GE

რა შეიცვლება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში-ყველა დეტალი სიახლეების შესახებ

სქემის კომპონენტები ცალკე დოკუმენტებად გადანაწილდება; უფროს და წამყვან მასწავლებლებს სტატუსის დაკარგვა აღარ დაემუქრებათ; პრაქტიკოსებს წელიწადში 5-კრედიტქულიანი ზღვარი მოეხსნებათ, შემცირდება მტკიცებულებების ოდნობა; მასწავლებლის სახლის ტრენინგების კრედიტქულები ავტომატურად აისახება; სქემაში სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა ექნებათ…

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ირკვევა, ასეთი ცვლილებების მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სქემით დაინტერესებულებს.

-თავდაპირველად, განვმარტავ, რომ სქემის სტრუქტურა ძალიან კომპლექსურია. ის მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის პედაგოგის პროფესიული მომზადება, რომელიც მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემის სფეროა. მეორე კომპონენტი არის პროფესიაში შესვლა,  მესამე კომპონენტი ეხება უკვე პროფესიაში მყოფი პედაგოგის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, რაც ჩვენი ცენტრის უშუალო ფუნქციაა. არის კიდევ ერთი კომპონენტი – პროფესიიდან გასვლა, ასევე – სახელფასო კომპონენტი; ჩვენი ცენტრი არის ერთ-ერთი კომპონენტის წარმმართველი და განმახორციელებელი და არა – მთელი სქემის მარეგულირებელი სტრუქტურა.

საზოგადოებაში რატომ არსებობს აღქმა, რომ სქემაზე პასუხისმგებელს სწორედ თქვენი ცენტრი წარმოადგენს?

-ამ დამოკიდებულებას ხშირად ვაწყდებით, რაც  ცხადია, არასწორია. ეს განაპირობა სქემის ყველა კომპონენტის ერთ დოკუმენტში თავმოყრამ. სამინისტრო ფიქრობს, რომ ამ ცალკეულ მიმართულებებზე ცალკე დოკუმენტები უნდა მომზადდეს. ახალ ვერსიაში ეს კომპონენტები ცალცალკე გადანაწილდება: ცალკე სახელფასო რეგულირებასთან დაკავშირებით, ცალკე -პროფესიაში შესვლასთან და პროფესიიდან გასვლასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი საკითხიც მეტად აქტუალურია, ძალიან ხშირად მომართავენ ცენტრს კითხვებით რა მექანიზმებით დარეგულირდება პროფესიიდან გასვლის კომპონენტი? სამინისტროში ამ ეტაპზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. ეს ჯგუფი დაამუშავებს პროფესიიდან გასვლის კომპონენტს, უფრო დეტალურად, სისტემაზე მორგებულად და შემდეგ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზებს.

რაც შეეხება თქვენს კომპონენტში დაგეგმილ კონკრეტულ ცვლილებებს…

-სქემის ცვლილებები რატომღაც საზოგადოების აჟიტირებას იწვევს. ჩემდა გასაკვირად,  მაშინათვე სქემის გაუქმებაზე აკეთებენ აქცენტს. ჩვენ ყოველ წელს ვახორციელებთ სქემის მიმდინარეობის მონიტორინგს და შედეგების ანალიზზე დაყრდნობით სამინისტროს გარკვეულ ცვლილებებს ვთავაზობთ. ანუ სქემის გაუმჯობესების გზით ვმოძრაობთ. ახლაც ეს პროცესია. წინადადებები წარვუდგინეთ სამინისტროს, სამინისტრო მოამზადებს მთავრობის დადგენილებას და როგორც დადგენილებას მიიღებენ, ცვლილებები ძალაში შევა.

ამჯერად რა ცვლილებებს ველოდებით?

-პედაგოგების  უკმაყოფილებას მტკიცებულებების მომზადებისა და ატვირთვის პროცესი იწვევს. ცვლილებები სქემას უფრო მოქნილსა და ადვილად ოპერირებადს გახდის.  კონკრეტულად, თუ 32 აქტივობა 68 დოკუმენტის მომზადებასა და ატვირთვას ითხოვდა, საჭირო დოკუმენტები 40-მდე შემცირდა. მასწავლებლებს ჩვენთან  გავლილი პროფესიული განვითარების ტრენინგების შესახებ მტკიცებულებებზე ზრუნვა აღარ მოუწევთ. მოპოვებული კრედიტქულები ავტომატურად აისახება eschool-ის ბაზაში. ეს ადრეც იყო დაგეგმილი, მაგრამ ტექნიკურად ვერ მოხერხდა. ახლა EMIS-თან ერთად მუშავდება ეს ცვლილებები.

სიახლე გათვალისწინებულია უფროსი და წამყვანის სტატუსში მყოფი მასწავლებლებისთვის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მოქმედი სქემით, შენარჩუნებისთვის უფროსმა მასწავლებელმა 13 კრედიტქულა უნდა დააგროვოს, ხოლო წამყვანმა  – 17;  ცვლილებებით, ეს საჭიროება მინიმუმამდე შემცირდება და მათ სტატუსიდან ჩამოქვეითების რისკი აღარ ექნებათ. საუბარია მხოლოდ ერთი შიდა დაკვირვების გაკვეთილის ჩატარებაზე. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ გადაწყდება.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებელს, არსებობს შეზღუდვა წელიწადში მხოლოდ 5 კრედიტქულის მოპოვებაზე. ცვლილებით ეს შეზღუდვა უნდა მოიხსნას, რომ მოტივირებულმა პედაგოგებმა უფრო სწრაფად შეეძლოს უფროსის სტატუსის მოპოვება.

სქემაში გაფართოვდება სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხიც, შეფასების ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი უფრო მოქნილი და სკოლაშივე რეგულირებადი იქნება. ასევე, სტატუსის ასამაღლებლად წარდგენილ კანდიდატურაზე სკოლის დირექტორი შეავსებს სტანდარტულ კითხვარს (ამ მასწავლებლის მიერ პროფესიული ეთიკის დაცვის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მახასიათებლების დაკმაყოფილების და სასკოლო საზოგადოების მხრიდან აღიარების შესახებ).

–ამ სიახლეს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებსაც დირექტორების ობიექტურობა აეჭვებთ…

–ილუზია, რომ ყველაფერი იდიალურად იქნება, არც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს უარი ვთქვათ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გათვალისწინებაზე და ყველა დირექტორში ეჭვი შევიტანოთ. გვექნება მონიტორინგი, ცნობილია დირექტორების გადამზადების მიმართულებითაც რა სერიოზული აქტივობები ხორციელდება. ამიტომ უნდა ვენდოთ მათ.

–კიდევ ერთი, სქემის გარე კითხვა: როგორ გაგრძელდება სერვისების დეცენტალიზაციის პროცესი?

-წინა წელი იყო საპილოტე დეცენტრალიზაციის მიმართულებით. ცენტრმა შეაჯამა  შედეგები და წარუდგინა სამინისტროს. უშუალოდ მინისტრთან გავიარეთ ეს საკითხები და გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა ამ ეტაპზე უფრო დავხვეწოთ ხარისხის კონტროლის მექანიზმები და წარვუდინოთ სამინისტროს. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ახალი მექანიზმების განსაზღვრაზე და, ალბათ, მომდევნო კვირაში წარვადგენთ. შემდეგ სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას პროცესის გაგრძელების ფორმატზე. რადგან ეს ძალიან ფაქიზი პროცესია და თან გვაქვს ნეგატიური წინა გამოცდილება ამ მიმართულებით, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია გახანგრძლივდეს პილოტირების პერიოდი და ეს წელიც ამ რეჟიმში წარიმართოს. სჯობს ახლა ფრთხილად და დაკვირვებით ვიმოქმედოთ, რომ შემდგომში უფრო თამამი და ეფექტიანი ნაბიჯები გადავდგათ.

ამავე თემაზე:

რომელ კომპონენტებს შეეხება ცვლილებები მასწავლებლის სქემაში

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

სპეცმასწავლებლის სტატუსის განსაზღვრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება

„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

ესაუბრა ნინო კაპანაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური