GE

როგორია მოსწავლეთა თვითმმართველობის მოდელები სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში – ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს მაგალითის შესწავლის პარალელურად, მოიკვლია მოსწავლეთა თვითმმართველობის რა მოდელებია სხვადასხვა ქვეყანაში.

დეპუტატების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, მოსწავლეთა ჩართულობის სხვადასხვა ფორმა გვხვდება მსოფლიოს არაერთ, მათ შორის, მოკვლევის ფარგლებში შესწავლილ ქვეყნებშიც.
EDU.ARIS.GE ხუთ ქვეყანაში არსებულ მიდგომებს წარმოგიდგენთ:

ფინეთში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰყავდეს მოსწავლეთა გაერთიანება. სკოლებში, ასევე იქმნება მოსწავლეთა საბჭო, რომელიც არის მათი ხმა სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოსწავლეთა საბჭოში შედიან თავად მოსწავლეების მიერ არჩეული წარმომადგენლები სხვადასხვა კლასებიდან. საბაზო განათლების საფეხურზე, შესაბამისი ასაკის მოსწავლეები ერთიანდებიან მოსწავლეთა ასოციაციის სახით.

ასოციაციის ამოცანაა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მონაწილეობას და გავლენას მათთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. მოსწავლეთა ასოციაციის საქმიანობის ორგანიზებას წყვეტს საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ დროს მხედველობაში მიიღება მოსწავლეების ასაკი და ადგილობრივი გარემოებები.

ამასთანავე, დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა:

– ზემოქმედება იქონიონ განათლების პროვაიდერის საქმიანობაზე და მის განვითარებაზე;
– მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეთა საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მომზადებაში.

ესტონეთში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მმართველი სტრუქტურის ნაწილია განათლების საბჭო, რომლის ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის ანალიზი და შეფასება, ასევე მისი კომპეტენციის ფარგლებშია განათლებისა და აღზრდის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, საბჭოს წევრები, სხვებთან ერთად, ასევე არიან მოსწავლეთა თვით მმართველობის წარმომადგენლები, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო დაწესებულების პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობას იღებს მოსწავლეთა თვითმმართველობა.

ესტონეთში წელიწადში ერთხელ ტარდება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეხვედრა თავად მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის მონაწილეობით, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება სწავლის მომდევნო ეტაპსა და განვითარების მიზნებზე.

ლატვიაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზაციის შექმნა. სკოლების აკრედიტაციის პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა საბჭოს არსებობას. ამგვარი საბჭოების მონაწილეობის ხარისხი სკოლის მართვაში განსხვავებულია სკოლების მიხედვით. მათი უმრავლესობა თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან. საბჭოები არსებობს არა მხოლოდ სკოლების, არამედ რეგიონალურ დონეზეც, რათა ურთიერთთანამშრომლობით განახორციელონ ერთობლივი პროექტები.

პოლონეთში მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მოხალისეობრივი საქმიანობა. მოსწავლეთა თვითმმართველობას აქვს უფლება, სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინოს სკოლის საბჭოს, მასწავლებელთა საბჭოსა და დირექტორს. კერძოდ:

– გაეცნოს სასწავლო გეგმას, მის შინაარსსა და მოთხოვნებს;

– შეაფასოს სწავლის პროცესი;

– ორგანიზება გაუწიოს სასკოლო აქტივობებს;

– გამოსცეს სასკოლო გაზეთი;

– დირექტორთან შეთანხმებით მოაწყოს კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.

გაერთიანებულ სამეფოში არ არსებობს მოსწავლეთა ჩართულობის ცალკეული კოლეგიალური ორგანო, მოქმედი კანონმდებლობით მოსწავლეთა ჩართულობა მმართველი ორგანოს საქმიანობაში არ რეგულირდება.

გაერთიანებული სამეფოს განათლების დეპარტამენტი რეკომენდაციას უწევს სკოლებს, რომ ხელი შეუწყონ მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნულის ერთ-ერთ გზად მოსწავლეებისგან შემდგარი სასკოლო საბჭოების ჩამოყალიბება მიიჩნევა.

წერია საქართველოს საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში რომელმაც კვლევა ჩაატარა თემაზე – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“.

მომდევნო სტატიაში გაგაცნობთ რა შედეგები აჩვენა მოკვლევამ საქართველოში და რა პრობლემებია მოსწავლეთა თვითმმართველობის კუთხით ჩვენს სკოლებში.

ასევე იხილეთ:

„კლასის დამრიგებელი შესაძლებელია იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია და სკოლაში მასწავლებლად არ არის დასაქმებული“ – ინიციატივა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური