GE

რომელ ქვეყნებშია ყველაზე რთული გოგონებისთვის განათლების მიღება – ქვეყნების სია

შონ კოფლანი, BBC-ს კორესპონდენტი განათლების საკითხებში

მდიდარ ქვეყნებში სასკოლო განათლების განხილვის დროს, მთავარი საკითხი პრიორიტეტების სწორი განსაზღვრაა, მაგალითად: რომელ საგნებს უნდა დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება, ან რაში უნდა დაიხარჯოს მეტი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ამ დროს განვითარებად ქვეყნებში ოჯახები სულ სხვა საკითხის წინაშე დგანან: საერთოდ სად ასწავლონ ბავშვებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ზოგიერთ უღარიბეს ქვეყანაში სასკოლო ადგილების რაოდენობის დეფიციტთან ბრძოლაში, თითქმის არანაირი პროგრესი არ იყო მიღწეული.

განათლების ხარისხი ასევე უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს. ორგანიზაციის თანამშრომლების თქმით, ეს მონაცემები საგანგაშოა: მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ბავშვი დადის სკოლაში, თუმცა პრაქტიკულად არაფერს სწავლობს.

მაშინ, როცა, დასავლეთის მდიდარ ქვეყნებში გოგონები აკადემიური მიღწევებით ბიჭებს ხშირად უსწრებენ, მსოფლიოს უფრო ღარიბ რეგიონებში, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში, გოგონები ან ჩამორჩებიან, ან სკოლაში საერთოდ არ დადიან.

გოგონების საერთაშორისო დღეს, რომელიც გაეროს ინიციატივით, 11 ოქტომბერს აღინიშნება, U2-ს ლიდერის, ბონოს მიერ შექმნილმა სიღარიბესთან ბრძოლის One Campaign – მა იმ ადგილების რეიტინგი შეადგინა, სადაც გოგონებისთვის განათლების მიღება ყველაზე რთულია.

კონფლიქტების ზონები

ამ 10 ქვეყანაში, ბავშვების დიდი ნაწილი, რომელთაც განათლებასთან არანაირი წვდომა არ აქვთ, გოგონები არიან.

ეს არის ქვეყნები რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით, სადაც ოჯახების უმრავლესობა სიღარიბეს, ავადმყოფობასა და უსახსრობას ებრძვის. მათ ხშირად კონფლიქტებისა და ომებისგან თავის დაღწევაც კი უწევთ.

ასეთ ქვეყნებში გოგონებისგან სკოლაში სიარულის ნაცვლად მუშაობას ითხოვენ. მათი უმრავლესობა ადრეულ ასაკში ოჯახდება, რაც განათლების მიღების ყველანაირ პერსპექტივას ხაზს უსვამს.

გაეროს მონაცემებიდან ჩანს, რომ კონფლიქტის ზონაში გოგონებს განათლების მიღების ორჯერ ნაკლები შანსი აქვთ.

მოცემული რეიტინგი შემდეგ მონაცემებს ეფუძნება:

  • გოგონების წილი, რომლებისთვისაც დაწყებით სკოლებში ადგილები არ არის
  • გოგონების წილი, რომლებისთვისაც საშუალო სკოლებში ადგილები არ არის
  • გოგონების წილი, რომლებიც დაწყებით სკოლას ამთავრებენ
  • გოგონების წილი, რომლებიც საშუალო სკოლას ამთავრებენ
  • სკოლაში სწავლების წლების საშუალო რაოდენობა
  • გაუნათლებლობის დონე ქალებში
  • პედაგოგების მომზადების დონე
  • მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანაფარდობა
  • სახელმწიფოს მიერ განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები

სად არის ყველაზე რთული გოგონებისთვის განათლების მიღება?

  • სამხრეთ სუდანი: ეს არის მსოფლიოს უახლესი ქვეყანა, რომელიც ძალადობისა და ომების ტალღას შეეჯახა. სკოლების უმრავლესობა დაინგრა, ოჯახები კი იძულებულნი გახდნენ თავიანთი სახლები დაეტოვებინათ. აქ გოგონების თითქმის ¾ დაწყებით სკოლაშიც კი ვერ ხვდება.
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: აქ 80 მოსწავლეზე 1 მასწავლებელი მოდის.
  • ნიგერია: 15-დან 24 წლამდე ასაკის ქალების 17% გაუნათლებლად ითვლებიან.
  • ავღანეთი: აქ მკვეთრ გენდერულ განხეთქილებას ვხვდებით, ვინაიდან ბიჭებს გოგონებთან შედარებით სკოლაში მოხვედრის ბევრად მეტი შანსი აქვთ.
  • ჩადი: ამ ქვეყანაში გოგონებსა და ქალებს განათლების მიღების პროცესში უამრავი სოციალური და ეკონომიკური წინაღობა ხვდებათ.
  • მალი: დაწყებით სკოლას გოგონების მხოლოდ 38% ამთავრებს.
  • გვინეა: 25 წელს ზემოთ ასაკის ქალებში განათლების მიღების საშულო დრო 1 წელიწადზე ნაკლებს შეადგენს.
  • ბურკინა-ფასო: საშუალო სკოლას გოგონების მხოლოდ 1% ამთავრებს.
  • ლიბერია: გოგონების თითქმის 2/3 დაწყებით კლასებში სკოლაში არ დადის.
  • ეთიოპია: 5-დან 2 გოგონა 18 წლის ასაკამდე თხოვდება.

ღარიბ ქვეყნებში პედაგოგების დეფიციტი გავრცელებული პრობლემაა. შარშან გაერომ განაცხადა, რომ განათლების საერთაშორისო გეგმის შესასრულებლად, 2030 წლისთვის სამუშაოდ მზად კიდევ 69 მილიონი მასწავლებელი უნდა იყოს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გოგონებისთვის განათლების მიცემა, ქვეყანას ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს.

One Campaign – ის პრეზიდენტმა, გეილ სმითმა გოგონების განათლების პრობლემას გლობალური კრიზისი უწოდა.

„130 მილიონზე მეტი გოგონა სკოლაში ისევ არ სწავლობს. საერთაშორისო საზოგადოების პროგრესულ ფენებს სწორედ ამ რაოდენობის პოტენციური ინჟინერი, მეწარმე, პედაგოგი და პოლიტიკოსი მოაკლდება“ – განაცხადა მან.

ამავე თემაზე:

ყველაზე ლამაზი სკოლები მსოფლიოში

მსოფლიოს საუკეთესო სკოლები, სად მდებარეობს და რა ღირს იქ სწავლა

მსოფლიოს ყველაზე უცნაური და უჩვეულო სასწავლო დაწესებულებები

უჩვეულო გაკვეთილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური