GE

სასწავლო პროგრამით საზღვარგარეთ წასული ზოგიერთი სტუდენტის მიმართ, შესაძლოა, სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდეს – დადგენილება

საქართველოს დღევანდელი პრემიერმინისტრის ინიციატივით, მისი წინა პრემიერობის დროს შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ დადგენილებაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით საინტერესო ცვლილება შევიდა. როგორც ცნობილია, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს, უცხო ქვეყანაში სწავლის დასრულების შემდეგ, ვალდებულება აქვთ სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა საქართველოს მოახმარონ.

დადგენილებას ორი ახალი მუხლი დაემატა სადაც განმარტებულია, რომ იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც საქართველოში არ დაბრუნდებიან და უცხო ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ.

“გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები”, – ვკითხულობთ ერთერთ დამატებულ მუხლში.

ამასთან, დადგენილებაში წერია, რომ ცენტრს დაევალა ითანამშრომლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მთავრობის მეთაურის ახალი დადგენილებით არსებობს შესაძლებლობაც, რომ სტუდენტის მიერ ქვეყანაში დაბრუნების პირობის რაღაც დროით დარღვევა საპატიოდ მიიჩნიონ:

“გრანტის მიმღების მიერ დადგენილებით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არა უმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის კომისია განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად და ჩათვალოს საპატიოდ”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 28 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური