GE

როგორ ემზადებიან თბილისის სკოლები 15 თებერვლისთვის – რეპორტაჟი დახურული სკოლებიდან (+ფოტო)

თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო თუ კერძო სკოლები ახლა დიდ სამზადისში არიან – რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 15 თებერვლიდან, ისინი მოსწავლეებს მიიღებენ და სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში განაახლებენ. სკოლების ადმინისტრაციებს ერთბაშად ბევრ საკითხზე უწევთ ფიქრი და მუშაობა – ცხრილების შედგენა როგორც პირდაპირი სწავლებისთვის, ისე დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის მსურველთათვის, ცვლების, გაკვეთილებისა თუ შესვენებების განრიგების შემუშავება ისე, რომ სკოლის შენობა არ დაიტვირთოს და ერთ სივრცეში ბევრ ბავშვს არ მოუწიოს თავშეყრა, ჰიგიენური საშუალებების მარაგების შევსება, შენობების ახალი რეგულაციების შესაბამისად დასუფთავება და ა.შ.

EDU.ARIS.GE სკოლების მზადების პროცესს გაეცნო და ადგილზე მიადევნა თვალი სამუშაოებს, რომლებსაც ახლა სკოლები ასრულებენ, რათა 15 თებერვლიდან მოსწავლეები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში მიიღონ.

გელა ოდიშელიძე თბილისის 177-ე სკოლის დირექტორია. ჩვენთან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად ყველაფერი უზრუნველყოფილია და სკოლას ყველანაირი რესურსი გააჩნია, რაც კი სჭირდება. ახლა ადმინისტრაცია ძირითადად იმაზე მუშაობს, თუ როგორი დატვირთვა იქნება მიზანშეწონილი, რათა თერმოსკრინინგიც მოესწროს, საგაკვეთილო პროცესიც აეწყოს და დასვენებებიც შესაბამისად გადანაწილდეს. დირექტორი, რომელმაც სკოლაში გვიმასპინძლა, აცხადებს, რომ მატერიალური თვალსაზრისით პრობლემას არაფერი წარმოადგენს და ახლა მათ, ძირითადად, ტექნიკურ საკითხებზე უწევთ ჩამოყალიბება.

1200 მოსწავლიან სკოლაში ორი ცვლა იქნება – დილისა და შუადღის. კლასები მორიგეობით ისარგებლებენ 5 და 10 წუთიანი დასვენებებითაც. დასვენებების დროს დერეფნებს 2-3 მორიგე პედაგოგი გააკონტროლებს. დისტანცია დაცული იქნება კლასებში, მერხებს შორისაც.

მასწავლებლებს კი, ამ ეტაპზე, ჯგუფური მუშაობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია ეძლევათ. საპირფარეშოები, გელა ოდიშელიძის თქმით, ყოველი დასვენების შემდეგ სველი წესით დასუფთავდება. აგრეთვე კიბის უჯრედები, კიბისა და კარის სახელურები, ცვლებს შორის კი, ნახევარსაათიან შუალედში, საკლასო ოთახები განიავდება და მაგიდები ზედაპირი და იატაკი მოიწმინდება. სველი წესით დასუფთავდება ის დერეფნებიც, სადაც დაბალი ასაკის მოსწავლეების კლასებია განლაგებული.

რაც შეეხება საპონს, ერთჯერად ხელსახოცებს, სადეზინფექციო ხსნარებს და ა.შ. დირექტორი ამბობს, რომ სკოლას ყველაფერი საკმარისზე მეტი აქვს.

„ეგ იმდენი გვაქვს, სად წავიღოთ, არ ვიცით. ერთჯერადი ხელსახოცებისთვის სენსორული მოწყობილობა გვაქვს დამონტაჟებული – ხელის დადებაც კი არ სჭირდება ბავშვს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი სველი წერტილების რეაბილიტაცია შარშან დასრულდა, მაშინ ეს სიტუაცია არ იყო, ამიტომ თბილი წყალი არ გვაქვს. დანარჩენი ყველაფერი რიგზეა. საპონიც იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე რეალურად გვჭირდება და ქაღალდიც. არც სველი წერტილების მდგომარეობაა პრობლემატური. ყველაფერი მოწესრიგებულია – ყველა კარი, ყველა ჩამრეცხი. თუ ტექნიკური შეფერხების გამო წყალი შეწყდა, რეზერვებიც აღებული გვაქვს. ყველა კლასში იქნება ხელის სადეზინფექციო საშუალება და ყველა დერეფანში, მინიმუმ, 4 აპარატია დამონტაჟებული ბავშვებისთვის შესაბამის სიმაღლეზე. მთავარია ბავშვებმა ეს უნარ-ჩვევები ცოტა სახლიდანაც მოიყოლონ, პატარებს ვგულისხმობ. პირბადეების მარაგიც გვაქვს, რამდენიმე ათასი. ამიტომ, თუ ვინმეს დაუზიანდება, დაესვრება, ან დაუსველდება, შევუცვლით”, – აცხადებს გელა ოდიშელიძე.

თბილისის 61-ე სკოლაში 1 472 მოსწავლე სწავლობს. სკოლა პანდემიამდეც ორ ცვლაში მუშაობდა და ახლაც ასევე აპირებს გაგრძელებას. სკოლის დირექტორის, შორენა ღუდუშაურის თქმით, საკმაოდ დიდია იმ მშობელთა რაოდენობა, რომლებიც შვილების დისტანციურ სწავლებაზე დატოვებას გეგმავს – დაახლოებით 30-40%. თუმცა ვარაუდობს, რომ 15 თებერვლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს რიცხვი შემცირდება.

„ახლა ვიკვლევთ იმას, თუ რამდენი ბავშვი ივლის და რამდენი – არა. ჩვენ ხომ ჰიბრიდული სწავლების არჩევა შეგვიძლია. მეორე რიგში კი ვმუშაობთ იმისთვის, რომ სანიტარული ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული. სამინისტრომ, თავის დროზე, რამდენჯერმე მოგვამარაგა, მათ შორის ახლაც, იანვარში. თავადაც შევიძინეთ ყველაფერი. ასე რომ, არაფერი გვაკლია. საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს სადეზინფექციო საშუალებები, საპნები და ყველაფერი ის, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დროს გამოსაყენებლად აუცილებელია. სველი წესით საპირფარეშოები დღეში რამდენჯერმე დასუფთავდება. გეგმაც არის გაწერილი, თუ რომელი საპირფარეშო რა დროს და ვინ უნდა დაალაგოს“, – ამბობს შორენა ღუდუშაური.

2 600 მოსწავლეს იტევს 175-ე საჯარო სკოლა, რომლის ყველა პედაგოგიც, მიმდინარე კვირაში, კორონავირუსზე უკვე გაიტესტა. დირექტორი თინათინ ალავიძე იმ სამუშაოებს გვაცნობს, რომელთაც სწავლის განახლებამდე დარჩენილ დღეებში ასრულებენ.

„ამჟამად მიმდინარეობს დასუფთავება და პარალელურად, დამრიგებლების მშობლებთან შეხვედრები თიმსის პლატფორმაში. აცნობენ თუ როგორაა სკოლაში ჰიგიენა დაცული. ასევე, ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰიბრიდული სწავლება გექნება – 1-6 კლასები სრულად სკოლაში ივლიან, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კი ნახევრად დისტანციური მეთოდით ისწავლიან. დაწყებითი საფეხურის ბავშვები ჩვენთან ცალკე შენობაში არიან და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები – ცალკე. როცა საბაზო საფეხურის კლასები მოდიან, იმ პერიოდში საშუალო საფეხურის კლასები არ მოდიან და პირიქით. შაბათ დღესაც სასწავლო დღედ გამოვიყენებთ“,- განმარტავს თინათინ ალავიძე.

რაც შეეხება ჰიგიენურ საშუალებებს, დირექტორი ამბობს, რომ მისი სიმცირე სკოლას არც პანდემიამდე უგრძვნია და ვერც ახლა იგრძნობს – საკმაო მარაგი აქვთ და განათლების სამინისტროდანაც დიდი რაოდენობით მიიღეს. სხვა სკოლებისგან განსხვავებით, როგორც აღმოჩნდა, სკოლას საკმაოდ ბევრი დამლაგებელიც ჰყავს – 14. აქედან 8 უშუალოდ 175-ე სკოლაში დასაქმებულია, 6 კი იმ სკოლის, რომელიც, საკუთარ შენობაში რემონტის გამო, დროებით, 175-ე სკოლის შენობას იყენებს.

„დამლაგებლები კიდევ დავამატე და უფრო მეტი გვყავს, ვიდრე პანდემიამდე გვყავდა. საპირფარეშოები სველი წესით ისედაც ყოველი დასვენების შემდეგ ლაგდებოდა და ახლაც ასე გაგრძელდება. ცვლებს შორის შესვენება ნახევარი საათია და ამ პერიოდშიც ესწრება დალაგება. საკმაოდ დიდი გუნდი გვყავს და დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ. ყველა კლასში არის ხელისა და ზედაპირის დასამუშავებელი სითხე, ასევე, ყველა დერეფანში“, – დასძენს იგი.
სკოლის დირექტორი მშობლებსაც მიმართავს და ამბობს, რომ ახლა უკვე მათი ხელშეწყობაც უმნიშვნელოვანესია.

„მე მშობლებს გავუგზავნე თხოვნა, რომ ყურადღებით იყვნენ, სკოლაში გამოშვებამდე ბავშვის მდგომარეობა გააკონტროლონ და თუ რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდათ, არ გამოუშვან, რათა მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ და შევინარჩუნოთ ის, რაც ამ ეტაპზე გვაქვს“, – ამბობს 175-ე სკოლის ხელმძღვანელი.

„ვემზადებით ისე, როგორც ყველა“,- ეს უკვე თბილისის 71-ე საჯარო სკოლის დირექტორის პაატა ჩორგოლაშვილის სიტყვებია, რომელიც დასძენს, რომ 15 თებერვლამდე შენობაში ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული უნდა იყოს. სკოლაში ახლა სწორედ დასუფთავება მიმდინარეობს – საკლასო ოთახების, დერეფნების, სველი წერტილების. დირექტორი ირწმუნება, რომ სკოლას საჭირო ატრიბუტების მსუყე მარაგი აქვს და მშობლებს იმასთან დაკავშირებით, დახვდებათ თუ არა მათ შვილებს საპირფარეშოში საპონი და ერთჯერადი ხელსახოცი, სანერვიულო არ აქვთ.

„შარშან ამ პერიოდში დავასრულეთ სკოლის რამდენიმე სართულის რეაბილიტაცია. საპირფარეშოებში თბილი წყალიც გვაქვს. ქაღალდზე, საპონზე და სხვა საჭირო ატრიბუტებზე აღარ ვლაპარაკობ. საპირფარეშოები სველი წესით იმდენჯერ დასუფთავდება, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენი დამლაგებლები, მაგ თვალსაზრისით, ძალიან აქტიურები არიან. მოკლედ, სრული მზადყოფნა გვაქვს და გვინდა ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. მთავარია, რომ მშობლებიც გვერდში დაგვიდგნენ და ინფორმაცია ჰქონდეთ მათაც და ბავშვებსაც, რათა ამ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შესაბამისად მოიქცნენ და რამე ინციდენტი არ გამოგვეპაროს“, – აღნიშნავს პაატა ჩორგოლაშვილი.

71-ე სკოლა, საგანგებოდ ამ სიტუაციისთვის, ორ ცვლიან გრაფიკზე გადადის. პარალელურად, ჰიბრიდული რეჟიმი იმოქმედებს – 1-4 კლასები სკოლაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ივლიან, დანარჩენი კლასები კი კვირაში ერთ, ორ, ან სამ დღეს სახლში გაატარებენ და კვლავ დისტანციურად ჩაერთვებიან. ამ ყველაფერთან ერთად, მშობლებს აქვთ სრულად დისტანციურ რეჟიმთან დაკავშირებით არჩევანის თავისუფლებაც. სკოლის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა სხვადასხვა კლასის ბავშვები ერთმანეთს არც შესვენებებზე, დერეფნებში შეხვდნენ, თუმცა, ამავდროულად, მოსწავლეები ზედმეტი წესების გამო არ დაითრგუნონ.

“ჩვენ სკოლაში საბჭოთა ზარი არ გვაქვს. გვაქვს მელოდიები, სიმღერები. დერეფანში კი დისტანციის დამცავი სტიკერები გვაქვს დაკრული. ბავშვები რომ გამოდიან, დგებიან ამ სტიკერებზე და მხიარულობენ, ცეკვავენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ რთულ სიტუაციაში ბავშვების კარგ განწყობას ხელი შევუწყოთ“, – ამბობს 71-ე სკოლის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, სასწავლო პროცესი სკოლებში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც აღდგება.

ამავე თემაზე:

მოსწავლისა და მშობლის ვალდებულებები საკლასო სწავლების აღდგენის შემდეგ

სამინისტრო სკოლებს: თითოეული მოსწავლე ასაკის შესაბამისად და ყველა მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს ამ საკითხებზე

რა წერია სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაგზავნილ განახლებულ რეკომენდაციებში – გეგმა 15 თებერვლისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური