GE

როგორ მოხდება უნივერსიტეტისგან სტუდენტის შეფასება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში – მინისტრის ბრძანება

„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში რიგი ცვლილებები განხორციელდა. ბრძანების ზოგიერთი მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და ასევე, 29 დეკემბრის ბრძანებით, დაემატა ახალი პუნქტებიც.

ახლებურად განისაზღვრა თუ როგორ მოხდება უნივვერსიტეტების მხრიდან სტუდენტთა შეფასება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში.

მინისტრის ბრძანების კვალდაკვალ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ცვლილებები ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს:

  • ბრძანების პრეამბულაში გაკეთდა ჩანაწერი და დაზუსტდა ბრძანების რეგულირების სფერო და დადგინდა, რომ კრედიტებით გაანგარიშების წესი და სწავლის შედეგების შეფასება ეფუძნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და მიდგომებს.
  • „შეფასების მეთოდების“ განმარტება გამდიდრდა სხვადასხვა სფეროსათვის დამახასიათებელი შეფასების მეთოდების დამატებით, როგორიცაა: პორტფოლიო, გამოფენა, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული გამოცდა (OSPE);
  • ტერმინთა განმარტებას დაემატა მოდულისა და კონცენტრაციის განმარტება;
    გაანალიზდა ბრძანებაში არსებული ზოგიერთი რეგულაცია, რომელიც უფრო მეტად უკავშირდებოდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს და ეს ჩანაწერები ამოღებულ იქნა ბრძანებიდან;
  • შეფასების კომპონენტებში (შუალედური და დასკვნითი შეფასებები) დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრების შედეგად, სტუდენტის შეფასების მინიმალური ქულა შესაძლებელია აღემატებოდეს 51 ქულას. შესაბამისად, ცვლილებებით რეგულაცია ხდება უფრო მკაფიო და ნათელი სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება უფლებამოსილება, საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკის, აგრეთვე მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გათვალისწინებით, დაადგინოს ამ ბრძანებით განსაზღვრული შეფასების სისტემისგან განსხვავებული მინიმალური დადებითი შეფასება, რომელიც არ უნდა იყოს 51 ქულაზე ნაკლები და 60 ქულაზე მეტი;
  • წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი მედიცინის პროგრამაზე შესაძლებელია აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს (მიმდინარე რედაქციით დაშვებულია 60%), თუკი ეს განსაზღვრული იქნება მედიცინის დარგობრივი მახასიათებლით;
  • ერთმანეთისგან გაიმიჯნა სტუდენტის შეფასება სასწავლო კომპონენტსა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტებისათვის და ცალ-ცალკე მუხლებად ჩამოყალიბდა. აღნიშნულის მიხედვით, უფრო მეტად მოწესრიგდა სტუდენტის შეფასების საკითხები სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის თავისებურებების გათვალისწინებით;
  • წარმოდგენილი ბრძანების პროექტით უფრო ნათლად იქნა ჩამოყალიბებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთჯერადად შეფასების მოთხოვნა და განისაზღვრა შემდეგი სახით: – „აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად წარდგენილი სამაგისტრო პროექტი/ნაშრომი, დისერტაცია, ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევარი, ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომი უნდა შეფასდეს მთლიანობაში ერთიანად – დასკვნითი შეფასებით, რომელიც მოიცავს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული პირების შეფასებებსა და დაცვაზე მიღებულ შეფასებას“;
  • ვინაიდან სამეცნიერო – კვლევითი კომპონენტი ფასდება ერთჯერადად, მხოლოდ დასკვნითი შეფასებით, სტუდენტის მიერ ნაშრომის მომზადებისათვის სამუშაო რომ იყოს ორგანიზებულად წარმართული და ასევე, ნაშრომზე მუშაობის პროგრესი ერთგვარად შეფასდეს, ცვლილებების ფარგლებში განისაზღვრა, რომ ინსტიტუცია უფლებამოსილია განსაზღვროს სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობები, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტის პროგრესიის პერიოდულ განმავითარებელ შეფასებებს;
  • წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნის შესაბამისად, გარდამავალმა დებულებამ გაითვალისწინა, რომ COVID 19-ით გამოწვეულ პანდემიის პირობებში საბაკალავრო ნაშრომის მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკისა და სტუდენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს ნაშრომის შესრულებისა და შეფასებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი წესისგან განსხვავებული ვადები. გარდამავალ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდი.

სტუდენტის შეფასება სასწავლო კომპონენტში: (მე-4 მუხლი)

1. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება პროგრამის სასწავლო კომპონენტში უნდა მოიცავდეს შუალედურ და დასკვნით შეფასებას.

2. შეფასების თითოეულ კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) უნდა განესაზღვროს რაოდენობრივი მაჩვენებელი (შესაძლებელია, გამოსახული იყოს პროცენტებში ან ქულებში) საბოლოო შეფასებაში.

3. დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი კომპონენტის (შუალედური ან დასკვნითი შეფასება) გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება ამ მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებულ თითოეულ შეფასების კომპონენტში, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შეფასების მეთოდში განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გადალახვისა და ამ მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

4. შეფასების თითოეულ კომპონენტში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს. მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი შესაძლებელია აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეფასების მეთოდში/მეთოდებში განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

6. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტების (გარდა კონცენტრაციისა და მოდულისა) სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება უნდა დასრულდეს იმავე სემესტრში, რომელშიც იგი ხორციელდებოდა.

7. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – 91-100 ქულა;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;

ა.გ) (C) კარგი – 71-80 ქულა;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;

ა.ე) (E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, სპეციფიკის, აგრეთვე მინიმალური კომპეტენციის ზღვრების გათვალისწინებით, დაადგინოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მინიმალური დადებითი შეფასება, რომელიც არ უნდა იყოს 51 ქულაზე ნაკლები და 60 ქულაზე მეტი.

9. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში FX-ის მიღების ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დადებითი შეფასების ვერმიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დანიშნოს დამატებითი გამოცდა დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.

10. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.

11. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.

როგორ მოხდება სტუდენტის შეფასება სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში და კიდევ რა დეტალები დაზუსტდა ახალი ბრძანებით, დეტალურად წაიკითხეთ ბმულზე.

ბრძანება უკვე ძალაშია და განმარტებულია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე, შესაბამისი შიდა მარეგულირებელი აქტები შესაბამისობაში მოიყვანოს აღნიშნულ ბრძანებასთან არაუგვიანეს 2022 წლის 1 ოქტომბრისა.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური