GE

როგორია ამა თუ იმ საგნის გამოცდის ტესტის შექმნის სპეციფიკა – „ნაეკი“ ანგარიშს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 30 დეკემბერს გამოაქვეყნა გასულ წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში. როგორც სოფიო გორგოძის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ გამოცემაში ჩატარებულ საქმიანობასთან ერთად საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები მკითხველებს დეტალურად აცნობენ, თუ როგორია ამა თუ იმ საგნის ტესტის შექმნის სპეციფიკა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ანგარიშში მკითხველებს ასევე მოუთხრობენ საგამოცდო სამზადისის სხვადასხვა ეტაპისა და წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების 2021 წლის ანგარიში და საინტერესო ინფორმაცია ტესტების შესახებ

2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემდეგი გამოცდები და ტესტირებები ჩაატარა:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
  • საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული
  • კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტირება;
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;
  • პროფესიული ტესტირება;
  • საერთაშორისო გამოცდები (TOEFL, ACCA, CAMBRIDGE);
  • საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდა (სექტემბერსა და თებერვალში).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2021 წლის საქმიანობას წარმატებულად აფასებს ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე და ამბობს, რომ 2021 წელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის უპრეცედენტო გამოწვევების წელია, საგამოცდო პროცესი კი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ცენტრის არსებობის ისტორიაში.

“გამოცდების სამზადისში ჩართული ათასობით პირის მომზადება, ჯანდაცვის უწყებათა რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება, 85 ათასამდე გამოსაცდელისათვის უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს შექმნა, თითოეული მათგანის ინტერესზე ზრუნვა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ადამიანური და ტექნიკური რესურსის ხელახალი მობილიზება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საქმიანობებისა, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის ფასად ასრულებდნენ ცენტრის თანამშრომლები. დღეს, როცა ცენტრის 2021 წლის საქმიანობის შედეგებს ვაჯამებთ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის ფაქტი, რომ წარმატებას განსაზღვრავს არა სირთულეების, გამოწვევების რაოდენობა და ხარისხი, არამედ გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, საქმის კეთილსინდისიერად შესრულების სურვილი და უნარი. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს და ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ამისთვის“, – აცხადებს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი.

ასევე იხილეთ:

„ნაეკი“ არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ორ ახალ გამოცდას ამზადებს – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური