GE

რობოტები განათლებაში – ველოდოთ თუ არა საგანმანათლებლო რევოლუციას?

რას ფიქრობ, თუ ერთ დღესაც საკლასო ოთახში რობოტი მასწავლებელი დაგხვდება?

თანამედროვე სამყაროსთვის ეს დაუჯერებლად სულაც არ ჟღერს.

რობოტების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება აღარ უკვირთ. უკვე წლებია ისინი ადამიანების სამსახურში დგანან და ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებენ. მათ წინასწარ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება შეუძლიათ, ამაში კი გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმები და ხელოვნური ინტელექტის ელემენტები ეხმარებათ.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული რობოტი ალბათ სოფიაა, რომელსაც საუდის არაბეთის მოქალაქეობაც კი მიენიჭა. მისი აქტივაცია 2016 წლის თებერვალში მოხდა. განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი საკმაოდ აქტიური ცხოვრებით „ცხოვრობს“. ის ქალთა უფლებებზე „მუშაობს“, საკუთარი იუთუბ არხი აქვს, ინტერვიუებს ხშირად იძლევა და ბევრს მოგზაურობს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაერო-ს განვითარების პროგრამის ორგანიზებით სოფია საქართველოსაც ესტუმრა. საუბრისას ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ რობოტები ადამიანთა დასახმარებლად იქმნებიან და არა მათ ჩასანაცვლებლად.

ადამიანთა უმეტესობა ტექნოლოგიურ პროგრესს მიესალმება და იმედის თვალით უყურებს.

განათლების სფეროში რობოტების გამოყენება შედარებით ახალია. ექსპერტების აზრით, უახლოეს ათ წელიწადში მათ საკლასო ოთახებში რეგულარულად ვიხილავთ. ამაში დიდ პოტენციალს ხედავენ და ფიქრობენ, რომ მას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

განათლება მუდმივად საკამათო საკითხია: განიხილება სხვადასხვა აზრი და იდეა, თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს სასწავლო სისტემები, ეძებენ ახალ მეთოდებს, რეფორმებს, ტექნოლოგიებს. სასწავლო პროცესში რობოტების გამოყენება ბოლო პერიოდის აქტუალური საკითხია. მკვლევარები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჭკვიან პროგრამებს სწავლაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

როგორც ირკვევა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ამ ტაპზე რობოტებს მხოლოდ და მხოლოდ სატესტო რეჟიმში იყენებს. მიმდინარეობს დაკვირვება. უცხოელი ექსპერტები ამ ტექნოლოგიების დადებით მხარეზე საუბრობენ. მაგალითად, ისინი მოსწავლეებს დაშვებული შეცდომების გამო არასოდეს განსჯიან; მოზარდის ათვისების ტემპს მიჰყვებიან და არ აჩქარებენ; ინფორმაციის გამეორებით არ იღლებიან: მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს ერთი და იგივე კითხვა ბევრჯერ დასვას, პასუხს კი ყოველ ჯერზე მიიღებს.

ბრიტანელი განათლების ექსპერტი ენტონ სელდონი აღნიშნავს, რომ მომავალში რობოტების შესაძლებლობები კიდევ მეტად განვითარდება. მისი შეფასებით, მათ მოსწავლის სახის გამომეტყველების წაკითხვა შეეძლებათ, ასევე ბავშვის სასწავლო პროცესის მსვლელობის შესახებ ანალიზის გაკეთებასაც შეძლებენ.

საინტერესოა, რომ ჩინეთის ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეთა გამომეტყველების გამოსაცნობ ტექნოლოგიას უკვე იყენებენ. ეს მოწყობილობა მოზარდების სახეს ყოველ 30 წამში ასკანერებს, ამით კი, მასწავლებლებს უკუკავშირს აძლევს, თუ როგორ გააუმჯობესონ სწავლების მეთოდები.

საქართველოში, საკლასო ოთახებში რობოტები ჯერ არ გამოჩენილან, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე დაწყებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტს ხშირად ერთმანეთში ურევენ. „უნილაბის“ დირექტორი სანდრო ასათიანი აღნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან – რობოტი ვიღაცის მიერ დაპროგრამებული მოწყობილობაა, ხელოვნური ინტელექტი კი, მასში ჩატვირთული დიდი რაოდენობის მონაცემებს ადამიანზე უფრო სწრადად ამუშავებს. მისი თქმით, განათლების სისტემაში მასწავლებლის დამხმარე პროგრამების გამოყენებაზე საუბარი დაწყებულია.

„არსებობს ელექტრონული გაკვეთილები, სადაც მოსწავლე პროგრამის საშუალებით სწავლობს. პროგრამაც შეიძლება ერთგვარ რობოტად ჩავთვალოთ, რომელსაც მატერიალური გარსი არ გააჩნია. განათლების სისტემაში მასწავლებლის დასახმარებლად დამხმარე პროგრამების გამოყენება მასწავლებელს სამუშაოს გაუადვილებს. შესაძლებელი იქნება მონაცემების სწრაფად დამუშავება.

„უარყოფითი მხარე ის არის, რომ შეიძლება პროგრამამ ხარვეზები დაუშვას და რადგანაც დროის მოკლე მონაკვეთში ბევრ გადაწყვეტილებას იღებს, ეს შეიძლება ათიათასი შეცდომა გახდეს.
ძალიან ფაქიზი თემაა და წინასწარ კვლევას საჭიროებს. ვიცი, რომ ბევრ ქვეყანაში ექპერიმენტები ტარდება, აკვირდებიან ბავშვის რეაქციას რობოტთან ურთიერთობისას”, – ამბობს სანდრო ასათიანი.

რობოტების განათლებაში გამოყენება ბევრს კითხვას უჩენს: მოსალოდნელია თუ არა მასწავლებლის ჩანაცვლება მოხდეს?! ამ საკითხში გარკვეული ადამიანები კითხვას მარტივად პასუხობენ -არის პროფესიები, რომელთა ჩანაცვლებაც წარმოუდგენელია.

„როცა საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე, ეს არ ნიშნავს რომ მასწავლებლის ჩანაცვლება მოხდება. როგორც მედიცინაში: ვიცით, რომ უამრავ ტექნოლოგიას იყენებენ, მაგრამ ეს ექიმს არ ანაცვლებს. მაგალითისთვის, მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას, როცა რენტგენის ფოტოების ჩატვირთვა ხდება, მას დაავადების ამოცნობა ადამიანზე უკეთ შეუძლია, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს. ანუ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამხმარე ელემენტია. ასევეა განათლებაში არსებული ტექნოლოგიებიც“, – აღნიშნავს სანდრო ასათიანი.

რობოტებზე საუბრისას, მისი გამოყენების დადებითი მხარეები მეტად თვალსაჩინოა. თუმცა არსებობს თუ არა რაიმე სახის საფრთხე და რისკი ბავშვებისა და რობოტების ურთიერთობისას, ეს ცალკე განხილვის საგანია. ფსიქოლოგების აზრით, სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.

„ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით. მოვა დრო, როცა ეს ყველაფერი ჩვენი რეალობა გახდება. თუ ბავშვები სკოლაში იქნებიან, ძირითადი ურთიერთობა და განათლების მიღება პედაგოგის მხრიდან ექნებათ, მაშინ ნებისმიერი ასეთი მაღალ ტექნოლოგიური გამოგონება მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე ფუქნციას შეასრულებს. თუ ემოციური მომენტი შენარჩუნებული იქნება, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებაში საგანგაშო არაფერია. ადამიანური ფაქტორი ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას. არის პროფესიები, რომლებსაც ვერანაირი ტექნოლოგიებით ვერ ჩაანაცვლებ. რაც მეტი დრო გავა, მით მეტი ღირებულება მიეცემა ემოციურ ფაქტორს – ადამიანებს შორის ურთიერთობებს და ზოგადად, ემოციურ ინტელექტს, რომელზეც ამ ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად საუბრობენ.

„რობოტი, როგორც სასწავლო პროცესში ჩართული ელემენტი, ალბათ უფრო მაღალ კლასებში უნდა გამოიყენებოდეს. რაც შეეხება ბავშვებს, რობოტებთან ურთიერთობა, როგორც თამაში და გართობა ისე შეგვიძლია შევთავაზოთ.

„ალბათ ჩვენზე ადრე სხვა ქვეყნები დაიწყებენ ტექნოლოგიების დანერგვას და დატესტვას. რაღაც სურათი მაინც გვექნება, გამოჩნდება დადებითიც და უარყოფითიც. თუ მათ გამოცდილებას გონივრულად გამოვიყენებთ, შეგვიძლია აქედან მეტი სარგებელი ვნახოთ”, – ამბობს ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე.

უკვე შეგვიძლია სხვა ქვეყნების გამოცდილებას დავაკვირდეთ. რობოტებისა და ბავშვების ურთიერთობას სატესტო რეჟიმში აკვირდებიან. ყოველი მათგანი კონრეტულ პროგრამებს შეიცავს და მორგებულია სხვადასხვა საჭიროებაზე.

მაგალითად, არსებობს რობოტი ანასტასია, რომელიც ბავშვებს ჭადრაკის თამაშს ასწავლის. ანასატასიას უჩვეულო ფორმა აქვს, მისი დადებითი თვისება კი ის არის, რომ ბავშვებს ყოველთვის გამარჯვების საშუალებას აძლევს.

მშვიდი და გამჭრიახი რობოტი-მასწავლებელი მოსწავლეებს ფიქრს და ანალიზს ასწავლის. მისი აღჭურვა კამერებითა და ხმოვანი სისტემებით იგეგმება. ეს ანასტასიას შესაძლებლობას მისცემს ოპონენტებს დააკვირდეს და სხვადასხვა კომენტარი და შეთავაზება გააჟღეროს.

რობოტი კასპარი კი თოჯინის მსგავსი ჰუმანოიდი რობოტია. ის აუტისტ და კომუნიკაციის პრობლემის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად შეიქმნა. ბევრ დადებით ფუქნციასთან ერთად, კასპარი ბავშვებს სხვებთან ურთიერთობაში ეხმარება.

მისი სახის გამომეტყველება ნაკლებად გამომხატველია. ამით ზედმეტ დაძაბულობას უხსნის ბავშვებს, რომლებსაც გამომეტყველების წაკითხვა და ხმის ტონის ინდეტიფიცირება უჭირთ.

ექსპერტი განათლების საკითხებში მარიამ რამინაშვილი ფიქრობს, რომ სანამ რობოტების გამოყენებას დავიწყებთ, მანამდე შესაბამისი მზადყოფნა გვესაჭიროება.

„ცივილიზაციის ყველა ეტაპზე, ყოველი ახალი გამოგონება გარკვეულ საფრთხედ აღიქმებოდა. თუმცა, ბუნებრივია, სწორი გამოყენების შემთხვევაში, ცივილიზაციას და ინტელექტს საფრთხე არასოდეს მოაქვს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და სახელმწიფოც ვალდებულია, ახალი ტექნოლოგიებისა და გამოწვევების წინაშე ადამიანი შეამზადოს. მზადყოფნა ახალი თაობის დაბნევას აღარ გამოიწვევს და აღარც ქვეყნის ჩამორჩენა მოხდება საერთო განვითრების ციკლიდან.

„დისტანციური სწავლების რეჟიმმა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის, განათლების სისტემაც. ამიტომაც, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტიპის პრობლემებს უნდა ველოდოთ. მათ გადალახვაში ცივილიზაციის ამ ტექნიკური პროგრესის გამოყენება აუცილებლად დაგვჭირდება“, – ამბობს მარიამ რამინაშვილი.

უდავოა, რომ უახლოეს მომავალში სხვადასხვა სფეროში რობოტების აქტიურ გამოყენებას უნდა ველოდოთ. მნიშვნელოვანია, სიახლეებისთვის მზად ვიყოთ და ტექნოლოგიებთან ურთიერთობას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ექსპერტები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ რობოტები მხოლოდ ადამიანთა დასახმარებლად და მათ მომსახურეობისთვის იქმებიან. მათივე განცხადებით, ახალი ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვა სწავლის მეთოდს მეტად სახალისოს და საინტერესოს გახდის.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლების რობოტებით ჩანაცვლება 2027 წლიდან დაიწყება (+ვიდეო)

მოამზადა სალომე გაზდელიანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm