GE

რეგიონებში საბავშვო ბაღები ამოქმედდა, თბილისში – არა – გაირიცხებიან თუ არა ბავშვები გაცდენებისთვის

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 იანვრიდან განახლდება, თუმცა ქვეყნის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებმა მუშაობა უკვე განაახლეს. მაგალითად, ქალაქ გორის ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 10 იანვრიდან განახლდა და თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.

EDU.ARIS.GE-ს თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში დღეს უთხრეს, რომ საბავშვო ბაღები ქუთაისშიც გაიხსნა, თუმცა თბილისს ეს არ ეხება, რადგან ამ საკითხს ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები წყვეტენ. თბილისის მერიამ კი გადაწყვიტა, რომ საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება 17 იანვარს განაახლონ.

სასწავლო წლის დასაწყისიდან, პანდემიის გამო, საბავშვო ბაღები შეფერხებით მუშაობდნენ. ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში შენობა მთლიანად იკეტებოდა. გასული წლის 13 დეკემბრიდან კი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების მიხედვით, საჯარო და კერძო ბაგა-ბაღები, კორონავირუსის გამოვლენისთანავე სრულად აღარ დაიხურება და მათ შემთხვევაშიც წერტილოვანი შეზღუდვების მიდგომა იმუშავებს.

რაც შეეხება გაცდენების საკითხს, როგორც თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განგვიმარტეს, პანდემიის გამო, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მიერ გაცდენილი დღეები არ აისახება ზოგად პროცესზე, რაც იმას გულისხმობს, რომ სხვა წლებისგან განსხვავებით, ორი წელია, დაუსწრებლობის გამო, ბავშვს ბაღიდან აღარ რიცხავენ.

ასევე იხილეთ:

რა შემთხვევაში დაიკეტება საბავშვო ბაღი? – როგორია ახალი რეგულაციები და რა პრობლემებს ხედავენ ბაღის თანამშრომლები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური