GE

როგორ შეფასდება 2022 წლის აბიტურიენტების წერითი დავალება ქართულში – რა წესები უნდა დაიცვათ ტესტზე მუშაობისას

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდის ტესტებში შესატანი ცვლილებების შესახებ. 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელმა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს, რომ მას ორის ნაცვლად, ერთი წერითი დავალების შესრულება მოუწევს. აქამდე არსებული მეორე წერითი დავალება კი სხვა ტიპის დავალებად იქნება ჩამოყალიბებული და წაკითხულის გააზრება ერქმევა.

რა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ქართულში წერითი დავალების შესრულებისას და როგორ შეფასდება მისი ნაშრომი?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ წერითი დავალების მაქსიმალური ქულაა 34. დავალების ესა თუ ის მითითება შესრულებულად არ ჩაითვლება, თუ მასზე მხოლოდ ერთი-ორი წინადადებით იქნება პასუხი გაცემული.

რა ხდება თუ ნაშრომის მოცულობა არ აღემატება 150 სიტყვას:

ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, არ შეფასდება VIII, IX და X კრიტერიუმებით.

არსებობს 10 კრიტერიუმი: დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება; ნაშრომის აგება; მხატვრული ტექსტის ანალიზი; პრობლემის აქტუალობის დასაბუთება; ზოგადი განათლება; დამოუკიდებელი აზროვნება; ფაქტობრივი სიზუსტე; ლექსიკა და სტილი; მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი; პუნქტუაცია.

როდის იწერება ნული ქულა დავალებებში ტესტის გასწორებისას ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით: 

  1. დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება: დავალების პირობა მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული 0 – ქულა და ნაშრომი აღარ სწორდება;
  2. ნაშრომის აგება: ნაშრომის სტრუქტურა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება დასმულ ამოცანას, დარღვეულია ტექსტის ლოგიკა და/ან აბზაცები სწორად არ არის გამოყოფილი და დაცული არ არის ციტირების წესი – 0 ქულა;
  3. მხატვრული ტექსტის ანალიზი: მხატვრული ნაწარმოები გაანალიზებული არ არის – 0 ქულა;
  4. პრობლემის აქტუალობის დასაბუთება: მსჯელობა დასაბუთებული არ არის – 0 ქულა;
  5. ზოგადი განათლება: აბიტურიენტი ვერ ერკვევა განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში – 0 ქულა;
  6. დამოუკიდებელი აზროვნება: ნაშრომში არ გამოვლინდა აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი – 0 ქულა;
  7. ფაქტობრივი სიზუსტე: ნაშრომში დაშვებულია ერთზე მეტი ფაქტობრივი შეცდომა – 0 ქულა;
  8. ლექსიკა და სტილი: ნაშრომის სტილი მთლიანობაში არ შეესაბამება დასმულ ამოცანას, სტილისტიკურად გაუმართავია – 0 ქულა;
  9. მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი: – დაშვებულია ათზე მეტი შეცდომა – 0 ქულა;
  10. პუნქტუაცია: დაშვებულია ათზე მეტი შეცდომა – 0 ქულა.

სხვა ქულების განაწილება ჩამოთვლილი კრიტერიუმის შესაბამისად იხილეთ ბმულზე

შეგახსენებთ, რომ განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ცვლილებების ჩამონათვალი და ტესტის ნიმუში 2022 წლის ქართულისა და გეოგრაფიის ეროვნული გამოცდისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური