როგორ გადავლახოთ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისას ზმნასთან დაკავშირებული პრობლემები
ავტორი: ნათია მაზიაშვილი, ენათმეცნიერი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
არაქართველენოვანი მოსწავლეები ქართული ენის დაუფლებისას ყველაზე მეტ სირთულეს ზმნასთან ხვდებიან. ზმნა ქართული გრამატიკის საყრდენი ენობრივი მოცემულობაა, სტრუქტურულად საკმაოდ რთული მორფოლოგიური წარმონაქმნი, რომელშიც თოთხმეტამდე გრამატიკული კატეგორიის ამსახველი მარკერი იყრის თავს. ასევე რთულია სინტაქსური კონსტრუქციის მიხედვით, უფრო ზუსტად მასთან შეწყობილი მორფოლოგიური პირების, სინტაქსური აქტანტების -ქვემდებარისა და დამატება ობიექტების (პირმიმართი დამატებების) თვალსაზრისით. ქართული ზმნური ფორმების (გარდამავალისა და გარდაუვალის) სერიების მიხედვით ცვალებადობა აპირობებს მასთან შეწყობილი აქტანტების ბრუნვათა ცვალებადობა – უცვლელობას, რაც ქმნის სერიების მიხედვით ბრუვათა არანჟირების სქემას ქართული ენის მორფოსინტაქსში, შესასაბამისად ქმნის სირთულეს გაგების თვალსაზრისით ენის შემსწავლელისათვის.
ქართული ზმნის ერთ-ერთ თავისებურებას მრავალპირიანობა და პირთა როგორობის მიხედვით განსხვავებულობა განაპირობებს; რომ ზმნასთან შეწყობილი პირები შეიძლება იყოს სუბიექტური და ორი სახის ობიექტური, რომ ისინი ბრუნებადი მოცემულობებია და ბრუნვები შეპირობებულია ზმნის სტრუქტურით. პოლიპერსონალიზმი ქართულისგან განსხვავებით, მსოფლიო ენათა დიდ ნაწილს არ ახასიათებს, რაც რთულად აღსაქმელია ენის შემსწავლელთათვის.
სკოლაში ჩემი პრაქტიკული მუშაობიდან გამომდინარე, შემიძლია აღვნიშნო, რომ მეორე ენის შემსწავლელებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს ქართული ზმნის მრავალპირიანობის გაგება, წერისას, ძირითადად, გვხვდება შეცდომები, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვაცვალებადობის საკითხებთან, წერითი თუ ზეპირი მეტყველებისას ხშირია მოსწავლეებში ბრუნვათა მცდარი ფორმების გამოყენება, ეს ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რის გამოც უჭირთ საკომუნიკაციო დონეზე ქართული ენის ათვისება. მაგისტრატურაში სწავლისას ჩემი კვლევა და ნაშრომი აღნიშნულ საკითხს მივუძღვენი რის საფუძველზეც შემიძლია ვისაუბრო იმ მიდგომებსა და მეთოდებზე, რომლებიც შესაძლოა დაეხმაროთ, როგორც ენის შემსწავლელებს, ასევე პედაგოგებს, ლექტორებს.
სწავლებისას აუცილებელია ყურადღების გამახვილება ზმნის ტიპებსა და სუბიექტის, პირდაპირი ობიექტის ბრუნვებზე. შემსწავლელმა უნდა გაიაზროს, რომ ზმნაზე მუშაობისას, სასურველია, ყურადღება გამახვილდეს სისტემაში არსებულ ზმნებზე, პირველსა და მეორე სერიის მწკრივებზე, რომლებიც ძირითად მორფოსინტაქსურ კონსტრუქციას გვიჩვენებს. გავამახვილოთ ზმნის სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვაზე ყურადღება, რათა თავიდან ავიცილოთ ზმნის სწავლება დაზეპირების მეთოდით. ამისთვის კი საჭიროა ენის შემსწავლელს მივაწოდოთ სუბიექტისა და ობიექტის ბრუვების კონსტრუქცია. უნდა გამახვილდეს ყურადღება ზმნაზე, ზმნის დროზე აღმოჩენით სწავლების მეთოდით, რომ ახლანდელი და მომავალი დროის აქტივებს, მედიოაქტივებს სუბიექტი ყოველთვის შეეწყობა ნომინატივში, ხოლო წარსული დროში – ერგატივში. პასივებში სუბიექტი სამივე დროში ნომინატივში იქნება.
ახლანდელი: ბიჭ-ი სწავლობს. მომავალი: ბიჭ-ი ისწავლის. წარსული: – ბიჭ-მა ისწავლა. ახლანდელი: მერცხალი ჭიკჭიკებს. მომავალი: მერცხალი იჭიკჭიკებს. წარსული: მერცხალმა იჭიკჭიკა.
პირდაპირი და ირიბი ობიექტის შესწავლა და შემდეგ პრაქტიკაში გამოყენება უფრო მარტივი იქნება ამგვარი პრინციპით:
ახლანდელი: ბიჭი წერს ლექს-ს; ბიჭი ემალება დედა-ს
მომავალი: ბიჭი დაწერს ლექს-ს. ბიჭი დაემალება დედა-ს
წარსული: ბიჭმა დაწერა ლექსი. ბიჭი დაემალა დედა-ს
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ზმნის ფორმის გარჩევა, მასალა უნდა დაჯგუფდეს ზმნის გვარის გრამატიკული კატეგორიის გათვალისწინებით და ისწავლებოდეს გვარის ფორმასთან შეწყობილი სინტაქსური კონსტრუქციების მიწოდებით, რადგან გვარი უშუალოდ არის დაკავშირებული ზმნის ფორმაცვალებასთან.
სასურველია ყურადღება გამახვილდეს ზმნის ფორმაზე, თუმცა ფორმასთან ერთად ვნებითი გვარის ზმნის აფიქსებზე (ი-, ე-, -დ), -ები/-ება- თი დაბოლოებული ზმნის სტრუქტურაზე უნიშნო ვნებითის შემთხვევაში.
მხოლოდ სტრუქტურის მიხედვით ზმნების მიწოდებამ შესაძლოა დაბნეულობა გამოიწვიოს შემსწავლელებში. დამაბნეველი იქნება ტერმინებიც მოქმედებითი, ვნებითი, საშუალი (მედიოაქტივი, მედიოპასივი) და სხვ. ამიტომ, სწავლებისას შესაძლებელია ზმნების კლასიფიკაცია სემანტიკის მიხედვით:
- აქტიური კონსტრუქცია: კეთება ტიპის ზმნები ნომინატიურ-დატიურ-ერგატიული კონსტრუქცით – აკეთებს, აშენებს, ანგრევს, ალაგებს, რეცხავს, ხატავს, წერს, მღერის, ცეკვავს, ქსოვს, კრეფს, ბარავს, კლავს, ტეხს, ქურდავს, ახურდავებს, გრეხს, და სხვ.
- მედიოაქტიური კონსტრუქცია: ხმიანობის, ხმაბაძვითი (ონომატოპოეტური), ხმის აღმნიშვნელი ფორმები ნომინატიურ-დატიურ-ერგატიული კონსტრუქციით: ბაბანებს, გუგუნებს, ზანზარებს, ქაქანებს, ღაღანებს, ხარხარებს, ჭრიჭინებს, ტიტინებს, ჯაჯღანებს, წრიალებს, ჭრიალებს, ხრიალებს, ზრიალებს და სხვ. (გერსამია, კიკვიძე, ლომია, მამისეიშვილი, საღლიანი, 2016).
- გრძნობა-აღქმის გამომხატველი (მედიოპასივი) ზმნები ნომინატიური კონსტრუქციით: მიყვარს, მომწონს, მძულს, მეშინია, მენატრება, მაკანკალებს, მაცახცახებს, მაციებს და სხვ.
ზმნის ტიპების, სუბიექტის მარტივად და სახალისოდ შესწავლაში მოსწავლეებს დაეხმარებათ მოცემული სქემას, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ზმნის სემანტიკასა და სუბიექტის ბრუნვაზე:
გახსოვდეთ!
აქტივებში:
ახლანდელ დროში, პირველ სერიაში სუბიექტი ( მოქმედი პირი) დგას ——- სახელობითში
წარსულ დროში, მეორე სერიაში სუბიექტი (მოქმედი პირი) დგას ———– მოთხრობითში
წარსულ დროში, მესამე სერიაში სუბიექტი ( მოქმედი პირი) დგას ———– მიცემითში
პასივებში:
ახლანდელ დროში , პირველ სერიაში სუბიექტი ( მოქმედი პირი) დგას ——- სახელობითში
წარსულ დროში, მეორე სერიაში სუბიექტი (მოქმედი პირი) დგას ———– სახელობითში
წარსულ დროში, მესამე სერიაში სუბიექტი( მოქმედი პირი) დგას ———– სახელობითში
აღვნიშნავ, რომ ენის შემსწავლელთათვის გრამატიკის შესწავლა მიზანი არ არის, გრამატიკა არის საშუალება, იმისათვის რომ შეძლონ წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია, მაგრამ ვფიქრობ, თავიდანვე საჭიროა ლოგიკურად შედგენილი გრამატიკული წესების თანმიმდევრული და პროგრესიაზე ორიენტირებული სწავლება. უნდა იყოს ახსნილი, რას ნიშნავს სუბიექტისა და ობიექტის გაგება, ზმნის მრავალპირიანობა, პირმიმართი ზმნები. მხოლოდ ტექსტებით და დაკვირვებით ენის შესწავლა მეტ ძალისხმევას მოითხოვს ისეთი რთული მორფოსინტაქსური ბუნების ენისათვის, როგორიც ქართულია. მნიშვნელოვანია არა ფორმებსა და ტექსტებზე დაკვირვებით აღმოჩენამდე მისვლა, არამედ თავიდანვე განსაზღვრული ლოგიკურად შედგენილი წესების მიწოდება ენის შემსწავლელისთვის. თავისებური ზმნები, როგორიცაა: მაქვს, მყავს, ვარ, ვიქნები, ვამბობ… არ არის მარტივად გასაგები, მაგრამ ხშირად ხმარებული ზმნებია სასაუბრო მეტყველებაში და მისი სწავლება შესაბამისი წესების მიხედვით აუცილებელია. ასევე გამონაკლისი ზმნების რიგშია უგვარო ზმნა ,,იცის“, რომელთა ახსნა და შესწავლა შესაბამისი წესის მიხედვით საჭიროა, რადგან აღნიშნული ზმნა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
უმჯობესია, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს გრამატიკა მივაწოდოთ სისტემურად, ისე, რომ გრამატიკული საკითხები ლოგიკურად და თანმიმდევრული პროგრესიით იყოს დაშენებული ერთმანეთზე.
გრამატიკის და ქართული ზმნის სწავლება მოკლე დროში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან დამაბნეველია გრამატიკული წესები თუ გამონაკლისები, რომლებიც უხვად გვხვდება ენის სწავლებისას. წესების დამახსოვრება და მისი პრაქტიკაში გამოყენება არაქართველენოვანი შემსწალელისთვის კონტექსის გარეშე რთულია. შესაბამისად, ზმნა უნდა შევასწავლოთ კონტექსში, რომ შეძლონ მისი სტრქუტურისა და კონსტრუქციის დამახსოვრება შემდგომ კი მისი წერითი თუ ზეპირი მეტყველებისას გამოყენება.
გრამატიკის როლი და სწავლების პრინციპები მუდმივად იცვლებოდა პირველი გაკვეთილიდან დღემდე და გრამატიკის როლი თანამედროვე უცხოური ენის გაკვეთილზე პრინციპულად განსხვავდებოდა ტრადიციული გრამატიკის სწავლებისგან. ლინგვისტიკაში გრამატიკა, როგორც ენათმეცნიერების ნაწილი, სწავლობს ბუნებრივი ენის აგებულებას (ლინგვისტური გრამატიკა), ხოლო უცხოური ენის გაკვეთილის ქვეშ ისწავლება ის გრამატიკული მასალა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, შეძლოს წინადადების სწორი აგება, მათი ერთმანეთთან დაკავშირება (პედაგოგიური გრამატიკა).
გრამატიკაზე მუშაობა უცხოური ენის გაკვეთილზე სხადასხვა სახით ხდება. არის შემთხვევები, როდესაც გამოიყენება დედუქციური მეთოდი სწავლებისას, რის მიხედვითაც, მოსწავლეებს გრამატიკული წესი მიეწოდება მზა სახით და მისი დაკონკრეტება, ახსნა ხდება მაგალითების საშუალებით. გრამატიკის სწავლების პროცესში ენის შემსწავლელს უკავია პასიური როლი, გაკვეთილი ორიენტირებულია მასწავლებელზე. გრამატიკული წესის გაგება კი რთული და მოსაწყენია მოსწავლისთვის. აღნიშნული მეთოდისგან განსხვავებით არსებობს გრამატიკულ წესებზე მუშაობის ინდუქციური მეთოდიც.
სკოლაში სწავლება ხორციელდება სწორედ ინდუქციური პრინციპის მიხედვით. „ინდუქციური მეთოდი ენის შემსწავლელს საშუალებას აძლევს თავად დაინახოს გრამატიკული კანონზომიერება კონკრეტული მაგალითების დახმარებით და თავად ჩამოაყალიბოს გრამატიკული წესი (მიმართება: კონკრეტულიდან აბსტრაქტულისაკენ).
აღნიშნული მეთოდით სწავლებისას, სასურველია, მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა ზმნა, ზმნასთან შეწყობილი აქტანტები, ზმნის გვარი მეტი ყურადღება ჰქონდეს დათმობილი.
პრაქტიკული მეთოდები
უმჯობესია, გრამატიკული საკითხები მოცემული იყოს დიალოგებით, მოსასმენი, წერითი სავარჯიშოებით. სასურველია მარტივი წინადადებების ხშირად მოსმენა, რომლებშიც ყურადღება გამახვილდება სუბიექტსა და პირდაპირ ობიექტის ბრუნვაზე, ეს დაეხმარება შემსწავლელს, რომ სმენის საშუალებით მიეჩვიოს სწორ ფორმებს, სწორ კონსტრუქციებს.
სწავლების პროცესში გამოვიყენოთ იმ ტიპის სავარჯიშოები, ცხრილები, რომლის დახმარებითაც სტუდენტი მკაფიოდ დაინახავს ზმნის სტრუქტურას, შეძლებს სხვადასხვა გვარის ზმნების გარჩევას. მაგალითად, ცხრილში მოცემული იქნება პირველი და მეორე სერიის ზმნის ფორმები და მასთან შეწყობილი აქტანტები შესაბამისი მარკერით. აღნიშნული ცხრილები და სავარჯიშოები დაეხმარებათ შემსწავლელებს, დამოუკიდებლად შეძლონ წესების შედგენა-დამახსოვრება და მათი პრაქტიკაში გამოყენება.
ზმნის სწავლებისას ასევე საინტერესო და ეფექტური იქნება ინტეგრირებული სავარჯიშოების ჩართვა. მოსმენის უნარზე მუშაობის დროს კარგი იქნება, თუ ზმნის დროზე, სხვადასხვა მწკრივის ფორმებზე შედგენილ სავარჯიშოებს მოუსმენენ. ამით განუვითარდებათ როგორც მოსმენის უნარ-ჩვევა, ასევე შეძლებენ ზმნის გარკვეული დროის დამახსოვრებასაც. ისეთი ტიპის სავარჯიშოც იყოს მიწოდებული, სადაც სუბიექტისა თუ ობიექტის ფორმაცვალებაზეც იქნება აქცენტი გაკეთებული. აღნიშული ტიპის სავარჯიშოები გარდა მოსმენის უნარისა, სხვა უნარების განვითარების დროსაც უნდა იყოს ჩართული, რაც დაეხმარება ენის შემსწავლელს, რომ შეძლოს ენის სრულფასოვნად შესწავლა.
ჩემი კვლევიდან, პრაქტიკული მუშაობიდან გამომდინარე, მაქვს შედგენილი სავარჯიშოები, მარტივი დავალებები, რომლებსაც აქტიურად ასრულებენ ჩემი მოსწავლეები და ეხმარებათ აღნიშნული პრობლემის გაუმჯობესებაში.
ეფექტური მეთოდია პრეზენტაცია – პრაქტიკა – პროდუქტი, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე ლექტორის/მასწავლებლის ჩართულობას, იგი გააცნობს სამიზნე აუდიტორიას გრამატიკულ საკითხს, ისაუბრებს წესებზე, რის შემდეგაც მოსწავლე ასრულებს სავარჯიშოს, მასწავლებელი აკვირდება მას მუშაობის პროცესში, რომ გაარკვიოს რამდენად ახერხებს იგი სწორად სავარჯიშოს შესრულებას. გაკვეთილის ბოლოს სტუდენტი დამოუკიდებლად ქმნის პროდუქტს, ადგენს წინადადებებს/ტექსტს ახსნილი გრამატიკული წესებისა თუ სტრუქტურების გამოყენებით. მაგალითად, მასწავლებელი, თუ ახსნის ზმნის სუბიექტის მარკერებს, ენის შემსწავლელი დამოუკიდებლად ჩასვამს აღნიშნულ აქტანტას შესაბამის ბრუნვაში. შემდეგ დავალებაში კი შეადგენენ წინადადებებს, ტექსტს, რომელშიც გამოიყენებს სუბიექტს შესაბამისი ბრუნვის ფორმით. ერთ-ერთი მეთოდია ასევე ვიზუალური მასალის გამოყენებით დამახსოვრება გრამატიკული წესებისა და სტრუქტურების, რომელიც საკმაოდ ეფექტური მიდგომაა იმისათვის, რომ საკითხის მარტივად, გასაგებად ახსნა და გაგება გახდეს შესაძლებელი.
ასევე იხილეთ:
რამდენიმე პრაქტიკული რჩევა წერის სწავლებისთვის
საჯარო სკოლაში უსინათლო მოსწავლის ბრაილის შრიფტით სწავლების მეთოდები და აქტივობები