GE

რამდენ ბავშვს აქვს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომის პრობლემა ონლაინ სწავლების პირობებში? – რატომ დუმს განათლების სამინისტრო?

პანდემიის გამოცხადებიდან და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლიდან მალევე (2020 წლის 24 მარტს), სკოლებმა განათლების სამინისტროსგან მიიღეს ინსტრუქციები, რომ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool) აესახათ თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია. უფრო კონკრეტულად კი, აქვთ თუ არა მოსწავლეებს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობები?

ამ ფაქტის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ერთი წლის შემდეგ, რა ინფორმაცია დააგროვა სამინისტრომ სკოლების მიერ ამ მონაცემების eschool-ში ასახვის შედეგად. 22 აპრილს სამინისტროსგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. სამინისტრომ, თემიდან გამომდინარე, წერილი შესასწავლად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადაუგზავნა და პასუხის დაბრუნებაც ამ უწყებას დაევალა.

EDU.ARIS.GE-ს მიერ სამინისტროსთვის დასმული კითხვები ასე ჟღერდა: რამდენ ბავშვს აქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა? რამდენს არ აქვს არცერთი კომპიუტერული მოწყობილობა ან აქვს მხოლოდ ერთი? განსაკუთრებით რომელ რეგიონებში აქვთ ბავშვებს ინტერნეტთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან წვდომის პრობლემა? კაბელით ინტერნეტ კავშირია ბავშვებისთვის უფრო ხელმისაწვდომი თუ მობილური ინტერნეტ კავშირი? აქვთ თუ არა WI-FI? რომელი ინტერნეტპროვაიდერებია უფრო ხელმისაწვდომი?

აღნიშნულ კითხვებზე პასუხად მივიღეთ, რომ განცხადებაში დასმული საკითხი სცილდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კომპეტენციას.

„სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ განიხილა თქვენი 2021 წლის 22 აპრილის განცხადება და გაცნობებთ, რომ განცხადებაში დასმული საკითხი სცილდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის კომპეტენციას“, – ვკითხულობთ საპასუხო წერილში.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი წლის წინ სკოლებისთვის გაგზავნილ ინსტრუქციაში შავით თეთრზე წერია, რომ მოსწავლის პირად ბარათში აუცილებლად უნდა ასახულიყო, აქვს თუ არა მოსწავლეს ინტერნეტი, კაბელით ინტერნეტკავშირი აქვს თუ მობილურით? აქვს თუ არა რამდენიმე კომპიუტერული მოწყობილობა, რა ტიპის და რამდენი? თანაც, ასევე შავით თეთრზე იყო აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, რომ ეს იყო “აუცილებლად შესავსები კითხვები”, “კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, “სრულყოფილი ინფორმაციის” მისაღებად. ჩვენ მიერ დასმული კითხვები ზედმიწევნით მიესადაგებოდა იმ ინფორმაციას, რაც სამინისტროს მოთხოვნით სკოლებს უნდა მიეწოდებინათ. ერთი წლის შემდეგ კი ეს მონაცემები სამინისტროსა და მის ქვემდებარე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დამუშავებული და შესწავლილი უნდა ჰქონოდათ.

თუ აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო emis-თან (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) გვამისამართებს, ემისი კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ თემა მის კომპეტენციას სცილდება (ამ დროს დაინტერესებული მხარისთვის საინფორმაციო ვაკუუმი იქმნება), ლოგიკურად ჩნდება კითხვები:

რა მიზანს ემსახურებოდა სკოლებისთვის მოსწავლეების მხრიდან ინტერნეტთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან წვდომის შესახებ ინფორმაციის შეგროვების ინსტრუქცია?

შეაგროვა სამინისტრომ მოთხოვნილი ინფორმაცია?

შეაგროვა, მაგრამ არ დაამუშავა?

თუ შეაგროვა, დაამუშავა კიდეც და იცის, კონკრეტულად რამდენ მოსწავლეს აქვს პრობლემა ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომის – რატომ ხდება ამ მონაცემების გასაჯაროება პრობლემური?

თუ არც ინსტრუქციები შესრულებულა და არც სამინისტროს მიუდევნებია თვალი თავისივე გაცემული მითითებების შესრულებისკენ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა – სკოლას თუ სამინისტროს? განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ისევ პანდემიის რეჟიმში ვცხოვრობთ და ონლაინ სწავლების პრაქტიკა ალბათ ერთხანს გარდაუვალი საჭიროება იქნება.

„საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა“

„მოსწავლეები სადაც იყვნენ შეჩერებულები პანდემიის დაწყებისას, იქიდან უნდა დაიწყოს გამეორება“ – რა მივიღეთ ერთ წელში?

„პანდემიის შედეგად სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის რემედიაციის პროგრამები უნდა დაინერგოს“ – ქართველი დირექტორები და მასწავლებლები

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური