GE

როგორ გავაუმჯობესოთ კალიგრაფია გამოცდების წინ და ვწეროთ გარკვევით – კალიგრაფის ინსტრუქცია აბიტურიენტებს

„დავალებები შესრულებული უნდა იყოს გასაგები (გარკვეული) ხელწერით. კალიგრაფიის გამო ქულა არ დაგაკლდებათ, მაგრამ ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული“, – ასე აფრთხილებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის აბიტურიენტებს. უკვე ცნობილია, რომ სამ ივლისს, ზაფხულის გამოცდებს წელსაც აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა გახსნის.

ეს სიტყვები კი, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელს, ნანა ლოლაძეს ეკუთვნის და მისი გათვალისწინება თითოეულ აბიტურიენტს წაადგება: „ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც თხზულება გავანულეთ და ამ აბიტურიენტმა საპროტესტო განაცხადი არც შემოიტანა იმიტომ, რომ როგორც ჩანს ნახეს, რომ იმის წამკითხავი არავინ იყო, მთელი ცენტრი ვკითხულობდით… ნაშრომი სუფთა წერის თვალსაზრისით არ ფასდება, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ იყოს გარკვეული ხელი. 2 წერითი დავალება ერთით რომ შევცვალეთ, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ეს იყო, რომ აშკარად ვხედავდით, ძალიან იღლებოდა აბიტურიენტი და მის ხელწერას ეტყობოდა, რომ ბოლო დავალებას, რასაც გადაწერდა პასუხების ფურცელში, ეს აშკარად ძალიან მძიმე ხელწერა იყო და ამიტომ ვთავაზობთ მხოლოდ ერთ წერით დავალებას. თქვენც გაგვიწიეთ ანგარიში, რომ დავინახოთ. არც ძალიან წვრილი ასოები იყოს, არც ძალიან გაკრული ხელი, რომ შეფასება შევძლოთ ადეკვატურად“.

მიუხედავად ამ გაფრთხილების თუ თხოვნებისა, ბევრ აბიტურიენტს უჭირს მათი დაცვა, რადგან აქვთ ე.წ გაკრული ხელი, რაც მათთვის ხელისშემშლელი ხდება და დილემის წინაშე დგანან – როგორ გახადონ ხელწერა გასაგები.

EDU.ARIS.GE, აბიტურიენტების დახმარების მიზნით, კალიგრაფს, რუსუდან ხორბალაძეს ესაუბრა, რომელიც გვიხსნის თუ რა ტექნიკებით შეუძლიათ გამოასწორონ ხელწერა და ამასთან, კონკრეტულ ინსტრუქციასაც გვიზიარებს, რომელსაც აბიტურიენტები გამოცდის დღეს გამოიყენებენ.

– რუსუდან, პირველ რიგში, გვითხარით, რამდენად ხელისშემშლელი შეიძლება იყოს ე.წ გაკრული ხელით წერა აბიტურიენტებისთვის, აქვთ შიშის საფუძველი მათ, ვისი ნაწერიც რთულად იკითხება ხოლმე?

– პირველი, რაც მინდა, თქვენს მკითხველს ვუთხრა ისაა, რომ კალიგრაფია არ არის ე.წ სუფთა წერა. კალიგრაფია არის ხელოვნების დარგი, სადაც სტანდარტები არ არსებობს. არ არის აუცილებელი, კალიგრაფიული ნამუშევარი იკითხებოდეს. თუმცა აბიტურიენტების შემთხვევაში, სულ სხვაგვარად გვაქვს საქმე. იმის მოუხედავად, რომ ეროვნულ გამოცდაზე კალიგრაფიას არ ექცევა დიდი ყურადღება, მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ, რომ ლამაზად დაწერონ. მათ ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ. აბიტურიენტისთვის მთავარია არა ლამაზად წერა, არამედ ის, რომ  ტექსტი იკითხებოდეს. აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს, ნამუშევრის გამსწორებელს აქვს უფლება თქვას, რომ ვერ კითხულობს ტექსტს და ნაშრომი არ გაასწოროს.

ერთად დავწეროთ ტექსტის რედაქტირების დავალება – ნიმუში ქართულის სპეციალისტისგან 2023 წლის აბიტურიენტებს

– გაგვიზიარეთ 3 ტექნიკა ინსტრუქციით, რომელიც მინიმალურ დროში დაეხმარება გამოცდაზე გამსვლელებს და შედარებით მაინც გამოასწორებს მათ ხელწერას

– სამწუხაროდ, ძალიან რთულია ადამიანისთვის, რომ მინიმალურ დროში გამოასწოროს კალიგრაფია, თუმცა არსებობს პატარა დეტალები, რაც ხელს უწყობს კალიგრაფიის გაუმჯობესებას:

პირველი და მნიშვნელოვანი – სწორი ჯდომა ნიშნავს სწორ წერას!

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯდომას, რადგან თუ ადამიანი კომფორტულად არ ზის და თავს მშვიდად არ გრძნობს, შეუძლებელია მისი ნაწერი იყოს სუფთად შესრულებული. ამიტომ, დაიდეთ პასუხების ფურცელი წინ, არ შემოატრიალოთ და ისე წერეთ.

მეორე – კალამი დაიჭირეთ ხელში სწორად, ნუ მოუჭერთ ხელს!

აბიტურიენტებმა ე.წ საგამოცდო-ტუშის კალამს თითები ძლიერად  არ უნდა მოუჭირონ. ამით თავიდან აიცილებენ თითების დაღლას წერის პროცესში და ასევე, ამ მხრივ ასოებიც უფრო მარტივად დასაწერი გახდება. როცა ვამბობ, კალამი დაიჭირონ სწორად, ვგულისხმობ 45 გრადუსიან კუთხეს, კალამი ცერად არ უნდა გეჭიროთ, ზედმეტად დახრილ მდგომარეობაში.

მესამე – გამოცდამდე წაიკითხეთ თქვენი ნაწერი მეგობარს, მშობელს…

როცა მასწავლებელი ან რეპეტიტორი გეუბნებათ, რომ თქვენს ნაწერს ვერ კითხულობს და მის წასაკითხად ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, აჩვენეთ თქვენი ნაწერი სხვებსაც და მათაც ჰკითხეთ – იკითხება თუ არა. ეს დაგეხმარებათ იმის გარკვევაშიც, გაუმჯობესდა თუ არა თქვენი წერის ტექნიკა.

– რა ინსტრუქციით იხელმძღვანელონ გამოცდაზე, როცა პასუხების ფურცელზე დაიწყებენ წერას, რა უნდა გაითვალისწინონ?

– ამბობენ, რომ ადამიანი შინაგანად რასაც გრძნობს, კონკრეტულ მომენტში, ფურცელზე ნაწერსაც იმ ემოციით გადმოსცემს, რაც აისახება ხოლმე კალიგრაფიაში. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ დამშვიდდნენ. მესმის, რომ საგამოცდო გარემო ძალიან სტრესულია მათთვის, მაგრამ ყველანაირად უნდა მოიხსნან დაძაბულობა. უნდა ისხდნენ თავისუფლად, წერონ ნელა, თუ, რა თქმა უნდა, დროში ძალიან არ არიან შეზღუდულები. ფურცელი სწორად განათავსონ მაგიდაზე და ნელი მოძრაობით დაწერონ, მოხდენილად და მსუბუქად.

– მიმართეთ აბიტურიენტებს

–  მეგობრებო, ნუ გექნებათ იმის შიში, რომ ცუდი კალიგრაფიის გამო ვინმე ქულას დაგაკლებთ! შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ყველანაირად თავისუფლად იგრძენით თავი და გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებას!

ასევე იხილეთ:

„გამოცდის წინა ღამით არ დაპანიკდეთ, თუკი არ დაგეძინებათ!“ – 7 პრაქტიკული რჩევა აბიტურიენტებს გამოცდილი გულშემატკივრისგან

„დროულად დაიწყეთ…“ – სპეციალისტების რჩევები აბიტურიენტებს, რომლებიც თვლიან, რომ „რაც ისწავლეს, ყველაფერი დაავიწყდათ!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური