რა მოგვცა 2025-მა წელმა განათლებაში – „სასწავლო გეგმებისა და სტანდარტების შეცვლისას აჩქარება არ გამოგვადგება“
ავტორი: ნათელა მაღლაკელიძე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების აკადემიის წევრი, ილიას უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
ამ ცოტა ხნის წინ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საზოგადოებას წარუდგინა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც მოიცავს როგორც უმაღლეს, ისე სასკოლო განათლებას. კონცეფციის გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა როგორც დარგის სპეციალისტებს, ისე ფართო საზოგადოების წევრებს შორის. რეფორმა რომ აუცილებელია, ეს სადავო არ არის. განათლების პირველი რეფორმიდან 20-ზე მეტი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ამ ცვლილებებს ვერც განათლების სისტემა აუვლის გვერდს.
პირადად ჩემთვის ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა საგნობრივი ბმა ეროვნულ მიზნებთან, რომელსაც საფუძვლად ედება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზ გ ე მ) განახლებული, 2024 წ-ის, რედაქცია.
ზ გ ე მ-ის წინა, 2004 წლის, რედაქციაში ხაზი იყო გასმული თავისუფალი და სამოქალაქო ცნობიერების პიროვნების აღზრდაზე, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე. ზ გ ე მ-ის განახლებული რედაქცია კი ფოკუსირებულია პატრიოტული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდაზე: „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდაა“.
როგორც ვხედავთ, წინა რედაქციისაგან განსხვავებით ამ დოკუმენტში ყურადღება მახვილდება პატრიოტი მოქალაქის აღზრდაზე, რომელსაც საფუძვლად ედება სახელმწიფო ენის (ჩვენს შემთხვევაში ქართული ენის) მაღალ დონეზე სწავლება. წინა რეფორმის მთავარი ნაკლი სწორედ ის გახლდათ, რომ მან უარი თქვა ქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლებაზე, რაც აისახა კიდეც ჩვენი კურსდამთავრებულების ზეპირსა თუ წერით მეტყველებაზე. წინა რეფორმის ნაკლად მივიჩნევთ იმასაც, რომ მან განსხვავებული ფასეულობითი ღირებულებები წამოსწია წინა პლანზე და ე ს გ-ის არცერთ რედაქციაში სიტყვა აღზრდა ნახსენებიც არ არის.
არის კიდევ სხვა საკითხებიც, რომლებიც ერთი შეხედვით სიახლეებად მოჩანს და მათთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო წრეებში სხვადასხვა აზრი ჩნდება. ესენია:
ა) რეფორმის თანახმად, ყველა საჯარო სკოლაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან;
ერთი საგანი _ ერთი სახელმძღვანელო კარგად დავიწყებული ძველია. წინა რეფორმის ერთ-ერთი სიახლე სწორედ ე.წ. „ალტერნატიული სახელმძღვანელოების“ გაჩენა გახლდათ. მანამდე, 2006 წლამდე, ერთ საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო. უფროს თაობას კარგად გვახსოვს გამომცემლობა „განათლება“, რომელიც სამინისტროს ექვემდებარებოდა და მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა. კარგი იყო ეს თუ ცუდი? ცალსახა პასუხის გაცემა ჭირს. „ალტერნატიული სახელმძღვანელოების“ შექმნის მიზანი გახლდათ, მასწავლებლისთვის მიეცა შესაძლებლობა, თავად აერჩია წიგნი. მაგრამ ჰქონდა კი მას ყოველთვის ამისი შესაძლებლობა? არა. სახელმძღვანელო ბიზნესის საგანი გახდა. ამიტომ არის, რომ ძალიან ხშირად გრიფირებული სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ „ერთი სახელმძღვანელოს“ მოწინააღმდეგეებს ბარემ იმასაც შევახსენებ _ დღეს პირველსა და მეორე კლასებში ქართული ენის მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო გვაქვს. რატომ? ეს არის რეფორმა წინსწრებით?
ბ) სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების გამოყენებას აუკრძალავენ, ხოლო პირველ-მეექვსე კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმები დაბრუნდება;
ამ „სიახლეზე“ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპის ბევრ სკოლაში კარგა ხანია, აკრძალულია გაკვეთილებზე მობილური ტელეფონის გამოყენება. იქნებ მათ მივბაძოთ. რაც შეეხება ფორმებს, იგი ჩვენს ცხოვრებაში უკვე დამკვიდრებულია და ეს კარგად ჩანს კერძო სკოლების მაგალითზე.
გ) სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი;
რატომ გახდა ეს „სიახლე“ ვნებათაღელვისა და კრიტიკის საგანი, გაუგებარია. საქართველოა სწორედ ის ქვეყანა, სადაც 1969 წლიდან 1980 წლამდე ტარდებოდა ექსპერიმენტი 6-წლიანთა სწავლების შესახებ და მომზადდა უამრავი კვლევა 6-წლიანთა სასკოლო მზაობის შესახებ. თქვენს მკითხველს ალბათ მოეხსენება, რომ მაშინდელ საბჭოთა სკოლაში 1980 წლამდე 7-წლიანები მიდიოდნენ. სწორედ ქართული ექსპერიმენტის შედეგები განზოგადდა მთელ საბჭოთა კავშირში. ასე რომ, პირადად მე აქ ვერ ვხედავ ვერანაირ სიახლეს. ისიც აღვნიშნოთ, რომ ეს თარიღი სკოლაში წასვლის, ძალიან ხშირად იცვლება. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს იგი 31 დეკემბრით განისაზღვროს. თუმცა დამერწმუნეთ, ამ ასაკში სასკოლო მზაობისთვის 1-2 თვესაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნაადრევად ნუ ავკიდებთ 5-წლიანებს 6-წლიანების ტვირთს.
დ) სკოლები სახლთან ახლოს;
ჩემი აზრით, საკითხების ამ ჩამონათვალში ყველაზე არსებითი სახლთან ახლოს მდებარე სკოლების საკითხია. კონცეფციის მიხედვით, მოსწავლეთა რეგისტრაცია სწორედ იქ უნდა მოხდეს და ყველამ თავის სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში უნდა ისწავლოს. მშობლების დიდი ნაწილი ამ სიახლეს უკმაყოფილებით შეხვდა. მესმის მათი. სკოლები ხშირ შემთხვევაში არაკონკურენტუნარიანნი არიან. მაგრამ ისიც ვიკითხოთ, გვაქვს კი რეალურად იმდენი სკოლა, რომ ეს სიახლე განვახორციელოთ? არც თუ შორეულ წარსულში საჯარო სკოლების დიდი ნაწილი (ისევე, როგორც საბავშვო ბაღები) გაიყიდა. ბოლო წლებში იშვიათად შენდება ახალ უბნებში სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები. მაგალითად, სად უნდა წაიყვანოს მშობელმა თავისი შვილი დიდი დიღმიდან? აქ სულ სამი საჯარო სკოლაა. დაიტევს ეს სამი სკოლა ყველა მსურველს, თუ ეს სიახლე განხორციელდა? ან ისიც ვიკითხოთ, არიან ეს „ახლომდებარე სკოლები“ მზად იმისთვის, რომ მიიღონ ყველა ბავშვი, რომელიც მასთან ახლოს ცხოვრობს? აქვთ სკოლებს მონაცემები ამის შესახებ? არა მგონია. ამ მონაცემთა ბაზის შექმნას დრო სჭირდება და იქნებ ახლავე დაგვეწყო ამაზე მუშაობა. თორემ ისე არ მოხდეს, როგორც საჯარო ბაღებში, სადაც 15 წუთში მთავრდება რეგისტრაცია და უამრავი მშობელი რჩება გაწბილებული. იქნებ ჯერ საჯარო სკოლების აშენებაზე გვეფიქრა და შემდეგ დაგვენერგა ეს კარგი სიახლე.
ე) XII კლასი ნებაყოფლობითი გახდება, ხოლო მე-11 კლასი პროფილურ სწავლებას დაეთმობა.
თანამედროვე სასკოლო განათლების აქილევსის ქუსლი იყო და დღემდე რჩება მე-12 კლასი. გვჭირდება თუ არა იგი? თუ იგი თავის პირვანდელი ფუნქციას შეასრულებს და მომზადებს მოსწავლეს ბაკალავრიატისთვის, რა თქმა უნდა, გვჭირდება. მაგრამ მან თუ კვლავ მხოლოდ ოფიციალური რეპეტიტორობის ფუნქცია უნდა შეითავსოს და საკლასო ოთხებიდან სარეპეტიტორო ჯგუფებში გადაინაცვლოს, მაშინ დაფიქრება გვმართებს. დღეს არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მე-12 (და ხშირად მე-11) კლასშიც მეცადინეობა ფაქტობრივად არ ტარდება. თუ სასკოლო განათლების საშუალო საფეხური პრებაკალავრიატის ფუნქციას შეითავსებს (და სწორედ ეს იყო მისი თავდაპირველი დანიშნულება), მაშინ იქნებ ზოგიერთი სპეციალობაში ბაკალავრიატს 3 წელი მართლა ეყოს.
აქვე ჩნდება კითხვა _ გვყავს კი მასწავლებელი მზად ამისთვის?
ნუ დაგვავიწყდება, რომ განათლების რეფორმის საფუძველი პირველ რიგში პედაგოგია. წინა რეფორმა სწორედ პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმებით დაიწყო, რამაც თავისი კვალი უცილობლად დაამჩნია სასკოლო განათლებას. პედაგოგის მომზადების 5-წლიანი, 300-კრედიტიანი პროგრამა გვაქვს მხოლოდ დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის, საგნის მასწავლებელი კი საბაზო და საშუალო საფეხურისათვის მზადდება ერთ წელიწადში 60-კრედიტიანი პროგრამით. ნებისმიერს, რომელსაც აქვს დამთავრებული ბაკალავრიატი ნებისმიერი მიმართულებით, შეუძლია ერთდროულად გახდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებელი: ქართული ენისა და ლიტერატურის, სპორტის, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების… მთავარია, გადალახოს საგნობრივ გამოცდაზე მინიმალური ბარიერი. იქნებ ამ საკითხზეც გვეფიქრა.
უმაღლეს განათლებაში რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი, ფაქტია. შეუძლებელია, არ დაეთანხმო ამ კონცეფციის ავტორებს იმაში, რომ სუსტია კავშირი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზარს შორის, სწავლების ხარისხი ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ არის ერთნაირი, საკადრო პოლიტიკაც ხშირ შემთხვევაში მოითხოვს გადახედვას, ასევე გასამართია ინფრასტრუქტურაც… მაგრამ ძალიან ბევრი რამ მოითხოვს დაფიქრებას. ასეთია თუნდაც 3+1(2) სისტემის დანერგვა, რაც იმას გულისხმობს, რომ გარკვეული სპეციალობების გარდა ბაკალავრიატი განისაზღვრება 3, ხოლო მაგისტრატურა 1 (ან 2) წლით. დიდი სიფრთხილით უნდა განვიხილოთ უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული დეკონცენტრაციის საკითხიც. სასწავლო გეგმებისა და სტანდარტების შეცვლისას აჩქარება არ გამოგვადგება. გვახსოვდეს _ წინა რეფორმა, რომელიც 2005 წელს დაიწყო, დიდხანს მზადდებოდა და არც ხელის ერთი მოსმით განხორციელებულა. იქნებ შეგვესწავლა და კრიტიკულად გაგვეანალიზებინა ის მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა.
ასევე იხილეთ:
-
SEU-მ კიდევ ერთი უნივერსიტეტი იყიდა
by ARIS.GE-განათლება
-
რა მოთხოვნებით ჩაირიცხებიან საქართველოს სტუდენტები ჩინეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში – შეთანხმების დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება

