GE

რომელ მსჯავრდებულებს მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება და როგორი იქნება სწავლება

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატზე) სწავლის უფლება მიეცემათ. მათი შერჩევის კრიტერიუმი ჩადენილი დანაშაული და სასჯელის ხანგრძილობაა.

უკვე ცნობილია, რომ მსჯავრდებულები განათლებას ელექტრონული სწავლებით, დისტანციური მეთოდით  მიიღებენ. კანონპროექტზე მთავრობის სხდომაზე უკვე იმსჯელეს, შემდეგი ეტაპი მისი პარლამენტში განხილვაა.

EDU.ARIS.GE ინიციატივის დეტალებითდაინტერესდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ უმაღლესი განათლების მიღების უფლებით გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები, და ასევე, დაბალი რისკის მქონე ის მსჯავრდებულები ისარგებლებენ, რომლებიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდიან.  მსჯავრდებულებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლების მისაღებად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ და სწავლის საფასურსაც, გრანტის გათვალისწინებით, გამონაკლისის დაშვების გარეშე გადაიხდიან.

რა სისტემითა და ფორმით შეძლებენ მსჯავრდებულები უმაღლესი განათლების მიღებას  – EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სანდრო დარახველიძემ დეტალები განმარტა.

„მსჯავრდებულები განათლებას ელექტრონული სწავლებით მიიღებენ, რაც გულისხმობს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს ან მის ნაწილს, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის ერთდროულად ყოფნას. მსჯავრდებულთა შერჩევა ხდება მისი რისკის გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. განათლების მიღების წესი, პირობები და სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით“,– ამბობს დარახველიძე.

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულები სწავლების პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლიან.  რაც შეეხება დისტანციურ სწავლებამდე გასავლელ ეტაპს და მის პროცედურებს, როგორც სანდრო დარახველიძე განმარტავს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მსჯავრდებულების გაყვანა მსჯავრდებულის პირადი განცხადების საფუძველზე მოხდება. (პატიმრობის კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველით მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით). გამოცდაზე გაყვანას კი პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო სამმართველო უზრუნველყოფს. გარდა იმისა, რომ მსჯავრდებულებისთვის ცალკე გამოყოფილი საგანმანათლებლო დაწესებულება გამოყოფილი არ იქნება, ამასთან, შეზღუდვები ფაკულტეტებთან მიმართებითაც დაწესდება.

რაც შეეხება სწავლის საფასურს და დაფინანსების ფორმებს, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, ის ჩვეულებრივი აბიტურიენტების დაფინანსების იდენტური იქნება.

„სწავლის საფასურის საკითხი დარეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იქნება ყველასთვის ერთნაირი, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მსჯავრდებულებზეც გავრცელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტი. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედ  სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდება პატიმრობა, შუალედურ და დასკვნითი გამოცდების პერიოდში ხდება მისი გაყვანა გამოცდების ჩაბარების მიზნით – თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლით. ხოლო როგორც კი ბრალდებული გახდება მსჯავრდებული იგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აკადემიური შვებულების აღების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს, რომელიც სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია“, – ამბობს სანდრო დარახველიძე და განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება, რომელსაც იღებენ პენიტენციურ დაწესებულებებში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ახალი ინიციატივით, „უმაღლესი განათლების კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მსჯავრდებულებისთვის განათლების მიღების ახალ შესაძლებლობას აჩენს, სწავლას კი ისინი დისტანციური სწავლების მეთოდით შეძლებენ. მსჯავრდებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა გასულ წლებშიც შეეძლოთ. ახალი ინიციატივით კი, მსჯავრდებულთა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლების ფორმა და წესი უკვე კანონში აისახება.

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, მოკლევადიანი სასწავლო კურსების გავლის შესაძლებლობა აქვთ, რომლის დასრულების შემდეგაც შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. წლევანდელი მონაცემებით, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული.

პრემიერი: საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური