GE

რა პრობლემებია სკოლაში ქიმიის სწავლების მხრივ და რა ცვლილებები შეაქვს სამინისტროს ეროვნულ სასწავლო გეგმაში

2019 წლის ახალი სემესტრიდან ქიმიის  სწავლა ახალი სახელმძღვანელოებით უნდა დაიწყოს, კონკურსი ჯერ არ არის გამოცხადებულ. სახელმწიფო შეფასებით კი, ქიმიაში მიღწევათა სკალის დაბალ საფეხურს მიღმაა მე-9 კლასის მოსწავლეთა 49%, რაც ნიშნავს, რომ ქიმია მოსწავლეთა თითქმის  ნახევარს არ ესმის.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს წარმომადგენელი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნელოგიის ქიმიის ექსპერტი ნათია საღინაძე ამბობს, რომ ქიმიის დაბალი დონე მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. ასევე განმარტავს, რომ სახელმძღვანელოები სათანადო შემოწმებას გადის და ის შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას:

„ქიმიაში  მოსწავლეთა მიღწევის დაბალი დონე  არ არის  მხოლოდ საქართველოს პრობლემა: მთელ მსოფლიოში დაქვეითებულია მოსწავლეთა ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების, მათ შორის, ქიმიის  მიმართ. ამის დასტურია ისიც, რომ ძალიან ცოტა აბიტურიენტი აბარებს ქიმიის ფაკულტეტზე.

„ყველა სასკოლო სახელმძღვანელო გადის გრიფირების პროცესს. სახელმძღვანელოები სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება, მათ შორისაა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, მასალის მეცნიერული სანდოობა, თანმიმდევრულობა, ასაკთან შესაბამისობა. სახელმძღვანელო მხოლოდ სათანადო შემოწმების შემდეგ იღებს გრიფს ანუ სასწავლო პროცესში გამოყენების უფლებას. ამ პროცესში მონაწილეობენ პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და დარგის სპეციალისტები. შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელომ, რომელიც არის  სწავლა-სწავლების ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება, სხვა რესურსებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევა“.

პედაგოგთა ნაწილისთვის კი, სახელმძღვანელოებთან ერთად, ეროვნული სასწავლო გეგმაც კრიტიკის ობიექტია. მათი თქმით, მოსწავლეებს ქიმიაში ისეთ დეტალებზე უწევთ ყურადღების გამახვილება და სწავლა, რაც რეალურად საჭირო არ არის.

ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებლის სოფია მშვილდაძის აზრით, პრობლემაა ქიმიის პროგრამაშიც და გრიფირებულ სახელმძღვანელოებშიც. ამ პროცესში ის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ მიკერძოებებზეც საუბრობს.

„პრობლემაა სახელმძღვანელოებშიც და თავად პროგრამაში. აუცილებელია საგნობრივი სტანდარტების გადახედვა, არაა აუცილებელი დეტალების ცოდნა მოვთხოვოთ ბავშვებს, გასამარტივებელი და დასახვეწია სისტემა. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, გრიფირებულია 2 ავტორის წიგნები – ვარდიაშვილის წიგნი, რომელსაც არ შეიძლება გრიფი მიენიჭოს რეალური კონკურენციის პირობებში, რადგან წიგნი ზედმეტად ზედაპირულია, თუმცა ცნობილია, რომ არსებობდა გარკვეული პოლიტიკა გრიფის მინიჭებაზე. ამჯერად იმედი მაქვს, ეს პოლიტიკა გაჯანსაღდება და სახელმწიფო აღარ იქნება მიკერძოებული. რაც შეეხება მეორე ავტორს, ანდრონიკაშვილს, -სახელძღვანელო პროფესიონალურია, მაგრამ იმდენად ძლიერია, მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის ბევრი საკითხი გაუგებარი რჩება. მთავარი კი ისაა, რომ  ჩვენი მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ“, – ამბობს  მშვილდაძე.

კიდევ ერთი რესპონდენტი, ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლელა მეტრეველი იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, როცა ქიმიის ახლანდელ  სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭა, ყველა პროცედურა ფარული იყო და რედაქტორებს სამინისტროსგან რეცენზიებიც კი არ მიუღიათ. შესაბამისად, რთული შესამოწმებელია პროცესის ობიექტურობა. მეტრეველი დადებითად აფასებს გრიფირების ახლანდელ წესებს და აღნიშნავს, რომ გრფის მინიჭებამდე წიგნების საჯარო განხილვისთვის (თუნდაც მცირე ხნით) გამოქვეყნება სამინისტროს მიერ გადადგმული პირველი გონივრული ნაბიჯია. ასევე, ის EDU.ARIS.GE-სთან იმ სირთულეებზეც საუბრობს, რომელთა წინაშეც სახელმძღვანელოს ავტორები დგანან:

„სამართლიანი არ იქნებოდა, სახელმძღვანელოს ყველა ნაკლი ავტორებისთვის მიგვეწერა. კარგი წიგნი წლების განმავლობაში იწერება, ჩვენთან კი, გამოცხადებული კონკურსების პირობებით, თითო წიგნის დასაწერად საშუალოდ 1 თვეა გამოყოფილი. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა პირობებში იწერება სასკოლო სახელმძღვანელოები. ასე რომ, კარგი სახელმძღვანელოს დასაწერად, გარდა კარგი ავტორისა, საჭიროა კარგი საგნობრივი სტანდარტი, გონივრული დრო, ავტორისა და წიგნზე მომუშავე მთელი კოლექტივის შრომის ღირსეული ანაზღაურება, სტაბილურობის განცდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წელს პირველად გადაიდგა გონივრული ნაბიჯი: პირველ-მეექვსე კლასის საკონკურსო სახელმძღვანელოები გრიფის მინიჭებამდე დაიდო საჯარო განხილვისთვის. მსგავსი რამ ადრე არ ყოფილა და შეუძლებელია შევაფასოთ, რამდენად ობიექტურადაა არჩეული ახლანდელი სახელმძღვანელოები“, – ამბობს მეტრეველი.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე პროფესორი ელიზბარ ელიზმაბარშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა სახელმძღვანელოებში ან პროგრამაში კი არა, პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ნაკლებობაშია. ელიზბარაშვილი ქიმიის სწავლების დროს ექსპერიმენტების ჩვენების აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გავრვცელებული მოსაზრება,  თითქოს საჩვენებელი ლექციების ჩატარება დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსალოდნელია ცვლილებები და ეს სწორიც იქნება. მე-8, მე-9 და მაღალ კლასებში ქიმია ერთნაირი სირთულით არ უნდა ისწავლებოდეს. რაც შეეხება იმას, რომ სახელმძღვანელოები კარგი არაა, ეს მხოლოდ მიზეზია და წიგნს „განტევვების ვაცად“ წარმოაჩენს. მასწავლებელს არავინ აიძულებს ასწავლოს მხოლოდ ერთი წიგნით. თანამედროვე პედაგოგი არაა შეზღუდული, მას შეუძლია გამოიყენოს დამატებითი წიგნები, თუმცა ქიმიის სწავლისთვის მხოლოდ წიგნები საკმარისი არაა, აუცილებელია ექსპერიმენტების ჩვენება. ქიმია სწორედ ის საგანია, რომელიც მოითხოვს სწავლას კეთებით, რაც სამწუხაროდ, გარკვეულ წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული. არსებობს სტრეოტიპი, რომ ეს ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ასე არაა. მით უფრო, თუ სადემონსტრაციო ექსპერიმენტებზეა საუბარი. კიდევ მეორე პრობლემაა -პედაგოგების ნაწილი ამისთვის მზად არ არის, მათ არ აქვთ შესაბამისი უნარები ჩაატარონ ექსპერიმენტი“, – ამბობს ელიზბარაშვილი.

მის პოზიციას იზიარებს ქიმიკოსი სოფია მშვილდაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ქიმიის პედაგოგების პრობლემა მათ პრაქტიკულ გამოუცდელობაშია და არა საგნის არცოდნაში.

„ქიმიის მასწავლებელმა, მათაც კი, ვინც ქიმია ვერ ჩააბარა, ქიმია იცის, პრობლემა სწავლების არასაკმარისი უნარ-ჩვევებია. არ აქვთ განვითარებული ის უნარ-ჩვევები, რაც პედაგოგისთვისაა აუცილებელი. საჭიროა მასწავლებელთა მეთოდური გადამზადება“, – აღნიშნავს მშვილდაძე.

ქიმიკოს ლელა მეტრეველის თქმით კი, მასწავლებლები გაურკვევლობაში მოაქცია არასტაბილურობის განცდამ.

„ მასწავლებლები ქცეულნი არიან ექსპერიმენტის ობიეტებად: მათი კარიერული წინსვლის  სქემები თუ პირობები იმდენად ხშირად იცვლება, რომ მასწავლებელმა აღარ იცის, გამოადგება თუ არა გაისად ის, რასაც წელს მისგან მოითხოვენ“, – ამბობს მეტრეველი.

ექსპერიმენტების ჩატარების საჭიროებაზე საუბრობს ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს წარმომადგენელი ნათია საღინაძეც:

„ექსპერიმენტების ჩატარება  სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამით მოსწავლე სწავლობს მოვლენას, აანალიზებს  შედეგებს, სვამს კითხვებს და ცდილობს, წინარე გამოცდილებაზე დაყრდნობით იპოვოს პასუხები. შედეგად, მის მიერ მიღებული ცოდნა უფრო სიღრმისეულია. მოსწავლის ჩართულობა კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ამაღლებს მის მოტივაციას და ხელს უწყობს ქიმიის სწავლა-სწავლების დონის ამაღლებას. სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს“, – ამბობს საღინაძე.

ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს წარმომადგენელი, EDU.ARIS.GE-ს ქიმიის სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს მიერ ახალ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შესახებაც ესაუბრა:

  • დაემატა ახალი მიმართულება „მეცნიერული ტექნოლოგიები“, რომელიც დაანახებს მოსწავლეებს:

ა) რა პროფესიებში, სად  და როგორ შეიძლება გამოიყენონ ქიმიის შესწავლისას მიღებული ცოდნა და უნარები

ბ)  რა როლს ასრულებს ქიმია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • აქცენტირდა მიმართულება „მეცნიერული კვლევა-ძიება“, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას:
  • ლიტერატურა, რომელშიც აღწერილია იაფფასიანი მასალებით ექსპერიმენტების ჩატარების ინსტრუქციები;
  • ვირტუალური ლაბორატორიები, რომელთა გამოყენება სასწავლო პროცესში შესაძლებელი გახადა თანამედროვე ტექნოლოგებზე სკოლების ხელმისაწვდომობამ;
  • ქიმიის გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება პედაგოგებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობის დაგეგმვასა და მათ ხელთ არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში;
  • გზამკვლევი ე.წ. აინშტაინის ლაბორატორიის გამოყენებისათვის, რომლებითაც აღჭურვილია სკოლების ნაწილი;
  • ქიმიის მასწავლებლების გადამზადება, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

ზემოთჩამოთვლილმა რესურსებმა და ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს ქიმიის მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, რაც შემდგომში აისახება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვა-ჩატარებაზე,  მოსწავლეთა მოტივაციის და მათი აქტიური ჩართულობის ამაღლებაზე და, საბოლოოდ, სწავლის  შედეგების გაუმჯობესებაზე. მივიღებთ თუ არა რეალურ შედეგს ამას დრო გვიჩვენებს.

ამავე თემაზე:

„დასტვენამდე“ მოვიცალოთ სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის

„ინგლისურის სახელმძღვანელოები, რომელსაც გრიფი წელს მიენიჭება, ახლანდელზე გაცილებით უარესია“

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური