GE

„საკანონმდებლო ჩარევა და ზედამხედველობა“ – რა იგეგმება პარლამენტში უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში უმაღლესი განათლების რეფორმის შესაბამისი ცვლილებების პირველი პაკეტის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი, შესაბამისი ჩარჩოს შესაქმნელად, საკანონმდებლო „ჩარევას“ გააგრძელებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა 19 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის ბიუროს ბოლო სხდომაზე აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანო ასევე განახორციელებს საზედამხედველო ფუნქციას, რომ არამარტო უმაღლესი, არამედ ზოგადი განათლების რეფორმამაც დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

„გამოვყოფდი განათლების რეფორმის პაკეტს, რომელიც წლის ბოლოს მივიღეთ. რა თქმა უნდა, რეფორმა განგრძობადი სამუშაოა, რომელსაც კვლავ დასჭირდება საქართველოს პარლამენტის არა მხოლოდ საკანონმდებლო ჩარევა, იმისთვის, რომ შესაბამისი ჩარჩო შეიქმნას, არამედ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, რომ რეფორმამ, მისი განხორციელების პროცესში, სრულად მიაღწიოს იმ მიზნებს, რომლებიც დასახულია უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უმაღლესი განათლების რეფორმის შესაბამისი ცვლილებების პირველი პაკეტი ძალაში შევიდა – რა წერია პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონში

პარლამენტის თავმჯდომარემ რეფორმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მისცეს საკუთარ მოქალაქეებს უმაღლესი ხარისხის განათლება, რომელიც მსოფლიოში კონკურენტუნარიანი იქნება.

„მართლაც ისტორიული პროცესია ამ მხრივ, რომელიც თვისებრივად შეცვლის საქართველოში ზოგად და უმაღლეს განათლებას და საქართველოს საკუთარი უმაღლესი განათლებით სიამაყის გრძნობას დაუბრუნებს. მნიშვნელოვანია, რომ ვამაყობდეთ ჩვენი უმაღლესი განათლებით, როგორც ეს შეეძლოთ მათ შორის იმ თაობებს, რომლებსაც ძლიერი საუნივერსიტეტო და სასკოლო განათლება აქვთ გამოვლილი. საერთაშორისო კონკურენციაშიც ვხედავთ – ქართველი მეცნიერები, სტუდენტები რამდენად წარმატებული იყვნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს მივცეთ შესაძლებლობა და ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მისცეს უმაღლესი ხარისხის ზოგადი და უმაღლესი განათლება და მთლიანად მსოფლიოში კონკურენტუნარიანი იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომლითაც 2025 წლის საშემოდგომო სესია დაიხურა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების პირველი პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და 10 დეკემბერს დაამტკიცა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მას ხელი მოაწერა, რითაც ცვლილებები ძალაში შევიდა.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – ცნობილია, რა სამუშაოები დაიწყება

უმაღლესი განათლების რეფორმის შესაბამისი ცვლილებების პირველი პაკეტი ძალაში შევიდა – რა წერია პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონში

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური