GE

რა მიზნებისთვის ესაჭიროება 7 მილიონამდე ლარი სახელმწიფოსგან შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს

2007 წელს დაარსებული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სადაც 1 (საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის) ფაკულტეტია, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და სახელმწიფოსგან 6 800 000 ლარს საჭიროებს.

ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიშიდან ვიგებთ, რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება იყო.

ავტორები მოკვლევის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერენ, რომ უნივერსიტეტს მეტნაკლებად მოწესრიგებულია მატერიალურ – ტექნიკური და ინფრასტრუქტურა, თუმცა, საჭიროებს განახლებას ორივე მიმართულებით. გამოწვევების კონტექსტში რამდენიმე ძირითადი საკითხია დასახელებული, რომელიც, როგორც გივი მიქანაძის კომიტეტი აღნიშნავს, საჭიროებს დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტას, რათა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

3 გაცემული რეკომენდაციის ადრესატები განათლებისა და ფინანსთა სამინისტროები არიან. ყველაზე დიდ ბიუჯეტი კი უნივერსიტეტი მულტიფუნქციური სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობისთვის სჭირდება – 5 000 000 ლარი. საჭირო თანხის შინაარსობრივი დასაბუთება უნივერსიტეტს წარმოდგენილი აქვს, თუმცა რა პრინციპით უნდა განაწილდეს და აითვისონ თანხები – არა.

“მრავალფუნქციური საერთო საცხოვრებელი/სასწავლო და საგანმანათლებლო ფართებით უნდა იყოს წარმოდგენილი და დაახლოებით 100 ადგილზე გათვლილი. სულ შენობის ფართი 3000 კვადრატული მეტრი (აქედან 1700 საცხოვრებელი დანიშნულებით, 1300 საგანმანათლებლო არაფორმალური გარემოს სივრცეები)”, – განმარტავს უნივერსიტეტი განათლების კომიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში.

უნივერსიტეტს 1 500 000 ლარი სჭირდება სენაკში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის დასრულებისთვის, რომელიც 50 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

300 000 ლარი კი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ვეტერინარიის კლინიკის ორგანიზებისთვის სჭირდება, რომლის არსებობასაც, როგორც თავად ხსნიან, რეგიონისთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დარგის განვითარების, ისე იმ გამოწვევებისათვის, რომელიც რეგიონში ამ მიმართულებით არსებობს. რეგიონში 2021-2023წწ. გამოვლენილია არაერთი დაავადება – ცოფი, ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვ. კლინიკა კი უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადებას.

უნივერსიტეტის მოთხოვნის მაჩვენებელი აბიტურიენტებში წლების მიხედვით ასეთია:

“მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოთხოვნადობის მაჩვენებელი, რომელიც 2019-2023წწ მცირედით მზარდია”, – წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, თემატური მოკვლევისას განათლების კომიტეტმა სულ 6 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია. კერძოდ, საკუთარი საჭიროებების შესახებ მოკვლევის ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ასევე იხილეთ:

საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა – რა ფინანსებს ითხოვს სახელმწიფოსგან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

რა დახმარება ესაჭიროება სახელმწიფოსგან ბათუმის უნივერსიტეტს, რომლის დაფინანსებაც 2023 წელს თითქმის 33 მლნ ლარი იყო

რა არსებითი გამოწვევები აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს – განათლების კომიტეტის რეკომენდაციები და საჭირო თანხის ოდენობა

რა საჭიროებებისთვის ითხოვს თელავის უნივერსიტეტი თითქმის შვიდ მილიონ ლარს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური