რომელ კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს 120 და 60 კრედიტიანი მაგისტრატურის პროგრამები – ცვლილებები ბრძანებაში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით ცვლილება შევიდა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
კერძოდ, ახლებურად ჩამოყალიბდა ბრძანების დანართები და ამასთან, დაემატა ერთი ახალი პუნქტიც.
როგორი იქნება „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ განახლებული დანართების შინაარსი:
მინისტრ გივი მიქანაძის ბრძანებაში ახლებურად არის განმარტებული რა კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს (120 ან 60 კრედიტიანი) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და მეორე ნაწილები და რა კვალიფიკაციის მინიჭება იქნება შესაძლებელი პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის:
– „მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილი და მაგისტრატურის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო/პრაქტიკულ და საჭიროების შემთხვევაში კვლევით კომპონენტს.
– „მაგისტრატურის არანაკლებ 120-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილი და არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის კვლევითი შინაარსის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით კომპონენტს და უნდა ითვალისწინებდეს სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის ან შემოქმედებითი/საშემსრულებლო ნამუშევრის ან სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის შესრულებას.
– „მაგისტრატურის საფეხურის არანაკლებ 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მინიჭებას. აღნიშნულ პროგრამაზე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაშვების წინაპირობების გარდა, დამატებით დაშვების წინაპირობაა არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში“;
გარდა ამ ცვლილებებისა, ბრძანებას დაემატა ახალი, 81-ე პუნქტი: „მაგისტრატურის არანაკლებ 60 კრედიტის მოცულობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, კვლევითი შინაარსის არანაკლებ 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება დასაშვებია სწავლის სფეროების კლასიფიკატორით განსაზღვრულ დეტალურ სწავლის სფეროში, გარდა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სწავლის სფეროებისა“.
ასევე იხილეთ:
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები დაწყებითი კლასებისთვის – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
„რთული წელი ფინანსურად“ – აბიტურიენტების მშობლები სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოწვევებზე ქუთაისიდან
by ARIS.GE-განათლება
-
„ხაშურიდან ჩამოვედი“ – მათემატიკის გამოცდაზე 1 წუთით დაგვიანებული აბიტურიენტი ტესტირებაზე ვერ დაუშვეს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე