საბავშვო ბაღების თანამშრომლებს პირობებისა და ხელფასის გაუმჯობესება სურთ, მაგრამ ხმამაღლა საუბრის ეშინიათ
რამდენი შეიძლება იყოს საბავშვო ბაღის მასწავლებლის ან აღმზრდელი მასწავლებლის ზღვრული ანაზღაურება, რომ ის პედაგოგის საქმიანობას შეესაბამებოდეს და შრომა, რომელსაც ბაღის თანამშრომელი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის გასწევს, ადეკვატურად ფასდებოდეს? – ეს იყო საკითხი, რომელზეც EDU.ARIS.GE სხვადასხვა ბაღის თანამშრომლებს, მათთვისვე სასარგებლო პასუხების მიღების მიზნით გაესაუბრა.
გამოკითხვის პროცესში გამოჩნდა, რომ დაბალი ხელფასი ყველას აწუხებს, სასურველის მიღების თაობაზე პირადი აზრიცა და არგუმენტებიც მრავლად გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი შრომის ადეკვატურად დაფასების ხმამაღლა მოთხოვნას გაურბიან, საჯარო უწყებებში დასაქმებულებს ვინაობის საჯაროდ გამხელა აშინებთ.
„ჩემი დღევანდელი ხელფასი 540 ლარია და ვისურვებდი, მინიმუმ 100%-იან ზრდას, თუმცა ჩვენს შრომასთან შეფარდებით ეგეც არაფერია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების პედაგოგი.
რა პასუხი აქვს განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ხელფასის ნახტომისებურ მატებაზე საბავშვო ბაღებში
იგი მიესალმება ბაღებში ხელფასის ნახტომისებურ ზრდას ან ზღვრული ანაზღაურების შემოღებას, თუმცა ამის იმედი დიდად არ აქვს, რადგან: „ეს პროცესი დიდი ხანია გრძელდება, ძალიან გაიწელა და წინ მცირე ნაბიჯებით მივდივართ“.
„სანამ ბაღის პედაგოგს სტატუსი არ მიენიჭება და ერთ სისტემაში არ მოვექცევით, ეს პრობლემა პრობლემად დარჩება, რადგან ჩვენ მუნიციპალიტეტებზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, მათი სურვილითა და შესაძლებლობებით გვემატება ხელფასი“, – გვიხსნის აღმზრდელ-პედაგოგი.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, საბავშვო ბაღებში არსებული დაბალი ანაზღაურება არაერთ პრობლემას წარმოშობს სკოლამდელი დაწესებულებებისთვის და მათ შორის არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობაც, რადგან როგორც სამუშაოდ, ისე სხვა მიღწევებზე თუ პროფესიულ განვითარებაზე ფიქრისთვის ერთგვარი მოტივაცია ღირსეული ხელფასია, რაც საქართველოს სააღმზრდელო დაწესებულებებში არ არის.
კიდევ ერთი საჯარო საბავშვო ბაღის თანამშრომელი (ინკოგნიტო) ფიქრობს, რომ საბავშვო ბაღებში პედაგოგის მინიმალური ზღვრული ხელფასის დაწესება აუცილებელია და ის 700-800 ლარს მაინც უნდა შეადგენდეს, რაც ჩვენი რესპონდენტის სიტყვებით, საარსებო მინიმუმია.
დღეს არსებულ შეუსაბამო ანაზღაურებაზე საუბრისას, მასწავლებელი იმ პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირს მოეთხოვება და რომელიც ამჟამად მხოლოდ ბავშვებისგან მომდინარე სიყვარულით არის წახალისებული.
„მასწავლებლობა დიდ ენერგიას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გაქვს პატარა ბავშვებთან, რომელთათვისაც აღმზრდელიც ხარ. მათთან ურთიერთობა, სიამოვნებასთან ერთად დაღლასაც იწვევს. უკვე კარგა ხანია, ჩვენი მოტივაცია მხოლოდ ბავშვების სიყვარულია, თუმცა მოტივაციისთვის ხელფასიც აუცილებელია, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებასაც, წესით, ანაზღაურებით უნდა ვახერხებდეთ“, – ამბობს ახალგაზრდა აღმზრდელ-მასწავლებელი.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიშში მოცემული 16 რეკომენდაციიდან მეექვსეში ვკითხულობთ: „უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემის საფუძველზე, განისაზღვროს და დამტკიცდეს აღმზრდელ-პედაგოგის ანაზღაურების საბაზო ზღვრული ოდენობა“. ამავე კომიტეტის წევრი, ლადო კახაძე კი მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღების პერსონალისთვის ხელფასის ნახტომისებური მატებაა საჭირო. პარლამენტის მიერ ზღვრული ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციის შესრულების მაქსიმალურ დროდ 2026 წელია მითითებული, მანამდე კი ათასობით აღმზრდელ-პედაგოგი შეუსაბამოდ დაბალ ანაზღაურებას იღებს.
ასევე იხილეთ:
ავტორები:
თამუნა კირკიტაძე, edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება