GE

რამდენი ლარით გაეზრდებათ ხელფასი მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს?

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხელ ბატიაშვილის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბრიდან სახელფასო ზრდა ყველა სტატუსიან პედაგოგს შეეხება. ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პრემიერ-მინისტრისა და პედაგოგების შეხვედრაზე ისაუბრა.

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით, უფროსი მასწავლებელი მიიღებს სტატუსის გარდა საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარს. ხოლო მეტი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ანაზღაურება, რა თქმა უნდა, მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საათზე ნაკლები ექნებათ საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება, ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება“,- თქვა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შემოდგომით ანაზღაურება გაეზრდებათ, რესურსცენტრების თანამშრომლებს, დირექტორებს და ტექპერსონალს.

„ხელფასი გაეზრდებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნული პირები წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი იქნება.

ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება თანამშრომლებს: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი იქნება. 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პედაგოგების ანაზღაურების თემაზე ისაუბრა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც, მისი თქმით, სახელფასო ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლის ხელფასი იქნება 2150 ლარი, მენტორი პედაგოგების ხელფასი კი – 2450 ლარი.

ასევე იხილეთ:

რამდენია მასწავლებლის ხელფასი სტატუსის, სტაჟისა და სამუშაო საათების მიხედვით

როდის მიიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს და რა შემთხვევაშია საჭირო დირექტორის წარდგინება

ახალი სასწავლო წლიდან 10 000-ზე მეტი მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს – ვის მოემატება ხელფასი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური