GE

როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა გეოგრაფიის გამოცდის პასუხები

გამოცდა არ გამარტივებულა, აბიტურიენტები მოემზადნენ უკეთ – ასე აფასებს EDU.ARIS.GE-სთან გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე აბიტურიენტების მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიის დღევანდელი გამოცდა მარტივი იყო. მისი თქმით, ტესტები შეგნებულად არავის გაუმარტივებია.

გოგელიძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ნამუშევრების გასწორება დაიწყება და აგვისტოს დასაწყისში აპლიკანტებს საკუთარი შედეგები ეცოდინებათ.

დავით გოგელიძე: გამოცდებმა მშვენივრად ჩაიარა, ნორმალურ ვითარებაში.

–რამდენი აბარებდა გეოგრაფიას?

დ.გ: სულ 13 600-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული და თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გამოცხადდა კიდეც (96 %).

–გამოსაშვები გამოცდებით რამდენი გამოაკლდა?

დ.გ: ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც კატის გამოცდებში იჭრება, როგორც წესი, უმაღლესში არ აბარებს ხოლმე. წინა წლებში ასე იყო.

–დღეს, გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ტესტებს აფასებდნენ როგორც საკმაოდ ადვილი. ზოგმა ისიც კი თქვა, რომ იგი შარშანდელთან შედარებით გამარტივებული ეჩვენა. ეს მართლაც ასეა?

დ.გ: ძალიან კარგია. მიხარია, რადგან მარტივად კარგად მომზადებულ ბავშვს მოეჩვენებოდა. ე.ი. კარგად მომზადებულან. სირთულის წინასწარ თქმა ძნელია, თუმცა იგი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა წელს იყო. შარშანდელთან შედარებით დიდ სხვაობას არ ველოდებით.

–ანალიზი დაადგენს სირთულეს?

დ.გ: რა თქმა უნდა. როდესაც გასწორების პროცესი დასრულდება, დადგინდება რამდენმა გადალახა ზღვარი და რამდენმა – ვერა. ამას შარშანდელ შედეგებს შევადარებთ და იქიდან ვისმჯელებთ სირთულეზეც. თუ ზღვარი მეტმა გადალახა, ე.ი. უფრო გაუმარტივდათ, თუ უფრო ნაკლებმა- უფრო რთული გამოვა.

–როდიდან დაიწყება გასწორება?

დ.გ: გასწორება 15 ივლისიდან დაიწყება და დაახლოებით  აგვისტოსათვის, პირველი რიცხვებისათვის შედეგები ცნობილი გახდება. ამ დროს გამოქვეყნდება ანალიზიც. ჩვენს საიტზე დაიდება მიმოხილვა თუ რამდენმა გადალახა ზღვარი, როგორია საშუალო ქულა, სირთულე და ა.შ.

–ზოგადად, ბოლო წლებში აბიტურიენტების უმეტესობა არჩევითი საგნებიდან უპირატესობას გეგრაფიას ანიჭებს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ საგნის ასეთი პოპულარობა?

დ.გ: პირველ რიგში ალბათ იმან, რომ უმაღლესი სასწავლებლებიდან ბევრმა ფაკულტეტმა დაამატა გეოგრაფია, როგორც არჩევითი საგანი. სტატისტიკას თვალს თუ გადავავლებთ, გეოგრაფია ერთ-ერთი მოწინავეა არჩევითი საგნებიდან, რომელშიც ყველაზე ნაკლები აპლიკანტი იჭრება. ანუ, ზღვრის გადალახვა შედარებით ადვილია და ამიტომაც ირჩევენ ხოლმე ისეთ საგანს, რომელშიც ზღვრის გადალახვა უფრო ეიმედებათ.

–ანუ, მათი გათვლა ასეთი წმინდა პრაგმატულია და საგნის სიყვარულთან არაა კავშირში?

დ.გ: დიახ პრაგმატულია როგორც ბავშვების, ისე უნივერსიტეტების.

აბიტურიენტებმა არჩევითი საგნების ჩაბარება დაიწყეს – გეოგრაფიის გამოცდის საკითხები და გამოხმაურება

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური