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში გათვალისწინებული სპეციალური მოდულის მეშვეობით, ელექტრონულად ახორციელებენ მოსწავლეთა მობილობას.

2. მობილობის პროცესში მონაწილე მხარეები:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე;

ბ) მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

3. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, მობილობის შესახებ წერილობით მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლიდანაც გადადის მოსწავლე და მიმღებზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

4. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის/განცხადების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ავსებს მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მობილობის მოთხოვნის ელექტრონულ ფორმას თან ურთავს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, ახდენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობაზე შემოსული ელექტრონული მოთხოვნის დადასტურებას ან უარყოფას.

7. ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა რომლიდანაც გადადის მოსწავლე უზრუნველყოფს მოსწავლის ამორიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას.

8. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, პროცესი წყდება.

9. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი ფორმით აცნობოს დასაბუთებული უარი მოსწავლის მობილობის ფორმით გადაყვანის თაობაზე.

10. მობილობის ელექტრონული მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ სკოლის დირექტორის ბრძანების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსებას/ატვირთვას და მობილობის პროცესის დასრულებას.

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა მობილობის შესახებ რეგულაციის დაზუსტება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გაირკვა, რომ იმ პირველკლასელთა მშობლები, რომლებმაც ასაკობრივი შეზღუდვის გამო, შვილები კერძო სკოლაში მიიყვანეს, ერთი, ან ორი სემესტრის დახურვის შემდეგ ბავშვის ისევ საჯარო სკოლაში გადაყვანას გეგმავდნენ. ეს კი კანონმდებლობით, ან რაიმე რეგულაციით აქამდე შეზღუდული არ ყოფილა და ადგილების არსებობის შემთხვევაში, მიმღები სკოლა ბავშვის გადაყვანის პროცედურებს თავად განკარგავდა.

როგორც ცნობილია, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოქმედი და ახალი რეგულაციით, წელს პირველკლასელები მხოლოდ ის ბავშვები გახდნენ, ვისაც 6 წელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 14 სექტემბრამდე შეუსრულდათ. თუმცა,  რადგან კერძო სკოლები სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ და რამდენიმე მათგანში სწავლა 14 სექტემბრის შემდეგ იწყება, ბავშვებს, რომლებიც საჯარო სკოლაში ასაკის გამო ვერ მოხვდნენ და ამავდროულად 6 წელი კერძო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მაინც ეძლეოდათ.

პირველკლასელების კერძო სკოლიდან საჯაროში გადაყვანა შესაძლებელი აღარ იქნება

მინისტრის ბრძანება “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ”

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური