„საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი შეიცვლება, ხელფასების ზრდა კი ყველა საგანმანათლებლო მიმართულებას მოიცავს“
საქართველოს საჯარო სკოლების დაფინანსების ვაუჩერული სისტემა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ახალი მოდელით შეიცვლება. ამის თაობაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის წევრის კითხვის პასუხად 6 ივნისს, პირველად ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილების ყბადაღებულ თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ უკვე მომდევნო წლიდან, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რათა უმაღლესი განათლების სისტემაში შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი შემოვიდეს.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს და მის ფარგლებში დასმული კითხვების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განათლების სექტორში მომდევნო წლების საბიუჯეტო პროგნოზებზეც გაამახვილა ყურადღება.
„უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართულებით რაც არის მნიშვნელოვანი, მომდევნო წლებში, რა თქმა უნდა, ის რეფორმა, რომელსაც პარლამენტმა რატიფიცირებაც გაუკეთა და არის მსოფლიო ბანკთან – ადამიანური კაპიტალის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სწორედ განათლების სექტორი. რეფორმა, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების გარდა სასკოლო განათლების რეფორმას, მათ შორის იმას, რომ ავტორიზაცია აუცილებლად უნდა დასრულდეს 2026-2027 წლებში. ამისათვის, ერთის მხრივ [გაუმჯობესდეს] თითონ სწავლის ხარისხი…
„რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა არამხოლოდ სკოლამდელ, არამედ მთლიანად, ყველა საგანმანათლებლო მიმართულებით. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურაზე იქნება დიდი ყურადღება გამახვილებული“, – თქვა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ჰკითხეს, არის თუ არა გათვალისწინებული საჯარო სკოლის ექიმების ანაზღაურების დროში ზრდადობა.
„ხელფასები მზარდი იქნება სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და მათ შორის სკოლის ექიმებისთვისაც. ამ ეტაპზე, ვინაიდან სკოლებში დაფინანსების ვაუჩერული სისტემაა, სკოლისთვის რომ ეს ტვირთი არ იყოს, ფინანსდება არა ვაუჩერიდან, არამედ ძირითადად, სკოლის დანამატების ფორმით ვაფინანსებთ. გასაახლებელი გვაქვს და ალბათ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, საჯარო სკოლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადავალთ“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ასევე იხილეთ:
გიორგი კაკაურიძე: დაფინანსება განათლების მიმართულებით მუდამ მზარდი იქნება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება