GE

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის – როგორ შევასრულოთ ტესტში მოცემული დავალება კვლევის შესახებ

სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება, 2022 წლის ბოლომდეა ნავარაუდევი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, რომელიც სერტიფიცირების ტექნიკურ მხარეზეა პასუხისმგებელი უკვე გამოაქვეყნა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტურ დავალებათა ნიმუშებიც.

სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 2022 წლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს – რა ვადა ექნება სერტიფიკატს

დირექტორის სერტიფიცირებისთვის შედგენილ ტესტურ დავალებათა ნიმუშებიდან ჩანს, რომ ღია ტიპის დავალებებში სკოლის დირექტორობის მსურველს კვლევის დაგეგმვის შესახებ აქვს სამუშაო და ამ დავალების ჯამური ქულაა 9.

მენტორი მასწავლებელი, ნატალია თურქაძე, ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებისთვის კვლევის შესახებ განმარტებას აქვეყნებს, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებს გამოცდაზე დაეხმარება. ის ტესტის შესასრულებლად მოცემულ კითხვებზეც სცემს პასუხს და განმარტავს როგორ შეასრულებდა თავად კვლევის შესახებ მოცემულ დავალებას.

დავალების ტიპი #1 კვლევის დაგეგმვა

დავალების ჯამური ქულა – 9

– რა არის კვლევა?

– კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გამოქვეყნება სამეცნიერო სამუშაოს ფორმით (კვლევის ანგარიში, სტატია, პროექტი და ა.შ.).
პრაქტიკის/სამოქმედო კვლევა არის მკვლევარი პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული სკოლის საქმიანობის, სწავლა-განათლებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შეგროვების მიზანია, ჩავწვდეთ არსს, განვავითაროთ აზროვნების კულტურა, სასკოლო გარემოში (და საერთოდ საგანმანათლებლო პროცესში) დადებით ცვლილებებზე მოვახდინოთ ზეგავლენა და გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა შედეგები, აგრეთვე მათი, ვინც ამ პროცესშია ჩართული.

სამოქმედო კვლევა არის კვლევა, რომელსაც პედაგოგები საკუთარი თავისთვის ატარებენ; იგი არ ტარდება გარე პირების მიერ.

რომელია კვლევის მეთოდები?

კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომელსაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, კვლევის მეთოდები ეწოდება.

კვლევის მეთოდებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

  1. თვისებრივი (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები და ა.შ.);
  2. რაოდენობრივი (მაგ. მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა – ანკეტირება) მეთოდებად.

თვისებრიობა ეს არის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის საგანი. რაოდენობა ეს არის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობით იზომება. აქედან გამომდინარე, კვლევის თვისებრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.

პრაქტიკული ნაწილი

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც მას დაეხმარებოდა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის მიზეზების იდენტიფიცირებასა და შინაგანი მოტივაციის გაზრდის ეფექტური გზების შერჩევაში. ამისათვის მან თავის კოლეგებსა და თქვენ, როგორც სკოლის დირექტორს, შესათანხმებლად წარმოგიდგინათ კვლევის მონახაზი, რომლის მიხედვითაც, უნდა დადგენილიყო შემდეგი ინფორმაცია:

  • მოსწავლეთა ოჯახების სოციალური ფონი
  • ოჯახის შემოსავალი
  • ოჯახის წევრების რაოდენობა
  • ოჯახის წევრების განათლება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ოჯახის წევრების დამოკიდებულება სკოლისადმი

მასწავლებლის აზრით, ამ ინფორმაციის დახმარებით, სკოლა შეძლებდა მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის შესახებ სრული სურათის დანახვასა და ამის გათვალისწინებით, მოტივაციის გასაზრდელად ინტერვენციების დასაგეგმად.

  1. შეაფასეთ, რამდენად მიზნობრივი და რელევანტურია მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონახაზი პრობლემის გადაწყვეტისთვის. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთებისას სრულად განიხილეთ ის მონაცემები, რომელთა მოპოვებაც დაისახა მიზნად მასწავლებელმა და იმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში;
  2. არგუმენტირებულად წარმოადგინეთ აღნიშნული კვლევის განხორციელების თქვენეული ხედვა:

ა) რა მონაცემებს შეაგროვებდით;

ბ) რა მეთოდებს გამოიყენებდით აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად.

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ.

სკოლის დირექტორობის მსურველი: დღევანდელი ვითარებით, შეუძლებელია, არ იყო მართული ხელმძღვანელი

1. შეაფასეთ, რამდენად მიზნობრივი და რელევანტურია მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონახაზი პრობლემის გადაწყვეტისთვის. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთებისას სრულად განიხილეთ ის მონაცემები, რომელთა მოპოვებაც დაისახა მიზნად მასწავლებელმა და იმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.

  • მოსწავლეთა ოჯახების სოციალური ფონი
  • ოჯახის შემოსავალი
  • ოჯახის წევრების რაოდენობა
  • ოჯახის წევრების განათლება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ოჯახის წევრების დამოკიდებულება სკოლისადმი

პასუხი:

მასწავლებელი იკვლევს მოტივაციის საკითხს. მოტივაცია ორგვარია: შინაგანი და გარეგანი. გარეგან მოტივაციას განაპირობებს დასჯა ან წახალისება და გარეგანი მოტივაცია იმდენ ხანს არსებობს, რამდენ ხანსაც ან სასჯელის შიში ან საჩუქრის მიღების მოლოდინია. მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ორიდან ერთ-ერთზე, თავისთავად ცხადია, შინაგანი მოტივაციის გაზრდის ეფექტური გზების შერჩევაში ვერ დაგვეხმარება.

მოსწავლეთა ოჯახების სოციალური ფონი, შინაგან მოტივაციასთან კავშირში ვერ იქნება. დამთრგუნველი ფონი გარეგან მოტივაციასთანაა კავშირში, ისევე, როგორც ე.წ. მაღალი სოციალური ფონის შემთხვევაში. ასეთივე ფაქტორებია (გარეგანი მოტივაციის) ოჯახის შემოსავალი და ოჯახის წევრების რაოდენობა.

საკონტაქტო ინფორმაცია მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში, რათა მოსწავლესთან და მის მშობელთან/მშობლებთან პედაგოგს გააჩნდეს შესაბამისად, საჭიროების დროს კომუნიკაცია. კომუნიკაცია შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი მასტიმულირებელი (პოზიტიური უკუკავშირი), რომ მოსწავლეს გაეზარდოს მოტივაცია, ოჯახის წევრების განათლება თუ სწორად იქნება გამოყენებული (ოჯახის წევრთა სწორი მიდგომები), მნიშვნელოვან მოტივატორად იქცევა, ასეთივე დიდი მნიშვნელობისაა ოჯახის წევრთა სწორი დამოკიდებულება სკოლისადმი.

2. არგუმენტირებულად წარმოადგინეთ აღნიშნული კვლევის განხორციელების თქვენეული ხედვა:

ა) რა მონაცემებს შეაგროვებდით; რადგან მოსწავლეთა მოტივაციის ზრდაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში შევაგროვებდი შემდეგ მონაცემებს:

  • მასწავლებელთა მხრიდან მოსწავლეთა შეფასებებსა და შეფასებათა დინამიკას – რათა დავინახოთ მოსწავლეებში მოტივაციამ მოიკლო თუ მოიმატა;
  •  განმავითარებელი უკუკავშირის შემდგომ მოსწავლეთა თვითრეფლექსიას – რათა დავინახოთ შინაგანი მოტივაციისთვის რამდენად საკმარისია უკუკავშირი;
  • რა რაოდენობით, სიხშირით ერთვებიან მშობლები, მასწავლებლები შვილების სწავლისას მხარდამჭერის პოზიციიდან – რათა დავინახოთ, არის თუ არა საკმარისი მათი მხარდაჭერის სიხშირე და თვისებრიობა;
  • ჩართულნი არიან თუ არა არაფორმალურ განათლებაში – რათა დავინახოთ, რამდენად ხელს უწყობს/აფერხებს სკოლისგარე აქტივობები მოსწავლის მოტივაციას.

ბ) რა მეთოდებს გამოიყენებდით აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად.

  • მასწავლებელთა მხრიდან მოსწავლეთა შეფასებებსა და შეფასებათა დინამიკას – რათა დავინახოთ მოსწავლეებში მოტივაციამ მოიკლო თუ მოიმატა; (რაოდენობრივი მეთოდი, მონაცემთა შეგროვება ანკეტის ან გამოკითხვის საფუძველზე);
  • განმავითარებელი უკუკავშირის შემდგომ მოსწავლეთა თვითრეფლექსიას _ რათა დავინახოთ შინაგანი მოტივაციისთვის რამდენად საკმარისია უკუკავშირი (თვისებრივი მეთოდი, დაკვირვება);
  • რა რაოდენობით, სიხშირით ერთვებიან მშობლები, მასწავლებლები შვილების სწავლისას მხარდამჭერის პოზიციიდან – რათა დავინახოთ, არის თუ არა საკმარისი მათი მხარდაჭერის სიხშირე და თვისებრიობა; (რაოდენობრივი, ანკეტირება, თვისებრივი ფოკუს – ჯგუფი).
  • ჩართულნი არიან თუ არა არაფორმალურ განათლებაში – რათა დავინახოთ, რამდენად ხელს უწყობს/აფერხებს სკოლისგარე აქტივობები მოსწავლის მოტივაციას. (თვისებრივი, ჩაღრმავებული ინტერვიუ).

დავალების შეფასებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ასევე იხილეთ:

ცნობილია რა შედეგი უნდა აჩვენოს სკოლის დირექტორობის მსურველმა ტესტირებაზე, რომ გასაუბრების უფლება მოიპოვოს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური