GE

„შეძლებენ მომავალში გაკვეთილის ჩატარებას სტუდენტები, რომლებმაც პედაგოგიური პრაქტიკა დისტანციური სწავლებით მიიღეს?!“

მომავალი პედაგოგების მომზადების მეთოდი, დონე და მიდგომები საქართველოში ყველა დროში გარჩევის საგანს წარმოადგენდა. განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები დღესაც მუდმივად უსვამენ ხაზს მომავალ პედაგოგთა არადამაკმაყოფილებელ მზაობას, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ნაწილდებიან და სკოლებშიც შედიან. ამასაც უკავშირებენ ხოლმე პრობლემას, რომ სამუშაოს მაძიებელ მასწავლებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და მათი უმეტესობა ვერ საქმდება. თითქოს ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი, 2020-2021 წლების კურსდამთავრებულ მომავალ პედაგოგებს პანდემიამ კიდევ ერთი, დამატებითი სირთულე შეუქმნა პედაგოგიური პრაქტიკის, უფრო სწორად კი უპრაქტიკობის სახით.

კერძოდ, პედაგოგიკის ფაკულტეტის ბოლო ორი გამოშვების კურსდამთავრებულების ნაწილმა პედაგოგიური პრაქტიკის გავლა საერთოდ ვერ შეძლო, ნაწილმა ეს მხოლოდ დისტანციურად მოახერხა, შედარებით მცირე ნაწილს კი გაუმართლა და პრაქტიკა უშუალოდ სკოლებში, საკლასო ოთახებში გაიარა. ესენი, ძირითადად, რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ და პრაქტიკის გავლაც სექტემბერ-ოქტომბერში, მანამ, სანამ ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდოდა, სოფლის სკოლებში შეძლეს. ამ თემაზე დეტალურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტები თავად გვიამბობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ დაწყებითი კლასების პედაგოგები მზადდებიან. პედაგოგიური ფაკულტეტი მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი და არა მაღალი კლასების საგნების მასწავლებლებისათვის. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები არც დაწყებითი განათლების მომავალ მასწავლებლებს აკლიათ.

თუ რას ნიშნავს მომავალი პედაგოგისთვის პრაქტიკა და რა როლს იკავებს იგი სწავლის პროცესში, ამაზე EDU.ARIS.GE-ს ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორი, პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი ნათელა მაღლაკელიძე ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ პანდემიამ პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები განსაკუთრებულად დააზარალა.

„ჩვენ მომავალი პედაგოგები დისტანციური სწავლების პროცესში ჩავრთეთ, მაგრამ პრაქტიკა მთავარია. პედაგოგიური პრაქტიკის გარეშე პედაგოგი არ მზადდება. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. რამდენი საგანიც არ უნდა ვასწავლოთ სტუდენტს უნივერსიტეტში, თუ სკოლაში არ წავიდა და თავი არ გამოსცადა, როგორც მომავალმა მასწავლებელმა, სხვისი ჩატარებული გაკვეთილები არ მოისმინა და თავადაც არ ჩაატარა, მასწავლებელი ვერ გახდება. ეს წარმოუდგენელია. სკოლაში ისე ვერ შევა. ამის საშუალება კი ჩვენ არც წელს და არც შარშან აღარ გვქონდა. ქალაქში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა და რაიონებშიც აბსოლუტურ უმრავლესობას ონლაინზე გადასვლა მოუწია. დისტანციური სწავლება ნამდვილად ვერ დაახელოვნებს მომავალ მასწავლებლებს იმაში, რომ მათ მერე ცოცხალი გაკვეთილის ჩატარება შეძლონ. თავად დისტანციურ სწავლებას უამრავი სირთულე ახლავს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის მხრივ და იქ კიდევ პრაქტიკანტი სტუდენტის შესვლა, ძალიან ძნელია. კი ბატონო, ბევრმა სკოლამ გამოიჩინა კეთილი ნება, მიგვიღო, ჩავერთეთ, ჩატარდა პრაქტიკა, მაგრამ შეძლებენ მერე საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარებას სტუდენტები, რომლებმაც პედაგოგიური გამოცდილება ასე, დისტანციური სწავლებით მიიღეს? ვერ გეტყვით“, – გვეუბნება პროფესორი.

როგორც აღმოჩნდა, უპრაქტიკობას თავად სტუდენტებიც საკმაოდ განიცდიან. ზოგიერთი მათგანი ჩვენთან საუბარში იმასაც კი აცხადებს, რომ დისტანციურად გავლილი პრაქტიკით სკოლაში გაკვეთილის ჩატარებას ვერ შეძლებს და თანახმაა ეს ყველაფერი მოგვიანებით, თუნდაც სწავლის დასრულების შემდეგ (ვინაიდან ისინი უკვე დამამთავრებელ კურსზე არიან) აინაზღაურონ, თუკი უნივერსიტეტი ამის საშუალებას მისცემთ.

თამუნა გიორგაძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ბოლო კურსზეა. პანდემიამ მის პედაგოგიურ პრაქტიკასაც შეუქმნა სირთულეები, თუმცა ნაწილობრივ – სექტემბერში დაგეგმილი პრაქტიკებიდან 2 კვირის გატარება სკოლაში შეძლო, სკოლის დაკეტვის გამო კი ონლაინ გაგრძელება მოუწია. ამბობს, რომ სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ონლაინ, როცა გაკვეთილები, ბევრი ხარვეზის გამო, სრულფასოვნად ვერ ტარდებოდა, თანაც გამოყოფილი დრო – 20 წუთი, სრულიად არასაკმარისი იყო. მისი აზრით, იმ დანაკლისის ანაზღაურება, რომლებიც პანდემიით დაზარალებულმა მომავალმა პედაგოგებმა განიცადეს, აუცილებელია და იმედოვნებს, რომ მეორე სემესტრში ეს მოხერხდება.

„უმჯობესი იქნებოდა გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარებულიყო, რადგან მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მივიღებდი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეტი გზა არ არის, ონლაინ რეჟიმს უნდა შევეგუო. დამამთავრებელ კურსზე ვარ, მალე მასწავლებელი გავხდები და შესაძლებელია ონლაინ გაკვეთილების ჩატარება მეც მომიწიოს. ამიტომ, ესეც ერთგვარი გამოცდილებაა“, – ამბობს თამუნა.

პედაგოგიური ფაკულტეტის მეოთხეკურსელია ქეთი მუშკუდიანიც. პედაგოგიური პრაქტიკის გავლა მასაც შერეული მეთოდით მოუწია- ნაწილი სკოლაში, ნაწილი კი ონლაინ. შესაბამისად, კარგად დაინახა ორივე მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ერთმანეთთან შედარების საშუალებაც მიეცა. ამბობს, რომ სკოლაში გავლილი პრაქტიკა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რამაც მას საკმაოდ ბევრი რამ მისცა.

„ჩემი თავი მასწავლებლის ამპლუაში დავინახე. ბავშვებთან პირდაპირი ურთიერთობა მქონდა. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სკოლაში სიარული მნიშვნელოვანია, რადგან ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით უკუკავშირი ნაკლებად ხდება. თუმცა, მე ონლაინ გაკვეთილებითაც კმაყოფილი ვარ, მასწავლებლები თავს არ ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეებს ყველა საკითხი აუხსნან“, – ამბობს ქეთი.

ის ფაქტი, რომ მიმდინარე და გასული წლის კურსდამთავრებულებმა სრულფასოვანი პედაგოგიური პრაქტიკის გავლა ვერ შეძლეს, ქეთის აზრით ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან პრაქტიკის სხვა სახის ცოდნით ჩანაცვლებაც რთულია. იგი ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგაც კი თანახმა იქნებოდა სკოლებში პრაქტიკის ანაზღაურებაზე, თუკი ამის შანსი მიეცემოდა.

„პედაგოგიური პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც შენს მომავალ პროფესიას ეზიარები, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებს დაინახავ. პრაქტიკამ მომცა გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის, მიდგომების, მეთოდების გამოყენების და სხვა. მე კიდევ მიწევს პრაქტიკა მეორე ვიმედოვნებ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება და სკოლაში შესვლის საშუალება გვექნება“, – დასძენს ქეთი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მდგომარეობა გაცილებით რთულია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დედაქალაქში მდებარე უნივერსიტეტებში სწავლობენ. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, მათმა უმეტესობამ პედაგოგიური პრაქტიკის სკოლაში გავლა მცირე დროითაც კი ვერ შეძლო.

თიკო ცუცქირიძე (ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი): „პრაქტიკები საერთოდ არ გვიტარდება, გააუქმეს. ჩვენთან საგნებს თან ახლავს პრაქტიკის კურსები. მაგალითად, გავდივარ სამოქალაქო განათლებას და თეორიულ კურსთან ჩაშენებულია პრაქტიკაც, რომელიც გააუქმეს და შეცვალეს დავალებებით, ვიდეო გაკვეთილებით. სკოლებში არ გვქონდა შესვლის უფლება, დისტანციური პრაქტიკა კი საერთოდ ვერ განახორციელეს. არ ვიცი რატომ. მგონი, ლექტორების გადასაწყვეტი იყო გააუქმებდნენ თუ არა.

„ამ დავალებებითა და ვიდეოგაკვეთილებით უბრალოდ გაკვეთილებს ვაფასებთ, ვიგებთ როგორია კარგად ჩატარებული და ცუდად ჩატარებული გაკვეთილი, თუმცა ეს პრაქტიკას ვერ ცვლის. არ გვაქვს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კონტაქტი, მასწავლებლებს შეკითხვებს ვერ ვუსვამთ და ა.შ. მეორე სემესტრში პირდაპირ პრაქტიკის კურსი გვაქვს და არ ვიცი როგორ გავივლით. ვფიქრობ, იგი ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვიცი რამდენად ვიქნები სკოლაში შესასვლელად მზად ამის გარეშე“.

რუსკა თურმანაული (ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი): „სამი საგნის პრაქტიკა მოვასწარით, რამდენიმე საგანი კი უკვე გავიარეთ პრაქტიკის გარეშე, ონლაინ. ამ საგნებში პრაქტიკას აღარ გავივლით. ზოგში ვიდეოგაკვეთილებს ვუყურეთ და ისინი შევაფასეთ. ერთგვარი პრაქტიკის ჩანაცვლებაა თუმცა, რა თქმა უნდა, რეალური პრაქტიკისგან ძალიან შორსაა. უბრალოდ, ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ არის.

„ჩვენი ცოდნის მხრივ ეს ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. რეალურ გაკვეთილებზე დასწრება, სწავლების სხვადასხვა სტილზე დაკვირვება სულ სხვაა. ვიდეოგაკვეთილები იშვიათად არის ბუნებრივი, რეალურთან ახლოს, რადგან დადგმული და ხელოვნურია. ჩემი აზრით, პრაქტიკის ანაზღაურება, თუნდაც სწავლის დასრულების შემდეგ, აუცილებელია, რათა მყარი ცოდნა გვქონდეს და არა ზერელე და მხოლოდ თეორიაზე დაფუძნებული. მე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტზე ვსწავლობ და ვისურვებდი ასევე გაგრძელდეს, რადგან დიდი სურვილის მიუხედავად, უმეტესობას პრაქტიკაში თანხის გადახდა არ შეუძლია. ასე რომ, თუ აანაზღაურებენ პრაქტიკას, იგი საფასურის გარეშე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში იშვიათი იქნება ისეთი სტუდენტი, რომელიც ამას დათანხმდება“.

როგორც პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე გვეუბნება, პრაქტიკის დროს სტუდენტი კვლევასაც ატარებს და იმ კვლევის შედეგების განზოგადება ხდება.

„ახლა კი რომელ კვლევაზე იყო ლაპარაკი? სხვა საგნებში, შესაძლოა, დისტანციური მეთოდი ამართლებს, მაგრამ როცა პედაგოგიურ პრაქტიკასა და ბავშვებთან ცოცხალ ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი … რა გითხრათ აბა. უბრალოდ, როცა მეტი გამოსავალი არ არის, შექმნილ ვითარებას უნდა მოერგო“, – ამბობს ის.

ჩვენს კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამ პროცესში მასწავლებლის სახლის როლი, იგი გვპასუხობს, რომ მასწავლებლის სახლი უფრო გადამზადებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს, მომზადება კი უნივერსიტეტისა და პედაგოგიური ფაკულტეტის საქმეა, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ამ ორი წლის კურსდამთავრებულებს მაინც საკმაოდ დიდი დანაკლისი ექნებათ.

„დისტანციურად გავლილი პრაქტიკა დაახლოებით იგივეა, ექიმები პაციენტებს დისტანციურად რომ მკურნალობენ“, – დასძენს იგი.

ამ მომენტისთვის გაურკვეველია თუ რა ბედი ეწევა სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლების პროცესში გათვალისწინებულ პრაქტიკულ კურსს. თუმცა ზარალი, რომელიც ჩვენს რესპონდენტ სტუდენტებს უკვე მიადგათ, სახეზეა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური