GE

საქართველოს 2 085 საჯარო სკოლიდან ბუფეტი მხოლოდ 640-ში ფუნქციონირებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მიმდინარე თვის დასაწყიში, სასკოლო კვების ორგანიზებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. მინისტრის ბრძანებით, სკოლის სასადილოებში ის პროდუქტები უნდა გაიყიდოს, რომლებიც მოსწავლეებს ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და საჭირო ენერგიის მიღებაში დაეხმარება.

ამ თემაზე საჯარო დისკუსიის დაწყებამ, წინ კიდევ ერთი საკითხი წამოწია – სკოლებში ბუფეტების ფუნქციონირების საჭიროება.

ამ კუთხით არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, EDU.ARIS.GE-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით არსებული 2 085 საჯარო სკოლიდან, ბუფეტი/სასადილო მხოლოდ 640 სკოლაში ფუნქციონირებს, რაც მთლიანი რაოდენობის 1/3 -ზე ნაკლებია.

სამინისტროს ინფორმაციით, ბუფეტი არ ფუნქციონირებს 1 442 სკოლაში. აქედან ერთში, ბიის საჯარო სკოლაში, სასადილოს მოწყობის მიზნით, აუქციონი უკვე გამოცხადებულია, ხოლო ახალციხის ორ სკოლაში, ამჟამად სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ სკოლაში, სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №20 საჯარო სკოლაში, ბუფეტი მხოლოდ ადმინისტრაციულ კორპუსში ფუნქციონირებს.  ქვეყნის მასშტაბით, იმერეთში არსებობს ერთი ისეთი სკოლაც, რომელიც მთლიანად პანსიონური მომსახურებისაა.

ამ დროისთვის, საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს ისეთი რეგულაცია, რომელიც სკოლებს საკუთარ სივრცეში სასადილოების/ბუფეტების მოწყობას დაავალდებულებდა, თუმცა არსებობს გაიდლაინი ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2015 წლის 27 ოქტომბერს გამოსცა.

«სასკოლო კვება უნდა უზრუნველყოფდეს ყველა აუცილებელი სახეობის სურსათის მიწოდებას მოსწავლეთათვის», – წერია დოკუმენტში, რაც ერთგვარად, სასკოლო სივრცეში ბუფეტების არსებობის საჭიროებასაც უსვამს ხაზს.

აღნიშნულის საჭიროებაზე მოსწავლეებიც ხშირად საუბრობენ.

„ჩემი აზრით, სკოლაში ბუფეტის არსებობა აუცილებელია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბავშვებს აღარ მოუწევთ მაღაზიაში წასვლა, რაც მცირე დოზით საფრთხეს წარმოადგენს დაბალკლასელებისათვის, და კიდევ იმიტომ, რომ ბევრი ბავშვი ისე მიდის სკოლაში, დილით სახლში  არ საუზმობს. შესაბამისად, თუ ბუფეტი იქნება, მაშინ პრობლემებიც აღარ იქნება“, –  გვითხრა ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა ძაბახიძემ.

ახალგაზრდებთან ამ საკითხზე მოკვლევები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ ჩატარებული. ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებშიც ჩატარებული ერთ-ერთი ასეთი მოკვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვით, ბუფეტების საჭიროებაზე დიდწილად სოფლად მცხოვრები მოსწავლეები საუბრობენ.

სკოლის ბუფეტებში ზოგიერთი საკვების გაყიდვა აიკრძალება – სია

სკოლის ბუფეტები – ბიზნესი მოსწავლეების ჯანმრთელობის ხარჯზე

საჯარო სკოლას ბუფეტის გამო, შესაძლოა სასამართლო დავა დასჭირდეს

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური