GE

საგამოცდო ცენტრებთან მწეველი აბიტურიენტების შემაშფოთებელ სიმრავლეს ექიმი-ნარკოლოგი ეხმიანება და მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD-ის) მეთოდოლოგიით ჩატარებული სკოლის მოსწავლეების ბოლო კვლევის შედეგები 2020 წელს გამოაქვეყნა, საიდანაც გავიგეთ, რომ საქართველოში 13 წლიდან თამბაქოს მოხმარების დაწყების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ამ კვლევაში მონაწილეობა 16 წლის 3092 მოსწავლემ მიიღო.

ამა წლის 31 მაისს, თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობდით, რომ 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი სამართალდარღვევების უმრავლესობა შეეხებოდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაციას საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაშუქების პროცესში ნათლად დავინახეთ, რომ თამბაქოზე დამოკიდებულება და მისი დიდი რაოდენობით მოხმარება აბიტურიენტებშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

თბილისის ყველაზე დიდ საგამოცდო ცენტრში, (მუხიანის 175-ე საჯარო სკოლა) ჩვენი დაკვირვებით, ყოველი მეოთხე გოგო თუ ბიჭი სიგარეტს უკიდებდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მწეველი თინეიჯერების უმეტესი ნაწილი გამოცდაზე მშობლის გარეშე იყო მოსული. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლებთან ერთად გამოცხადებულ აბიტურიენტებშიც მოიძებნებოდნენ მწეველები.

ვითარება რომ მართლაც საგანგაშოა, ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ დროს მშობლის ჩარევაც აუცილებელია, რადგან თამბაქოზე დამოკიდებულება შესაძლოა, სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების საფუძველი გახდეს.

იმის გასარკვევად, თუ როგორ დავეხმაროთ თინეიჯერს თამბაქოს გადაჩვევაში და როგორ მივაწოდოთ მას სწორი ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც თამბაქოს მოხმარებით წარმოიქმნება, EDU.ARIS.GE ექიმ-ნარკოლოგს, მანანა კეჟევაძეს ესაუბრა.

– ქალბატონო მანანა, პირველ რიგში, გვითხარით, როგორია თქვენი, როგორც მედიკოსის, გამოცდილება, რამდენად დიდი გამოწვევაა თინეიჯერებში თამბაქოს მოხმარება?

– თამბაქოს მოხმარება თინეიჯერებში მართლაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ  ჯანმრთელობას. აქამდე ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხანგრძლივი ნიკოტინის მოხმარება ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებასთან ასოცირდება, როგორიც არის კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება, ფილტვის კიბო, და ალცჰაიმერის დაავადებაც კი.  ნიკოტინზე დამოკიდებულებას, შესაძლოა, ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენა ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობაზე, რაც გადამწყვეტს ხდის ამ საკითხის მოგვარების აუცილებლობას მოზარდებსა და თინეიჯერებში.

– რამდენად ხედავთ თამბაქოს მომხმარებელი თინეიჯერების გაზრდილ სტატისტიკას და ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ არსებული რეგულაციები ამ ასაკში არ არის ეფექტური?

– ჩვენს პაციენტებში, ნიკოტინის თინეიჯერ მომხმარებელთა სტატისტიკა და ყოველდღიური  შემთხვევები ნამდვილად გვაფიქრებინებს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის რეგულაციები ყოველთვის ეფექტური არ არის. ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის თანატოლთა ზეგავლენა, თამბაქოს ნაწარმის ადვილად ხელმისაწვდომობა და მიზანმიმართული მარკეტინგული სტრატეგიები, შესაძლებელია ხელი შეუწყოს ნიკოტინის მოხმარების ზრდას თინეიჯერებში. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ რეგულაციებს, არამედ განათლებას, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და მხარდაჭერის სისტემების დანერგვას მოზარდებსა და თინეიჯერებში თამბაქოს მოხმარების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად, სკოლას ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

– თქვენ ასევე მუშაობთ ნარკოტიკულ საშუალებებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებთან. გვითხარით, რამდენად შესაძლებელია, რომ თამბაქოზე დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულების გაჩენის საფუძვლად იქცეს?

– რა თქმა უნდა, შესაძლოა გახდეს სხვა მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების განვითარების წინაპირობა. თინეიჯერობის პერიოდი ეს არის ზუსტად ის განვითარების ეტაპი, როდესაც ახალგაზრდები ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს, მხოლოდ და მხოლოდ მათში აღმოცენებული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ თინეიჯერობის პერიოდში, შესაძლოა, საკმაოდ ხშირად დაფიქსირდეს ისეთი მავნე ნივთიერებების ძიების ალბათობა, რომლებიც ნიკოტინის მსგავს ეფექტს იძლევა. ნიკოტინზე დამოკიდებულების ადრეულ ასაკშივე აღმოფხვრა გადამწყვეტია, რათა თავიდან ავიცილოთ ნარკოდამოკიდებულების სხვა ფორმების განვითარება.

– რა შეცდომები არ უნდა დაუშვას ამ პროცესში თინეიჯერის მშობელმა და რა შეუძლია მოიმოქმედოს, რომ შვილი თამბაქოს მოხმარებას გადააჩვიოს, ან მინიმუმ ხელი შეუძლოს ამ პროცესს?

– მშობელმა არ უნდა მიმართონ განსჯას, კრიტიკასა და დაშინების ტაქტიკებს და უნდა აირჩიოს ეს გზა: აქტიურად ჩაერთოს ნიკოტიკდამოკიდებულების შესახებ დისკუსიებში და უზრუნველყონ მაქსიმალური მხარდაჭერა.

აუცილებელია, რომ არ მოხდეს საკითხის იგნორირება  – იმის ვარაუდი, რომ მათი შვილი დამოუკიდებლად და ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე დაანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას, ილუზიაა.

დადანაშაულების ნაცვლად, მშობლები სიტუაციას თანაგრძნობითა და გაგებით უნდა მიუდგნენ – დამოკიდებულება რთული საკითხია და განსჯის გარეშე უნდა შევუწყოთ ხელი ღია კომუნიკაციისა და ნდობის ჩამოყალიბებას.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია თამბაქოს გამოყენებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ხაზგასმა, შიშზე დაფუძნებული ტაქტიკის გამოყენებამ, შესაძლოა, არ მოახდინოს ეფექტური ზეგავლენა მოზარდების მოტივაციაზე.

მშობლებმა შვილს თამბაქოს შესახებ უნდა მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია და არა “ზღაპარი”. სასურველია, ყურადღება გავამახვილეთ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაზე და ხშირად, ხაზგასმით აღვნიშნოთ თამბაქოს მოხმარებისგან თავისუფალი ცხოვრების წესის დადებითი ასპექტები.

– და ბოლოს, მიმართეთ ჩვენს მკითხველ მშობლებს

– ძვირფასო მშობლებო, ეცადეთ, რომ შექმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი გარემო, როგორც სახლში, ასევე თქვენს ავტომობილებში. რაც მთავარია, ეცადეთ, რომ თავად იყოთ პოზიტიური და მისაბაძი მაგალითი და გაუადვილოთ თქვენს შვილებს თამბაქოზე თავის დანებების მცდელობა. გახსოვდეთ, რომ დამოკიდებულება სერიოზული პრობლემაა, მაგრამ თქვენი სათანადო მხარდაჭერითა და შესაბამისი ჩარევით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეუწყოთ ხელი თქვენს შვილებს თამბაქოზე თავის დანებების პროცესში.

ასევე იხილეთ:

როცა მოზარდი მოწევას იწყებს – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებისთვის

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური