GE

სახელმწიფოსგან მივიწყებული დევნილი უნივერსიტეტი, სადაც წარმატებული აბიტურიენტები არ აბარებენ, ანუ რა სჭირს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს?

„გზას კი გასწავლი, მაგრამ იმ გადაკარგულში როგორ უნდა იარო?!“ – ასე მიპასუხა ზუსტად 16 წლის წინ, 2006 წლის ცხელი ზაფხულის დღეს კაცმა, რომელიც ვაჟა ფშაველას ქუჩაზე შემთხვევით შემხვდა და რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტისკენ (მაშინ ჯერ ის ისევ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი იყო) მიმავალი გზის სწავლება ვთხოვე. ახალი გაგებული მქონდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებს შედეგად სოხუმის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ვინაიდან მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, მათ შორის, არც ადგილმდებარეობა, გადავწყვიტე წინასწარ მივსულიყავი და იქაურობა მენახა.

კაცმა გზა მასწავლა და მეც შევუდექი მაშინდელი ჯიქიასა და ახლანდელი პოლიტკოვსკაიას ქუჩის დაუსრულებელ აღმართს, ზაფხულის ხვატში, ფეხით. ქუჩა თითქმის უკაცრიელი იყო, შენობები მხოლოდ აქა-იქ მოჩანდა. შესაბამისად, ტრანსპორტიც იშვიათად დადიოდა. სოხუმის უნივერსიტეტი კი სულ ბოლოში, ქუჩის დასასრულში მდებარეობდა და გარშემო მხოლოდ გადამხმარი ბალახით დაფარული მინდვრები ერტყა. არ დავმალავ – ვერ მოვიხიბლე. ცარიელი, თითქმის გაუკაცრიელებული ქუჩა და მჩქეფარე სტუდენტური ცხოვრება ერთმანეთს ვერაფრით დავუკავშირე. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე მგზავრობას 1,5 საათი სჭირდებოდა, რაც კვირაში ხუთჯერ უთენია ადგომას მიწინასწარმეტყველებდა. ამ ყველაფერმა შემაცბუნა, თუმცა სტუდენტობის სიხარული ვერ გამინელა და მაინც ამაყად შევაღე უნივერსიტეტის კარი. აი, ამის მერე კი ნამდვილად გამინელდა სიხარული, რადგან გარემო, რომელიც იქ დამხვდა, ჩემს წარმოდგენებში არსებულს ნამდვილად არ შეესაბამებოდა – ფიცრებით აჭედილი შენობის გარე ფასადი, საღებავაცლილი კედლები, ორმოებიანი იატაკი, ძველისძველი მერხები და საპირფარეშო, სადაც შესვლა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, აცივებასთან ერთად, იმასაც გავიგებდი, რომ შენობა, ფაქტიურად, არც თბებოდა და ზამთრის გაყინულ დღეებში მხოლოდ საკუთარი ქურთუკებისა და გამძლეობის იმედზე ვიქნებოდით. ჩემს თავს მხოლოდ იმას ვეკითხებოდი თუ რატომ ჩამიწერა დედაჩემმა ეს უნივერსიტეტი საბუთების შევსებისას სასურველი სასწავლებლების სიის თავში.

თუმცა, გარემო-პირობებთან დაკავშირებული პრობლემები, სამწუხაროდ, არ იყო ერთადერთი, რითაც სოხუმის უნივერსიტეტმა 17 წლის პირველკურსელებს იმედი გაგვიცრუა და სტუდენტობის ბედნიერება რამდენადმე გაგვიფერმკრთალა. უნივერსიტეტი, ჩვენი, ანუ ჟურნალისტიკის პროგრამის პირველკურსელების მისაღებად აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. არ ჰყავდა შესაბამისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები, არ გააჩნდა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მოკლედ, არაფერი, რაც მომავალი ჟურნალისტების აღსაზრდელად იყო საჭირო (იმ წელს უნივერსიტეტმა ჟურნალისტიკის პროგრამაზე მიღება პირველად და ჯერ-ჯერობით, უკანასკნელად გამოაცხადა). ამ ყველაფერმა მეც და არაერთი ჩემი კურსელიც პირველივე შესაძლებლობისთანავე უნივერსიტეტის შეცვლისკენ გვიბიძგა. მას შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტზე ინფორმაციას ყურმოკვრით ვიგებდი. ვიცოდი, რომ წლების წინ იქ რექტორი და ხელმძღვანელობა შეიცვალა. შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ახალი მენეჯმენტი მართვის ახალ სტილს შემოიღებდა, რეფორმებსაც გაატარებდა და მდგომარეობაც ბევრად გაუმჯობესდებოდა. ჩემი წარმოდგენები ნაწილობრივ გამართლდა, თუმცა აქ მთავარი სიტყვაა „ნაწილობრივ“.

საქმე ისაა, რომ უკვე მეორე წელია სოხუმის უნივერსიტეტი, EDU.ARIS.GE-ს მიერ მომზადებულ რანჟირებაში – საქართველოს რომელ უნივერსიტეტებშია კონცენტრირებული კარგად მომზადებული აბიტურიენტები, ბოლო ადგილზეა ხვდება. სახელმწიფო გრანტის სახით, აქ ჩარიცხულ თითოეულ აბიტურიენტზე ყველაზე ნაკლები თანხა მოდის – საშუალოდ 2 ლარი. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო გრანტის მქონე ახალგაზრდებიდან სოხუმის უნივერსიტეტში სწავლას ძალიან, ძალიან ცოტა აგრძელებს. სახელმწიფო გრანტი კი, შეიძლება ითქვას, აბიტურიენტის ცოდნისა და მომზადების დონის განმსაზღვრელია. გამოდის, რომ წარმატებული აბიტურიენტები სასწავლებლად მას არ ირჩევენ. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტად სამწუხაროა, ვიდრე სხვა ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში იქნებოდა, რადგან საქმე დევნილ უნივერსიტეტს ეხება, რომლის პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვა გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა ნებისმიერი სასწავლებლისა.

ცოტა რამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკმაოდ მდიდარი წარსული აქვს და სულ რაღაც ათიოდე წელიწადში 100 წლის იუბილესაც იზეიმებს. მისი ისტორია სათავეს 1932 წლის 7 თებერვლიდან იღებს, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოხუმში პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა. თავდაპირველად, ორი კათედრა არსებობდა, რომლებიც ძირითადად პედაგოგიურ კადრებს ამზადებდნენ. შემდგომ წლებში ინსტიტუტს სხვა სპეციალობებიც დაემატა და 1979 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი. სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა.

მოგვიანებით, აფხაზეთში პოლიტიკური ვითარების დაძაბვისა და სეპარატისტული ძალების გააქტიურების პარალელურად, სიტუაცია უნივერსიტეტშიც აირია. სეპარატისტულმა იდეებმა საგანმანათლებლო სივრცეშიც შეაღწია, რამაც უნივერსიტეტის ორად გახლეჩა და ეთნიკური ქართველების გამოყოფა გამოიწვია. შედეგად, 1989 წლის 14 მაისს უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი ჩამოყალიბდა, რომელმაც 1993 წლიდან, ომის დასრულებისა და სოხუმის დაცემის შემდეგ, დედაქალაქში განაგრძო ფუნქციონირება.

2007 წლის ზაფხულში ფილიალის სტატუსი ჩამოსცილდა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა. 2008 წელს მან ჯერ საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია მიიღო, მოგვიანებით კი სახელმწიფო აკრედიტაციაც. ამ პერიოდიდან, ანუ 2007 წლიდან ვიდრე 2017 წლამდე, უნივერსიტეტის რექტორი ისტორიკოსი ჯონი აფაქიძე გახლდათ. 2017 წლიდან უნივერსიტეტს სათავეში, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე ჩაუდგა. ამჟამად იგი მეორე ვადითაა არჩეული. არსებობის ისტრიაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სულ 22 რექტორი გამოიცვალა. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მიმდინარეობს და მის 5 ფაკულტეტზე 3500-მდე სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, სტუდენტები აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან.

მეტი, ვიდრე უნივერსიტეტი – სოხუმის უნივერსიტეტის პოლიტიკური როლი

მიზეზი, რის გამოც სოხუმის უნივერსიტეტს ყველა სხვა უნივერსიტეტისგან განსხვავებულ კონტექსტში განვიხილავთ, წესით, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. იგი, ქვეყანაში, ერთადერთი დევნილი უნივერსიტეტია, რომლის ხარისხისა და არსებობის შენარჩუნებაც ქვეყნის ღირსების საკითხია. ერთგვარად გამოხატავს ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას ოკუპაციისა და ყველაფერი იმისადმი, რაც ომმა „მემკვიდრეობით“ დაგვიტოვა. ქვეყნის დეკლარირებული პოლიტიკა ყველასთვის კარგად ცნობილია – ოკუპაცია ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტადაა დასახელებული და ქვეყნის ვერც ერთი ლიდერის გამოსვლას ვერ გაიხსენებთ, რომლის ტექსტშიც ოკუპაციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას უზარმაზარი ადგილი არ უჭირავს. თუმცა, ერთია დეკლარირებული პოლიტიკა და ოფიციალური გამოსვლები და მეორეა რეალური ნაბიჯები. ოკუპაციის მიმართ სახელმწიფოსა და ხელისუფლების დამოკიდებულება და მათი ნაბიჯების სისწორეზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. მათი პოლიტიკა მავანისთვის წაყრუებაა, მავანისთვის- არსებულ სტატუს-კვოსთან შეგუება, მავანისთვის კი აუცილებლობით გამოწვეული ქმედება. თუ რა დამოკიდებულება აქვს რეალურად სახელმწიფოს ოკუპაციისადმი ეს სოხუმის უნივერსიტეტის მაგალითზეც მარტივად ჩანს, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის ქართული განათლების ხარისხის მაჩვენებელია, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და რომლის მიხედვითაც ქართული საუნივერსიტეტო სწავლებისა და ზოგადად, სახელმწიფოებრიობის შესახებ მსჯელობენ.

აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების სამი გზა არსებობს – აფხაზურ უნივერსიტეტში ჩაბარება, რუსეთში წასვლა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლა. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათთვის ერთგვარი ჩიხია, რუსეთში სასწავლებლად წასვლა, საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვს. რაც შეეხება მესამე გზას – საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლას, ამის წასახალისებლად საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე ნაბიჯი აქვს გადადგმული – ქართულ უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვა, სასწავლო პროცესთან ადაპტირებაში სხვადასხვა კურსითა და პროგრამით დახმარება, სწავლის გადასახადისგან გათავისუფლება და ა.შ. ყველაზე მთავარი და იქაური ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად სასურველი კი ისაა, რომ თბილისში სწავლა მათთვის, ფაქტიურად, ერთადერთი გზაა ევროპისაკენ. თუმცა ამ ყველაფერს საკმაოდ მძლავრი იარაღი უპირისპირდება – სეპარატისტული იდეოლოგიის გავლენა, ქართული სერვისებით მოსარგებლე ადამიანების მოღალატეებად შერაცხვა და ფსიქოლოგიური წნეხი, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობა შესაბამისი ძალებისგან თუ მედიისგან განიცდიან. ქართული განათლების მაღალი ხარისხი და სტანდარტი ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც იქაურ ახალგაზრდებს ამ საკმაოდ თამამი ნაბიჯის გადადგმისკენ უნდა უბიძგოს და სასწავლებლად თბილისში ჩამოსვლა გადააწყვეტინოს. ქართული საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტზე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდწილად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტის მაგალითზე მსჯელობენ.

„სოხუმის უნივერსიტეტი სამაგალითო უნდა იყოს“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაერთი წარმატებული, ცნობილი და დამსახურებული კურსდამთავრებული ჰყავს. ცნობილმა მწერალმა, პოეტმა, დრამატურგმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ იგი 1975 წელს დაასრულა, როცა ჯერ კიდევ პედაგოგიურ ინსტიტუტად იწოდებოდა და სოხუმში მდებარეობდა. ოდიშარია, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის მხარდამჭერი და ქართულ-აფხაზური შეხვედრების აქტიური მონაწილეა, ამბობს, მისთვის, როგორც სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის, ორმაგად მტკივნეულია ინფორმაცია ზემოთხსენებულ რანჟირებაში სოხუმის უნივერსიტეტის ბოლო ადგილზე ყოფნის შესახებ. მისი აზრით, უნივერსიტეტს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უკავია და მისი გამოყენება სამშვიდობო პოლიტიკაში გაცილებით ეფექტურადაც შეიძლება.

„სოხუმის უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, აქვს პოტენციალი. შეუძლია წარსულის ანალიზით დღეს შექმნას სივრცე დიალოგისთვის აფხაზეთში არსებული უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პედაგოგებთან პროფესურასთან და ა.შ. მას თავისი მისია აქვს, რადგან დევნილი უნივერსიტეტია. იგი მოვალეა მისი ლექტორები თუ სტუდენტები, სხვა უნივერსიტეტებისთვის, სამაგალითოები იყვნენ. აფხაზეთის მოსახლეობა ყოველთვის მიყურადებულია სოხუმის უნივერსიტეტისკენ, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს. შესაძლოა, ისინი ამაზე საინფორმაციოებში არ საუბრობენ და გაზეთებში არ აქვეყნებენ, მაგრამ ასეა. ეს ფაქტი სოხუმის უნივერსიტეტს ავალდებულებს უფრო მეტი გააკეთოს. რა თქმა უნდა, სამაგალითო უნდა იყოს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით. არც ამ უნივერსიტეტის გაუქმება, ან სხვა საწავლებლისთვის მიერთება შეიძლება და არც საკითხის ასე დაყენება, საერთოდ. ესაა ბილიკების გაყვანის საშუალება და კარგად გამოყენებული არაა. სოხუმის უნივერსიტეტი, შერიგების გზაზე, დიდი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მძლავრი შენაკადი უნდა გახდეს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში გურამ ოდიშარია.

რა სჭირს სოხუმის უნივერსიტეტს?

სტატიაზე მუშაობისას, 15 წლიანი პაუზის შემდეგ, სოხუმის უნივერსიტეტს პირველად ვესტუმრე. გარეგნული განსხვავება, თვალშისაცემია. ქუჩა, რომლის ბოლოშიც უნივერსიტეტის ორი კორპუსი მდებარეობს, აღარაა უკაცრიელი. ახლა იგი სავსეა თანამედროვე შენობებით, სხვადასხვა სასწავლებლით, საცხოვრებელი კორპუსებით, სავაჭრო თუ გასართობი დაწესებულებებით და ა.შ. მასზე ტრანსპორტიც ისევე მოძრაობს, როგორც თბილისის სხვა დანარჩენ ქუჩებზე. თავად უნივერსიტეტის კორპუსებიც საგრძნობლად შეცვლილი დამხვდა – გარემონტებული, ახლებურად მოწყობილი და გამთბარი! დერეფნებში სიარულისას ფეხი იატაკში აღარ მივარდებოდა, აუდიტორიებში გატეხილი ფანჯრებიდან ქარი არ დაქროდა და რაც მთავარია, საპირფარეშო საპირფარეშოს ჰგავდა – წყლით, საპნითა და ხელსახოცებით! თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტში ჯერ კიდევ დგას პრობლემები, რომლებიც 15 წლის წინაც იყო და კიდევ უფრო ადრეც, სავარაუდოდ.

უნივერსიტეტის რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან (პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დსთ-ში საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, დსთ-სა და ბელორუსიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილი ხელმძღვანელი) თითქმის ნახევარი დღე ვისაუბრეთ, უამრავ თემას შევეხეთ, თუმცა ზუსტ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ აგრძელებენ სოხუმის უნივერსიტეტში სწავლას წარმატებული აბიტურიენტები, მაინც ვერ მივაკვლიეთ. რექტორი დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი სწავლების დაბალი ხარისხის მაჩვენებელი არ არის. EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას არ გაუოცებია და რამდენიმე ფაქტორიც ჩამოგვითავალა, რაც, მისი აზრით, წარმატებულ, გრანტის მქონე ახალგაზრდებში სოხუმის უნივერსიტეტის არასათანადო პოპულარობის მიზეზი გახდა.

„ეს, შეიძლება, წარსულის ინერციაც არის. სამწუხაროდ, ამ უნივერსიტეტის რეკლამირება, სხვადასხვა სააგენტოს მიერ, ნაკლებად ხდება. ცვლილებები და სიახლეები საზოგადოებამდე, სტუდენტებამდე არ მიდის. დავიწყეთ თუ არა ამოქმედება, ღია კარის დღეები და მსგავსი ღონისძიებები, პანდემია დაიწყო. გარდა ამისა, საკადრო ცვლილებებს ვერიდებოდი. აქ, პერსონალში, რამდენიმე ისეთია, შესაძლებლობა რომ მქონდეს, პანდემია არ იყოს და ეს ყველაფერი არ მბოჭავდეს, მათი აკადემიურ სივრცეში შემოყვანა არაფრით შეიძლება. ეს შეცდომაა, დანაშაული თუ არა! მე რომ ვიცოდე, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანს, რომელსაც აკადემიური სივრციდან გავუშვებ, ან პენსია ეყოფა, ამ გადაწყვეტილებებს უფრო თამამად მივიღებდი. მაგრამ სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს და ამ ადამიანის ხელფასს მთელი ოჯახი ელის. ერთ ფაქტს მოგიყვებით: აკადემიური პერსონალის არჩევნები გვქონდა, ერთ-ერთ თანამდებობაზე კონკურსი იყო და ღამე ჩემთან ვიღაც რეკავს – თქვენ გინდათ, რომ მოვკვდეო? – მეკითხება. თან მხოლოდ მე კი არ მოვკვდები, ჩემი მეუღლე და შვილიც დაიხოცებიანო. ხვალ კონკურსია და კონკურსში ვერ გავიმარჯვებო. ვუპასუხე, რომ კონკურსი ღია და თავისუფალია და თუკი კომისიასთან მიმართებაში პრეტენზია ჰქონდა, შევცვლიდი. იმ ადამიანს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ბავშვების მომავლის დამახინჯების ხარჯზე ხომ არ უნდა ხდებოდეს? შესაბამისად, ეს შედეგი არ მიკვირს. თუმცა, გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს და როგორც კი საშუალება მომეცემა, მათ აკადემიური პერსონალიდან გავიყვან ისე, რომ მატერიალურად არ დავაზარალო. ასეთი ადამიანების გაყვანა შესაძლებლობას მომცემს რამდენიმე ახალგაზრდა დავასაქმო. სულ ხუთი ფაკულტეტი გვაქვს, თითოეულზე სამი-ხუთი ახალი პერსონა რომ შემოვიყვანოთ, სურათი შეიცვლება. თქვენს მიერ ნახსენები სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას რექტორი.

საქართველოში იმაზე პასუხისმგებელი, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი განათლების შეთავაზება უზრუნველყონ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრია. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იგი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას.

ბუნებრივია, კითხვებით, რომლებიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი პროგრამების ხარისხსა და ცენტრის მიერ მონიტორინგისთვის გაწეულ სამუშაოს ეხებოდა, მათ მივმართეთ. კონკრეტულად, დავინტერესდით რა ტიპის სამუშაოს ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტში, შიდა მექანიზმების ფარგლებში, პროგრამულ დონეზე სწავლების, სწავლისა და კვლევის პროცესის ხარისხის უწყვეტი შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფისათვის; რამდენად აკმაყოფილებს ამა თუ იმ პროგრამაზე არსებული სტანდარტი და სწავლების ხარისხი დაწესებულ კრიტერიუმებს და რა სურათი ხვდებათ ცენტრის თანამშრომლებს მათი შეფასებისას; კონტროლის პროცესში მხედველობაში არის თუ არა მიღებული მსგავსი სახის რეიტინგები და შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ ეს მაჩვენებელი სწავლების დაბალი ხარისხზე მეტყველებს. საკმაოზე მეტად ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ცენტრისგან წერილი მივიღეთ, თუმცა იგი ჩვენს კითხვებს ნაკლებად პასუხობდა.

ცენტრმა მოგვწერა, რომ განათლების ხარისხზე მსჯელობა უნდა იყოს კომპლექსური და ეფუძნებოდეს ემპირიული მასალის, მათ შორის, ინსტიტუციაში ჩარიცხული სტუდენტების მიერ მოპოვებული გრანტების მოცულობის ანალიზს და დასკვნებიც, სწორედ ამ ემპირიული მასალის ანალიზის შედეგად უნდა გაკეთდეს.

„ინსტიტუციის ფარგლებში ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ მოპოვებული გრანტების ოდენობა არ განაპირობებს დაწესებულების მიერ შეთავაზებული განათლების ხარისხს და არც ხარისხის ერთადერთი ინდიკატორია. საგანმანათლებლო პროცესის სრულფასოვანი შეფასებისათვის აუცილებელი წინაპირობაა პროცესზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაკვირვება. მოკლე პერიოდის ემპირიული მასალა არ იძლევა საფუძვლიანი დასკვნების გამოტანის საშუალებას, როგორც მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემის, ასევე, ცალკეული ინსტიტუციის შეფასებისას.

„თქვენ მიერ წერილში დასახელებული უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია მოიპოვა ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენით და მის მიერ განხორციელებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შეფასებულია ცენტრის მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის პერსპექტივიდან. დამატებით განვმარტავთ, რომ ავტორიზაცია და აკრედიტაცია არ არის ერთჯერადი პროცესი და ყოველ მომდევნო ეტაპზე, დაწესებულებამ უნდა აჩვენოს ინსტიტუციური განვითარება და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრი ასევე ახდენს პროცესების გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგს, რათა დაცული იყოს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები“, – აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წერილში, რომელსაც ხელს ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი აწერს.

ცენტრმა, ერთი შეხედვით, პასუხი გაგვცა, თუმცა ჩვენი ზოგიერთი კითხვა მაინც უპასუხოდ დარჩა. მაგალითად ის, თუ კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოს ახორციელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამულ დონეზე სწავლების, სწავლისა და კვლევის პროცესის ხარისხის უწყვეტი შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფისათვის;რა სურათი ხვდებათ ცენტრის თანამშრომლებს მათი შეფასებისას; აკმაყოფილებს ამა თუ იმ პროგრამაზე არსებული სტანდარტი და სწავლების ხარისხი დაწესებულ კრიტერიუმებს და თუ აკმაყოფილებს რატომ გადის სასწავლებელი ასეთ დაბალ შედეგებზე, უნდა გახდეს თუ არა ეს ფაქტი თუნდაც არაგეგმიური მონიტორინგის საფუძველი და ა.შ.

რას ნიშნავს წარსულის ინერცია?

თუკი როგორც ბატონი რექტორი აცხადებს უნივერსიტეტი არც სწავლების ხარისხით, არ პროგრამების მრავალფეროვნებით, არც პერსონალის კვალიფიკაციითა და არც მეგობრული ატმოსფეროთი არც ერთ სხვა უნივერსიტეტს არ ჩამოუვარდება და ცენტრიც გვიმტკიცებს, რომ აქ ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად მიდის, მაშინ რატომ აქვს სხვებზე ბევრად დაბალი მაჩვენებლები? ჩვენთან საუბრისას, რექტორმა, წარსულის ინერცია ახსენა და ეს შედეგიც იმით ახსნა, რომ სხვებთან შედარებით გაცილებით მძიმე გზის გავლა მოუწიათ. სახელმწიფოს დამოკიდებულება კი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დატვირთვის მქონე უნივერსიტეტის მიმართ იმითაც კარგად ჩანს, რომ როგორც რექტორისგან ვიგებთ, ხელისუფლება მის გაუქმებასაც კი აპირებდა.

„ამ უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტების სასტარტო მდგომარეობა ერთი იყო? ეს ხომ დევნილი უნივერსიტეტია. სულ რამდენიმე წლის წინ აქ რომ გაივლიდი, იატაკში ფეხი ჩაგივარდებოდა. წარმოუდგენელი მდგომარეობა იყო. ბებიაჩემის დროს, სოფლის სკოლებში არ იდგა ისეთი მერხები, აქ რომ დამხვდა. საბუთების შემოსატანად რომ მოვედი, უკან გაბრუნება დავაპირე. ვერ დავიჯერე, რომ ეს უნივერსიტეტი იყო – ვიღაც ჩუსტებით დადიოდა, ვიღაც რაღაცას ხარშავდა… სოხუმის უნივერსიტეტი სხვათაშორის იყო. რექტორთა საბჭოზეც კი ან ეძახდნენ, ან- არა. რომ მოვედი მისია მაშინ განვსაზღვრეთ. იცით რა დამოკიდებულება დამხვდა? ეს უნივერსიტეტი სასწავლოდ უნდა გადაკეთებულიყო და ზუგდიდს მიერთებოდა. ეს გაცხადებული იყო. ცხინვალის უნივერსიტეტი ხომ გაუქმდა კიდეც? სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტიც ხო გაუქმდა და ქუთაისს მიუერთდა? ხოდა რიგში ეს უნივერსიტეტი იდგა. როცა რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე, ჩემი ბრძოლა აქ კი არ იყო რექტორობისთვის, გარეთ იყო-უნივერსიტეტის შენარჩუნებისთვის“, – აცხადებს ზურაბ ხონელიძე და დასძენს, რომ ყოველ ახალმოსულ განათლების მინისტრთან თავიდან იყო საჭირო ყველაფრის ხელახლა გააზრება და დამოკიდებულების ჩამოყალიბება, და როცა საქმე მხარდაჭერამდე მივიდოდა, ის მინისტრიც ტოვებდა პოსტს.

“გააზრება-გადააზრებაში ვართ. პირველი ორი წელი დამკვიდრებას, მტრების განეიტრალებას ჩვენი ადგილის გამოკვეთას, მისიის განსაზღვრასა და აღიარებას მოხმარდა. მერე კი პანდემია დაიწყო და მიღწეულის შენარჩუნებას ვცდილობთ. მერწმუნეთ, პანდემია რომ არა, ის სტარტი, რაც გვქონდა, სხვა, უფრო დიდ შედეგებამდე მიგვიყვანდა. თუმცა, მთავარი მიღწევა უკვე სახეზეა – აფხაზებისთვის მტრები აღარ ვართ, მაშინ როცა, ამ უნივერსიტეტს ყველაზე დიდ მტრად აღიქვამდნენ“, – დასძენს ზურაბ ხონელიძე.

„სოხუმის უნივერსიტეტის მისია განსაზღვრულია და ეს სამშვიდობო მისიაა“

„ზოგადად, უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო განათლება დროს ჩამორჩა, დროის ადეკვატური არ არის. ცვლილება, რომელიც აისახა სამყაროზე, არ აისახა უნივერსიტეტზე. პარადიგმა, რასაც საუნივერსიტეტო იდეა ეფუძნებოდა, მოძველებულია“, – ასე იწყებს საუბარს ზურაბ ხონელიძე სოხუმის უნივერსიტეტის თანამედროვე როლისა და სამომავლო გეგმების შესახებ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიად მას მშვიდობის სწავლება, სამშვიდობო პროცესის ეპიცენტრად და მედროშედ ქცევა მიაჩნია. დარწმუნებულია, რომ უნივერსიტეტს შეუძლია სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი, სასიკეთო როლის შესრულება, თუმცა ამ შესაძლებლობის გამოყენება არ ხდება. უნივერსიტეტის ახალი მისიის შესასრულებლად მათ ახალი სამაგისტრო პროგრამა შექმნეს – საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელიც, რექტორის აზრით, რევოლუციური მნიშვნელობისაა. პროგრამამ აკრედიტაცია უკვე გაიარა და დაინერგა როგორც ახალი საგანი.

„მოჩვენებითად კი არა, სოხუმის უნივერსიტეტი რეალურად მოწინავე უნდა იყოს. მას რესურსების მობილიზება და გაერთიანება სჭირდება და ეს ყველას საზრუნავია, რადგან მშვიდობის უზრუნველყოფის უმოკლესი გზა ამ უნივერსიტეტზე გადის“, – აცხადებს რექტორი და დასძენს, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში, იგი, რეგიონში სამშვიდობო განათლების საუნივერსიტეტო ცენტრად იქცევა.

შეძლებს თუ არა დევნილი უნივერსიტეტი ამ საკმაოდ ამბიციური მიზნის მიღწევას, დრო გვიჩვენებს. დაეხმარება თუ არა ეს მიზანი მას ბოლო ადგილიდან სიის სათავისკენ გადმონაცვლებაში და მოანდომებს თუ არა მშვიდობის სწავლება სოხუმის უნივერსიტეტობას წარმატებულ, მომზადებულ, სახელმწიფო გრანტის მქონე აბიტურიენტებს, მაგასაც მომავალში ვიხილავთ. ერთი რამ კი ფაქტია – სახელმწიფოსთვის ეს უნივერსიტეტი ისევე არაა პრიორიტეტების სიაში, როგორც თავად ოკუპაცია.

პ.ს. სტატიაზე მუშაობისას, კომენტარისთვის, რასაკვირველია მივმართეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსაც, სადაც, ჩვენდა გასაკვირად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ საუბარსა და კომენტარის გაკეთებაზე უარი იმ მიზეზით გვითხრეს, რომ ეს მათ შიდა საქმიანობაში ჩარევა იქნებოდა და უხერხულობას შექმნიდა.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური