როგორ გეგმავს სამინისტრო და „ნაეკი“ ტუშიანი კალმების და სერვერის პრობლემის მოგვარებას
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აბიტურიენტები საგნებს ირჩევენ, რეპეტიტორებს ეძებენ და წიგნებს იმარაგებენ. მათგან ყოველდღიურად არაერთ კითხვას ვიღებთ. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამოცდის პროცედურულ საკითხებს. მათ შორის აქტუალურია ტესტების შევსებისას გამოსაყენებელი სპეციალური გელიანი კალმებისა და შედეგების გამოცხადებისას პროგრამაში შესვლის სირთულის თემა.
თუ 2017 წლის მისაღები გამოცდებიდან ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევის მაგალითს გავიხსენებთ, საკითხი მეტად გასაგები გახდება. როგორც იცით, საზოგადოების ვნებათაღელვა ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის აპელაციის შედეგად ერთი აბიტურიენტისთვის 18 ქულის მომატებამ გამოიწვია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ეს ფაქტი სერვერის გადატვირთვით ახსნა, კერძოდ, როდესაც გამსწორებლებს ქართულის ნაშრომები უნდა გაეხსნათ და შეესწორებინათ, მაშინ ზოგადი უნარების შედეგების გასაგებად აბიტურიენტთა ნაკადი მიაწყდა naec.ge-ს და გამსწორებელს აბიტურიენტის არასრული ნაშრომი უჩვენა. აღნიშნულის გამო აპლიკანტს ნაშრომში 0 ქულა დაეწერა და 18 ქულა დააკლდა.
EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, გაერკვია, იგეგმება თუ არა რაიმე სახის ღონისძიებების გატარება, რომ მომავალში კვლავ არ დადგეს მსგავსი შედეგი. როგორც გაირკვა, გამოცდების ცენტრი კალმების მიმართულებით ცვლილებას არ გამორიცხავს. ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინიტროს მივმართეთ – არის თუ არა დაგეგმილი ცვლილების განხორციელება როგორც გელიანი კალმების, ისე სერვერების კუთხით.
-გამოცდების მიმდინარეობისას, ასევე შედეგების გამოცხადებისას, მუდმივად დგას პრობლემა როგორც ტუშიანი კალმების, ასევე სერვერის გადატვირთის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ამ პრობლემებს ტენდერის პირობებს უკავშირებენ, რომლის მიხედვით ხარისხიანი ტექნიკის შეძენის საშუალება არ არის. თუ მიგიმართავთ განათლების სამინისტროსთვის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის, რომ როგორღაც მოგვარდეს ეს პრობლემა. როგორი სახის იყო ეს მიმართვა და რა სახის გამოხმაურება გქონდათ?
–გამოცდების ცენტრი: ნებისმიერ პროცესს, მათ შორის ტექნიკურსაც, თავისი გაწერილი პროცედურები აქვს და ყველაფერი ამ პროცედურების მიხედვით ისე კეთდება, რომ არ დაირღვეს აბიტურიენტის უფლება და არ შეფერხდეს საგამოცდო პროცესი. მთავარი ესაა.
რაც შეეხება კალმებს, ალბათ იცით, რომ ნებისმიერი შესყიდვა კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს. აბიტურიენტებს კალამებით ჩვენ უზრუნველვყოფთ, ვუცვლით მაშინვე, როცა კი ეს საჭიროა და ვინახავთ შესაბამის პირობებში. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს მათ, ვინც ჩვენი მიწოდებული კალმებით უკმაყოფილოა, ტუშის კალმების გამოცდაზე მოტანის უფლება მივცეთ.
რაც შეეხება სამინისტროსთან კომუნიკაციას, ცხადია, ყველა ეტაპზე, მაშინ, როდესაც ახლი შესყიდვების (კომპიუტერებისა თუ სხვა ნივთების) საჭიროება არსებობს, სამინისტროს მივმართავთ. ამის შემდეგ კანონის შესაბამისად ცხადდება ახალი ტენდერი და ხორციელდება შესყიდვა. ზოგადად კი, ერთიანი ეროვნული გამოცდები უდავოდ ის შემთხვევაა, როდესაც ხარჯების 95%-ზე მეტს აბიტურიენტის ნაცვლად სახელმწიფო იხდის, ხოლო მონაწილეს მხოლოდ სიმბოლურ გადასახადს აკისრებს.
რაც შეეხება სერვერის გადატვირთვას შედეგების გამოცხადებისას, როგორც წესი, ოჯახის რამდენიმე წევრი ერთად ცდილობს ხოლმე შედეგის ნახვას (ზოგი კომპიუტერით, ზოგიც ტელეფონით), ეს კი ალბათ 100 ათას მომართვაზე მეტია დროის ძალიან მოკლე პერიოდში. წელს შარშანდელთან შედარებით ამ თვალსაზრისით დატვირთვა საგრძნობლად გაიზრდა (ვვარაუდობთ, რომ ე. წ. სმარტფონებით სისტემაში შემოსვლის რაოდენობის ხარჯზე). ცენტრი უდავოდ არის ის ორგანიზაცია, რომელიც რეალობის ანალიზის საფუძველზე გეგმავს თავის მომდევნო ნაბიჯებს. ასე რომ, ამ ვითარებასაც ზუსტად შევისწავლით და ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ.
–რამდენია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წლიური ბიუჯეტი (2016-2017 წლის) და აქედან ყოველწლიურად რამდენი იხარჯება ტექნიკის განახლებისთვის?
გამოცდების ცენტრი: ცენტრის ბიუჯეტი (სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა) 2017 წელს დაახლოებით 11 მილიონ 900 ათასი ლარია, 2016 წელს დაახლოებით 13 მილიონი იყო, ხოლო რაც შეეხება ტექნიკის შეძენას, მასშტაბური შესყიდვა, ცხადია, ყოველწლიურად არ ხორციელდება და ეს არც იქნებოდა გამართლებული. შეძენილი ტექნიკის მომსახურებისა თუ კომპონენტების განახლებისათვის ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 200 ათასი ლარი იხარჯება. თუ შესყიდვა დაიგეგმა, ცხადია, იმ წელს თანხა გაცილებით მეტი იქნება. ზოგადად, კი უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტიდან ტექნიკის მომსახურებაზე დახარჯული ცალკე აღებული ჯამური თანხა არაფერზე მეტყველებს, თუ ეს ყველაფერი კონტექსტში, სწორი ანალიზის საფუძველზე დასახული მიზნის გათვალისწინებით არ არის შეფასებული. ცენტრს არსოდეს „დაუზოგავს“ თანხა აპლიკანტებისათვის მაქსიმალურად ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე და, როგორც უკვე გითხარით, ყოველწლიურად ვაანალიზებთ შექმნილ ვითარებას და საჭიროებების მიხდევით ვგეგმავთ შესაბამის შესყიდვებს. ამას, ცხადია, წელსაც გავაკეთებთ.
–წლევანდელ გამოცდაზე მოხდა შემთხვევა, რომ აპელაციის შემდეგ ერთ აბიტურიენტს 18 ქულა მოემატა. გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ეს პრობლემა სერვერის გადატვირთვით ახსნა. რა ჯდება სერვერის შეცვლა და რეგულაციების გარდა არის თუ არა თანხა ამ შემთხვევაში დაბრკოლება მისი შეძენისთვის?
გამოცდების ცენტრი: პირველ რიგში, კიდევ ერთხელ განვმარტავთ – თუნდაც რამდენიმე აბიტურიენტის ნაშრომების ამა თუ იმ დავალების არაზუსტად შეფასება თეორიულად გამორიცხული რომ იყოს, მაშინ აპელაციის პროცესიც საერთოდ აღარ გახდებოდა საჭირო. თუ ლოგიკას მოვიშველიებთ, ცხადზე ცხადია, რომ ამ პროცესის არსებობა იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად პრაქტიკულად უპრეცენდენტო სისტემისა, მაინც ვუშვებთ გარკვეული აცდენების შესაძლებლობას და სწორედ ამიტომ აბიტურიენტს ნაშრომსაც ვუქვეყნებთ და აპელაციის შესაძლებლობასაც ვაძლევთ.
ზოგადად, ესეს გასწორების სპეციფიკას ვინც იცნობს, მან კარგად იცის, რომ ეს არც „ქართული შემთხვევაა“ და არც რაიმე იშვიათი გამონაკლისი – ყველა ქვეყანაში აღიარებენ, რომ მიუხედავად შეფასების სქემის უნიფიცირებისა, ესეს შეფასებისას განსვლები არსებობს ხოლმე. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ე. წ. „სერვერის გადატვირთვას“, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნიმუში იყო ცენტრის წარმომადგენლის მიერ მოყვანილი იმ რამდენიმე შესაძლო მიზეზიდან, რომლებსაც თეორიულად აღნიშნული შედეგი შეიძლებოდა გამოეწვია. გასწორების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდა და სერვერების კუთხით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მთავარი კი, ალბათ, მაინც ის არის, რომ უზუსტობა დროულად იქნა აღმოჩენილი და აბიტურიენტის ინტერესები არ შეილახა.
მას შემდეგ რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის პოზიცია გავიგეთ, გადავწყვიტეთ გაგვეგო, თავად განათლების და მეცნიერების სამინისტრო როგორ ხედავს ამ პრობლემების მოგვარების გზებს და იგეგმება თუ არა სამომავლოდ როგორც სერვერის, ასევე ტუშიანი კალმების შეცვლა და როგორ. პირადად განათლების მინისტრმა აღნიშნულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა, სამინისტროში კი ასეთი პასუხი გაგვცეს:
„ტენდერი არის სახელმწიფო შესყიდვების კანონი, რომელსაც ემორჩილება ყველა სახელმწიფო უწყება. ჩვენ ვერაფერს ვცვლით. თვითონ უნდა გადაწყვიტოს გამოცდების ცენტრმა, მოატანინებენ თუ არა თავის კალმებს გამოცდაზე. „სიპი“ იმიტომ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომ მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მან დაუშვას, თუ დასაშვებია.
შესყიდვების შესახებ კანონზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ასე კეთდება ყველაფერი ქვეყანაზე. ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რასაც „სიპი“ გააკეთებს. ჯერ- ჯერობით ამ პრობლემის მოგვარებისთვის მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ. ეს “სიპი“ სრულად არის პასუხისმგებელი გამოცდების ჩატარებაზე, შედეგებზე და აპელაციაზე. ჩვენ რა უნდა ვთქვათ?“, – განგვიცხადეს განათლების და მეცნიერების სამინისტროში.
სამინისტროს ამ დროისათვის ასევე არ აქვს პასუხი იმის თაობაზე, იქნება თუ არა მომავალი წლის მისაღები გამოცდებისთვის საგამოცდო სექტორები გაგრილების მოწყობილობებით აღჭურვილი. მინისტრმა ამ საკითხის მოგვარების პირობა აბიტურიენტებს მიმდინარე წლის ზაფხულში მისცა.
„იმედი გვაქვს, რომ ყველა ცენტრში გვექნება კონდიციონერი“, – აღნიშნა მინისტრმა.
2017 წლის მაღალქულიანი აბიტურიენტების წარმატების ფორმულა მომდევნო წლის აბიტურიენტებისთვის
ვინ არიან 2017 წლის ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები
გაიცანით 2017 წლის აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდები რეპეტიტორების გარეშე წარმატებით ჩააბარა
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება