GE

რჩევები აბიტურიენტებს წაკითხულის გააზრების დავალებაზე – საჭირო დეტალები სპეციალისტისგან

ავტორი: ნათია იასაღაშვილი, საგნობრივი ექსპერტი, წამყვანი მასწავლებელი. 

სპეციალურად EDU.AIS.GE-ს მკითხველისათვის:

დავალებაზე მუშაობის პროცესში:

ძვირფასო აბიტურიენტებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოცემული იქნება ორი ტექსტი, რომელთაგანაც ამოირჩევთ ერთს და იმის მიხედვით შეასრულებთ დავალებებს. პირველი რჩევაა, რომ დიდი დრო არ დაუთმოთ არჩევანის გაკეთებას. სწრაფად გადახედეთ ორივე ტექსტს, რომელიც უფრო გასაგები, საინტერესო და თემატურად ნაცნობი იქნება თქვენთვის, იმაზე შეაჩერეთ არჩევანი.

პირველ რიგში, თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი, რათა გაიგოთ შინაარსი, გაიაზროთ მთავარი სათქმელი. ამის შემდეგ გადახედეთ ყველა კითხვას და მიჰყევით თანმიმდევრულად. სანამ პასუხს შემოხაზავთ, აუცილებლად დაუბრუნდით ტექსტს და დაკვირვებით გაიაზრეთ ის კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც ესა თუ ის შეკითხვა ეხება. ზოგჯერ პასუხი პირდაპირაა ტექსტში მოცემული, ზოგჯერ კი კარგად გააზრებაა საჭირო. არ დაკარგოთ დრო თქვენთვის რთულ კითხვაზე, გამოტოვეთ და ბოლოს დაუბრუნდით(მოინიშნეთ, რომ არ დაგავიწყდეთ). პასუხის გარეშე არცერთი კითხვა არ დატოვოთ. თუ რამდენიმე სავარაუდო პასუხი გექნებათ, გამოიყენეთ გამორიცხვის მეთოდი.

აუცილებლად იქნება შეკითხვა ტროპის სახეებზე. ამიტომ გავიხსენოთ ისინი.

ტროპი არის მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება. ზოგჯერ სიტყვას, ფრაზასა თუ გამოთქმას გადატანითი მნიშვნელობა აქვს. ტროპული მეტყველება სიტყვას ემოციურობას, ექსპრესიულობას ანიჭებს, ამით კი მკითხველსა თუ მსმენელს ესთეტიკურ სიამოვნებას ჰგვრის და მასში გარკვეულ ემოციას იწვევს. ამიტომ მწერლები თუ პოეტები აქტიურად იყენებენ მის სახეებს.

ტექსტის რედაქტირების დავალება და სტილისტური შეცდომები – პრაქტიკული მითითებები აბიტურიენტებს გამოცდების წინ

ტროპის სახეებია: შედარება, ეპითეტი, გაპიროვნება, მეტაფორა, ჰიპერბოლა, ალიტერაცია, ალეგორია, ირონია, ლიტოტესი, მეტონიმია, სიმბოლო…

შედარებისას ერთი საგანი ან მოვლენა ედარება მეორეს რაიმე საერთო ნიშნის საფუძველზე. შედარების დროს გამოიყენება თანდებულები ვით, ებრ და სიტყვები: ისე, როგორც, მსგავსად, თითქოს… მაგ. სიზმარივით გაიქროლეს წლებმა. ისე გამოჩნდა, როგორც ნისლი.

ეპითეტი მხატვრული განსაზღვრებაა. გავიხსენოთ, განსაზღვრება ორგვარია: ლოგიკური და მხატვრული. ლოგიკურია, როცა საგანი თუ მოვლენა დახასიათებულია მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ნიშნით(რაც რეალურად აქვს). მაგ. წითელი ვარდი. წითელი ლოგიკური განსაზღვრებაა. ხოლო მხატვრულია განსაზღვრება, რომელიც მწერლის აღქმიდან გამომდინარეა. მაგ. ჭაღარა თბილისი.

ალეგორია ქარაგმული სახეა, როდესაც ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე. ალეგორიული ხასიათისაა იგავ-არაკები, ანდაზები, ზოგჯერ მოთხრობები, ლექსები… მაგ. ვაჟას „არწივი“. ავტორი არწივში საქართველოს გულისხმობს, ყვავ-ყორნებში – მტრებს.

გაპიროვნების(პერსონიფიკაცია) დროს ადამიანის თვისებები გადატანილია უსულო საგნებზე, მოვლენებზე, მცენარეებსა და ცხოველებზე. მაგ. მთაწმინდა ჩაფიქრებულა. ან ქარი ჩურჩულებდა.

მეტაფორა არის სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ეფუძნება მსგავსებას ან შედარებას. არისტოტელე ამბობდა: „თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა.“ მეტაფორულ გამოთქმებში ერთი საგანი ან მოვლენა პირდაპირ არ არის შედარებული მეორესთან, მკითხველმა თავად უნდა „დაშიფროს“, გააანალიზოს და მიხვდეს, რას გულისხმობს მწერალი ამ მხატვრული სახით. სწორედ ამიტომ, შედარებისგან განსხვავებით, მეტაფორის ამოცნობა ხშირად უფრო რთულია. „შუშანიკის წამებაში“ ვკითხულობთ: „მოვიდა მგელი იგი ტაძრად.“ აქ ნამდვილი ცხოველი – მგელი – არ იგულისხმება. ამ მეტაფორით აღნიშნულია ვარსქენი, რომელიც წარმოდგენილია როგორც მგელივით სასტიკი და დაუნდობელი ადამიანი.

ქართულის გამოცდის წერით დავალებაზე მუშაობისას გასათვალისწინებელი საკითხები – ყველა ნაბიჯი სპეციალისტისგან

ჰიპერბოლა საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად, გადაჭარბებულად წარმოადგენს(რაც რეალურად შეუძლებელია). მაგ. „იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“. ან „კაცი კაცსა შემოვსტყორცნე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“.

ლიტოტესი ჰიპერბოლის საპირისპირო მხატვრული ხერხია. ის საგანსა თუ მოვლენას დამცირებულად გამოხატავს. მოცემულ მაგალითში ჰიპერბოლაც გვხვდება და ლიტოტესიც: „შვილო, ნეფის ტოლა კაცია, ჩვენისთანა მწერს, ნეკი რომ გაანძრიოს, იმით გასრესს.“ ნეფის ტოლა, ნეკით გასრესს – ორივე ჰიპერბოლაა. ჩვენისთანა მწერს – ლიტოტესია.

ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორებას ალიტერაცია ეწოდება, ხოლო ხმოვნებისა – ასონანსი. აღნიშნული ტროპის სახეები ლექსის კეთილხმოვნებას ქმნის და მკითხველზე ესთეტიკურად მოქმედებს. მოცემულ მაგალითში ალიტერაციაცაა და ასონანსიც: „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე“.

ირონია თავაზიანობით შენიღბული დაცინვაა. მაგ. „კარგი რამ იყო თავადი ლუარსაბ თათქარიძის ოჯახი“.

მეტონიმიაა, როცა სიტყვა ან გამოთქმა გამოიყენება სხვა საგნის, თვისების ან მოქმედების აღსანიშნავად, მასთან ასოცირების, მჭიდრო კავშირის საფუძველზე. მაგ. რუსთაველს ვკითხულობ – იგულისხმება ვეფხისტყაოსნის კითხვა. მთელმა დარბაზმა ტაში დაუკრა – ანუ დარბაზში მყოფმა ადამიანებმა ტაში დაუკრეს(და არა დარბაზმა).

სიმბოლო არის სიტყვა, ნიშანი ან გამოსახულება, რომელსაც თავის პირდაპირ მნიშვნელობასთან ერთად მეტაფორულად სხვა მნიშვნელობაც აქვს. მაგ. მტრედი მშვიდობის, მზე – სიცოცხლის, სინათლის, ენერგიის, სითბოსა და სიხარულის სიმბოლოა.

ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც იდიომსაც ვუწოდებთ, არის ისეთი გამოთქმა, რომლის სიტყვები ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან შერწყმული, რომ ისინი ერთად ქმნიან სრულიად ახალ, გადატანით მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა გამომდინარეობს არა ცალკეული სიტყვებიდან, არამედ მთლიანად ფრაზის აღქმიდან. ასეთი გამოთქმები კონკრეტული ენისთვის არის დამახასიათებელი და ხატოვან ნათქვამს წარმოადგენს. მაგ. ყურები ჩამოყარა – მოიწყინა; კოვზი ნაცარში ჩაუვარდა – იმედი გაუცრუვდა, საქმე არ გამოუვიდა.

გაითვალისწინეთ, ხშირად არის კითხვა პერსონაჟის თვისებაზე. თვისება არის დამახასიათებელი ჩვევა, ნიშანი, ხასიათი. მაგ. თავდადება, სიფრთხილე, შორსმჭვრეტელობა, ეჭვიანობა, გულფიცხობა, ვერაგობა, მერყეობა, გამჭრიახობა, გულწრფელობა, მოხერხებულობა, მორიდებულობა, დაუფიქრებლობა, სიჯიუტე, სითამამე, თავმდაბლობა, სიმკაცრე, სიამაყე, თავმოწონება, ქედმაღლობა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდეთ კონტექსტს და მხოლოდ მოყვანილი ციტატის მიხედვით არ უპასუხოთ კითხვას.

წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო აბიტურიენტებო!

ასევე იხილეთ:

როგორ დავწეროთ კარგი ესე – 14 ნაბიჯი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური