GE

რამდენად შემცირდება 2019 წელს უმაღლესში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა საგამოცდო ცვლილების შემდეგ?

როგორც ცნობილია, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ–ერთ სავალდებულო საგანში, რომელიც რეალურად განსაზღვრავს აბიტურიენტის გასტუდენტებას, ცვლილებები შევიდა. გამოცდების ეროვნული ცენტრიცა და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის და ლიტერატურის გამოცდა გართულდა იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც გამოცდის ჩაბარებისას „გარტყმაზე“ იქნება ორიენტირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორია ეროვნული გამოცდების მესვეურთა პროგნოზი, რამდენად აისახება 2019 წლის ჩარიცხვების მაჩვენებელზე ეს ცვლილება, დააკლდება თუ არა და რამდენით შემცირდება გასულ წლებთან შედარებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მაჩვენებელი 2019 წლის გამოცდების შემდეგ.

როგორც ქართული ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ჯამბურია ამბობს, განსაკუთრებულ სხვაობას არ ელოდებიან, თუმცა ცვლილება მონაცემებში იქნება.

„მე, მაგალითად არ მგონია რომ შემცირდება. რეალურად საგამოცდო ტესტი რთული არ არის, იმდენად არ არის, რომ აქ კიდევ რაღაცა გამოსავალის ძიება აბიტურიენტის მხრიდან არ არის სწორი. თავისუფლად შეუძლიათ მშვიდად და წყნარად იმუშაონ. ბარიერის გადალახვა ადვილია, აქ მაღალი ქულების მიღებაა ძნელი. ბარიერს გადალახავენ, თუ ეს ბავშვები ცოტას მაინც იმეცადინებენ. თუ საერთოდ არ იმეცადინებენ და არ მოემზადებიან, მაშინ, რა თქმა უნდა, შემცირდება მაჩვენებელი. ქართულში, ყოველ წელს, დაახლოებით იჭრებოდა აბიტურიენტთა 3%–დან 6%–მდე. ჩემი ვარაუდით ასე იქნება, ექვსი, მაქსიმუმ 7% შეიძლება ვერ გადაცდეს ბარიერს, მაგრამ არსებითად არ მგონია რომ შეიცვალოს“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს კახა ჯამბურიამ.

ცვლილების არსი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტებში: ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო; ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

ეს უნდა გაითვალისწინონ 2019 წლის აბიტურიენტებმა მეცადინეობის დროს – მითითებები საგნის ჯგუფის ხელმძღვანელებისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური