სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს სახელმწიფოსგან რეკორდული, 11 მილიონამდე ლარი ესაჭიროება – საპარლამენტო მოკვლევის შედეგები
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის ანგარიშში, რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება იყო ვკითხულობთ, რომ 1990 წელს დაარსებულ სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რეგიონის სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, რეკორდული თანხა – 10 965 000 ლარი სჭირდება, რადგან – “უნივერსიტეტი საჭიროებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ – ტექნიკური ბაზის მოსაწესრიგებლად”.
უნივერსიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფოს წილი ისედაც 80.1%; მთ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო გრანტის (ვაუჩერული დაფინანსება) სახით მიღებული დაფინანსება – 67,29%, ხოლო გრანტები – 12,81%. რაც შეეხება კერძო დაფინანსების წილს შეადგენს – 19,9%.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი წლების მიხედვით:
2019 წელი: 3742181 ლარი;
2020 წელი: 3376029 ლარი;
2021 წელი: 4003809 ლარი;
2022 წელი: 5220639 ლარი;
2023 წელი: 6388588 ლარი;
უნივერსიტეტის მიერ განათლების კომიტეტისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან საჯარო არ არის დეტალური ხარჯთაღრიცხვა, თუმცა მოკვლვის ანგარიშში ასახულია, თუ რა მიმართულებით ითხოვს საგანმანათლებლო დაწესებულება 11 მილიონამდე ლარს:
1. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სახურავის (ფართით 2200 მ2) – სარეაბილიტაციო სამუშაოები – დაფინანსების სავარაუდო ოდენობა: 625 000 ლარი (უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილია რეაბილიტაციის პროექტი);
2. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და აღჭურვა – საჭირო თანხა: 6 700 000 ლარი.
ანგარიშის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ეტაპზე 1537 სტუდენტი სწავლობს. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მხოლოდ 36% არის ახალციხიდან, დანარჩენებს კი, სხვა რეგიონიდან უწევთ სიარული. ახალციხეში საკმაოდ მაღალია საცხოვრებელი ბინების ქირის საფასური, ამიტომ აღნიშნული პირების უმრავლესობა ვერ ქირაობს ბინას მაშინ, როდესაც საერთო საცხოვრებლის არსებობის შემთხვევაში სტუდენტებსა და პროფესურას უნივერსიტეტი შეთავაზებს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ საფასურს – 50 ლარს. უნივერსიტეტს აქვს მშენებლობის განსახორციელებლად საჭირო ტერიტორია. ასევე, შემუშავებულია შესაბამისი პროექტიც (სამუშაო ვერსია), რომლის მიხედვითაც საერთო საცხოვრებლის სავარაუდო ღირებულება 6 700 000 ლარია (სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მიერ, მოკვლევის ეტაპზე წარმოდგენილ იქნა საერთო საცხოვრებლის პროექტი).
3. ვეტერინალური კლინიკის შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა – საჭირო თანხა, სულ: 3 640 000 ლარი; (დაფინანსების სავარაუდო თანხა – 2 850 000 ლარი, ხოლო აუცილებელი აღჭურვილობისთვის 790 000 ლარი (კლინიკის სავარაუდო სტრუქტურა და აღჭურვილობის ჩამონათვალი მოკვლევის ფარგლებში წარმოადგინა სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტმა).
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში გამოქვეთილი ეს საკითხები დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტას საჭიროებს, რათა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. განათლების კომიტეტის რეკომენდაციის ავტორები კი ფინანსთა და განათლების სამინისტროები არიან.
“სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონის განვითარებაში და მას უდიდესი მისია აკისრია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, რომელიც მდიდარია, თავისი ისტორიითა და კულტურით, რეგიონი, რომელიც ცნობილია არაერთი გამოწვევით, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი კადრის ადგილზე დამაგრების პრობლემებით, იმსახურებს სათანადოდ აღჭურვილ უნივერსიტეტსა და მომზადებულ აკადემიურ პერსონალს, რათა უდიდესი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით, მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებები, დროულ რეაგირებასა და მხარდაჭერას საჭიროებს. ჯამური თანხა: 10 965 000 ლარი”, – წერია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული მოკვლევის ანგარიშში.
ამავე თემაზე:
საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა – რა ფინანსებს ითხოვს სახელმწიფოსგან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი
რა საჭიროებებისთვის ითხოვს თელავის უნივერსიტეტი თითქმის შვიდ მილიონ ლარს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება