GE

რა თანხის გადახდა უწევს პროფესიულ სასწავლებელს ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემის უფლების მოსაპოვებლად

საქართველოში რამდენიმე პროფესიული სასწავლებელია, სადაც საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება ხდება. შედეგად კი, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ დიპლომი, რომელიც სკოლის ატესტატის თანაბარი იქნება და სურვილის შემთხვევაში სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელშიც შეძლებენ.

აქამდე, პირი თუ დაასრულებდა სკოლის საბაზო საფეხურს და შემდეგ პროფესიულ სასწავლებელში გააგრძლებდა სწავლას, ატესტატის არარსებობის გამო, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვეღარ ახერხებდა. რეფორმის ფარგლებში ეს ხარვეზი საკანონმდებლო დონეზე მოხსნა, თუმცა რეალობაში განხორციელება დაგვიანდა.

ქვეყანაში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კოლეჯია, რომელსაც შესაბამისი აკრედიტაცია აქვს და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების უმეტესობას ჯერაც არ აქვთ ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის მიღების შესაძლებლობა.

განათლების ხარისხის მართვის ცენტრის ინფორმაციით, ინტეგრირების მიზანი, საბაზო ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლების მიწოდება და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს მეოთხე დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებაა, რაც ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებული დიპლომის გაცემით სრულდება.

ინტეგრირება გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მოთხოვნების ასახვას პროგრამის იმ კომპონენტებში, რომლებიც ორიენტირებულია საკვანძო კომპეტენციების ან/და ტრანსფერული უნარების გამომუშავებასა და განვითარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების ზოგადი მოდულებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის სავალდებულო საგანთა ჯგუფის გაერთიანებით, შემუშავდა და დამტკიცდა შემდეგი ინტეგრირებული მოდულები: კომუნიკაცია ქართულ ენაზე, მათემატიკური წიგნიერება, მოქალაქეობა, მეწარმეობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები.

პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, შეადგენს არანაკლებ 3 წელს. პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაშვების წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას აქვს სურვილი განახორციელოს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, მან, პროგრამასთან ერთად, ცენტრში უნდა წარადგინოს ორი სასწავლო გეგმა, რომელთაგან ერთი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას მასში ინტეგრირებული ზოგადი მოდულების გათვალისწინებით, ხოლო მეორე კი – მის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სურს აღნიშნული პროგრამა განახორციელოს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების გათვალისწინებით, მან ცენტრს სპეციალური განცხადებით უნდა მიმართოს. დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვება, თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს:

) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 4,054.00 ლარს;

) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 3,272.00 ლარს;

) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,570.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში – 4,122.00 ლარს.

პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის შესახებ, მარტის ბოლოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტშიც იმსჯელეს, სადაც სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის და კანონქვემდებარე აქტების ამოქმედების ვადა იყო 2 წლიანი და ის 2020 წლის ოქტომბერში ამოიწურა. მისივე განმარტებით, კანონქვემდებარე აქტების აღსრულებას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური მხარდაჭერა და პროცესები ამჟამადაც მიმდინარეობს.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების უფლების მოსაპოვებლად სამუშაოები მიმდინარეობს, დაწყებული აკრედიტაციის პროცესი და პროფესიულ პროგრამებზე მომდევნო რეგისტრაციის გამოცხადების დროს, გაცილებით დიდი იქნება ისეთი სასწავლებლების რცხვი, რომლებიც სტუდენტებს ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის მიღებას შესთავაზებენ.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციითვე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისთვის რეგისტრაცია მაისში გამოცხადდება.

ამავე თემაზე:

პროფესიული განათლების ამბები

ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემის უფლება რამდენიმე პროფესიულმა კოლეჯმა მოიპოვა – დეტალები

რა სიახლეები იგეგმება პროფესიულ განათლებაში მინისტრის ინფორმაციით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური